2012 წლის 25 მარტს გერმანიაში, ზაარლანდის ფედერალურ მიწაზე არჩევნები შედგა. მოსახლეობა საარლანდის პარლამენტის, ლანდტაგის (Landtag) 51 წევრს ირჩევდა. რეგიონი სამ საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი (ზაარბრუკენი, ნეუნკირხენი და საზრლუისი), პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
ტრადიციულად, ზაარლენდის მოსახლეობის ხმებისთვის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ეცილებიან ხოლმე ერთმანეთს. ზაარლანდში სოციალ-დემოკრატები, ოსკარ ლაფონტაინის ხელმძღვანელობით, მმართველობაში იყვნენ 1985 წლიდან 1999 წლამდე, სანამ პარტიის წარმომადგენელი ამ ფედერალურ მიწაზე არ დამარცხდა პიტერ მიულერის ქრისტიან დემოკრატების მიერ. ეს პარტია კოალიციური გაერთიანების გარეშე იყო მმართველობაში 1999-2009 წლებში. 2009 წელს ზაარლენდში არჩევნები ფედერალურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შედგა, მაშინ პიტერ მიულერის ქრისტიან დემოკრატებმა ხმათა 13% დაკარგეს და საარჩევნო ბრძოლა 34.5%-ით და 19 ადგილით დაასრულეს. ამავდროულად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მთელი გერმანიის მასშტაბით 2009 წელს 1955 წლიდან ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა ამ მიწაზე - მხოლოდ 24.5% (2004 წლის ასევე ცუდ შედეგთან შედარებით 6%-ით ნაკლები).
სოციალ-დემოკრატიული პარტია საკმაოდ დაზარალდა თავისი ლიდერის, ოსკარ ლაფონტაინის მშობლიურ ქალაქში პოსტ-კომუნისტური მემარცხენე სოციალისტური პარტიის გამოჩენით. მაშინ მემარცხენეებმა ხმათა 21% აიღეს. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ხმათა 9% მიიღო. მემარცხენე „წითელი-წითელი-მწვანე“ კოალიციის ჩამოყალიბების პროცესში (სოციალ-დემორკატიული პარტია, მემარცხენეები და მწვანეთა მოძრაობა), თავი იჩინა ამ ტიპის კოალიციისთვის დამახასიათებელმა სირთულეებმა - ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მემარცხენე პარტიას, შესაძლოა, ვერ მოეხერხებინა შეთანხმება იმ დონეზე, რომ მემარცხენე კოალიციური მთავრობა ჩამოეყალიბებინათ. საბოლოოდ, პიტერ მიულერმა მაინც მოახერხა ისტორიული კოალიციის ჩამოყალიბება, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატიულ მოძრაობას და მწვანეებს აერთიანებდა.
მიულერი 2011 წლის აგვისტოში გადადგა და მისი ადგილი ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერმა დაიკავა. თავისუფალ დემოკრატიულ პარტიაში წარმოქმნილი შიდა დაპირისპირების გამო კოალიცია 2012 წლის იანვარში დაიშალა. ვინაიდან არ მოხერხდა სოციალ-დემოკრატებთან მოლაპარაკება და დიდი კოალიციის შექმნა, დაინიშნა ვადამდელი რეგიონალური არჩევნები, რომლის შედეგები ასე გამოიყურება:
- ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი 35.2%, 19 ადგილი (ცვლილების გარეშე)
- სოციალ-დემოკრატიული პარტია 30.6% (+6%), 17 ადგილი (+4)
- მემარცხენეები 16.1% (-5.1%), 9 ადგილი (-2)
- მეკობრეთა პარტია 7.4% (+7.4%), 4 ადგილი (+4)
- მწვანეთა პარტია 5% (-0.9%), 2 ადგილი (-1)
- გერმანიის ოჯახური პარტია (Familie) 1.7% (-0.3%), 0 ადგილი (ცვლილების გარეშე)
- თავისუფალი დემოკრატიული პარტია 1.2% (-8%), 0 ადგილი (-5)
- ნაციონალ-დემოკრატიული პარტია 1.2% (-0.3%), 0 ადგილი (ცვლილების გარეშე)
- „თავისუფალი ამომრჩევლები“ 0.9% (+0.9%), 0 ადგილი (ცვლილების გარეშე)
ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა საკმაოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა მაშინ, როდესაც სოციალ-დემოკრატიებმა წინასაარჩევნო მოლოდინებზე ნაკლები შედეგი აჩვენეს - გამოკითხვების თანახმად, არჩევნებამდე ეს პარტია ქრისტიან-დემოკრატებს 34%-იანი მხარდაჭერით უსწრებდა. ARD-ს კვლევის თანახმად, მაშინ, როდესაც პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებისგან და მემარცხენეებისგან 7000 ამომრჩეველი გადაიბირა (ასევე, 8000 - თავისუფალი დემოკრატიული პარტიისგან და 6000 - მწვანეებისგან), ამავდროულად, დაკარგა 7000 ხმა, ვინაიდან ამომრჩევლებმა თავის შეკავება არჩიეს (საერთო ჯამში, აქტივობამ 2009 წლის შემდეგ 6%-ით იკლო), ხოლო პარტიის 3000-მა პოტენციურმა მხარდამჭერმა მეკობრეების პარტიას მისცა ხმა.
მეკობრეთა პარტიამ სენსაცია გასულ წელს, ბერლინის რეგიონალურ არჩევნებზე მოახდინა, სადაც მეხუთე უმსხვილეს პარტიად მოგვევლინა ხმათა დაახლოებით 9%-ით და 15 ადგილით ფედერალური მიწის პარლამენტში. ბერლინი მეკობრეთათვის იდეალური ტერიტორიაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მწვანეებმა იქ ფაქტობრივად ჩააგდეს წინასაარჩევნო კამპანია. მეკობრეებმა მხარდაჭერა ძირითადად იმ ახალგაზრდა მამაკაცებისგან მიიღეს, რომლებსაც წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ასევე - იმ ახალგაზრდა მემარცხენე ამომრჩევლებისგან, ვინც წინა არჩევნებში მწვანეებს, მემარცხენეებს ან სოციალ-დემოკრატებს უჭერდა მხარს. მეკობრეების წარმატებას ბერლინში მთელი გერმანიის მასშტაბით მოჰყვა გაგრძელება.
ზაარლანდში მეკობრეების წარმატება ადგილობრივი ფაქტორითაა გამოწვეული: მემარცხენე „მწვანე ამომრჩეველმა“ მწვანეთა პარტია იმის გამო დასაჯა, რომ პარტია მემარჯვენეებთან შევიდა კოალიციაში - ეს ერთგვარი უტყუარი რეცეპტია მწვანეთა კრახისთვის.
ეგზით-პოლები ყოველთვის ძალიან საინტერესოა მეკობრეთა ფენომენის ანალიზისთვის. მათ დაახლობით 23% მიიღეს იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც პირველად აძლევდნენ ხმას (მამაკაცებისგან 27%), და აშკარად უკეთესი მაჩვენებელი (22%) აქვთ ახალგაზრდებს შორის 18-დან 24 წლამდე. შედარებით დაბალია მხარდაჭერა 60 წელს გადაცილებულ ელექტორატში (2%). როგორც ბერლინში, მეკობრეებმა აქცენტი აქაც მემარცხენე ამომრჩეველზე გააკეთეს - დაუსაქმებელ და მუშათა კლასის წარმომადგენელ მოსახლეობაზე. მეკობრეებმა ხმათა 9% მიიღეს უმუშევართა შორის, და 11% - დასაქმებულთაგან. ამ მხრივ, მეკობრეებს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, ვიდრე მწვანეებს, ვინაიდან ისინი ფოკუსს დაუსაქმებელ და დაბალშემოსავლიან ახალგაზრდებზე აკეთებენ.
ტრადიციული გერმანული ხმების ტრანსფერის ანალიზი საკმაოდ ჭკუის სასწავლებელია. მეკობრეთა პარტიამ 8000 ხმა მიიღო იმ ამომრჩევლებისგან, ვინც, როგორც წესი, პასიურობდა ხოლმე, და 7000 ხმა მათგან, ვინც 2009 წელს მემარცხენე პარტიებს უჭერდა მხარს. რაც შეეხებათ მწვანეებს, მათ 2009 წელსაც საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენეს, რითაც შესაძლოა აიხსნას ის ფაქტი, რომ მეკობრეებთან მათ დამარცხებას აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, აშკარაა, რომ მათ ახალი მხარდამჭერები არ მოუზიდავთ, თუმცა მთელი 12.000 ამომრჩეველი „გადასცეს“ ქრისტიან-დემოკრატებს, ასევე დამატებით 9000-მა მათმა პოტენციურმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა თავი შეეკავებინა ხმის მიცემისგან.
საბოლოო ჯამში, გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის სათავეშიც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერია, სულ მალე ახალი მთავრობის ფორმირებას შეუდგება.