საქართველოს მიშკურთხეული ხელისუფლება ნატურალიზაციის მიზნით ეძებს უცხო ქვეყნის არამოქალაქეს (შეიძლება იყოს უცხოპლანეტელი, მაგრამ – საქართველოს არამოქალაქე, ოღონდ – მოქალაქეობის ჟინით აღტყინებული).
აღნიშნული მოთხოვნის გაჩენა წარმოშვა პოლიტიკურ-სამართლებრივი ბატალიებისათვის როგორც იუსტიციის და პროპაგანდის სამინისტროს, ასევე – მთავრობის ერთგული, პატრიოტულად დამოუკიდებელი მედიისა, და სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ საკმარისი არგუმენტაციითა და კონტრარგუმენტაციით აღჭურვის მზარდმა საჭიროებებმა. აღნიშნული პირის კანდიდატობაზე დამაკმაყოფილებელი სუბიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყონებლივ და საიდუმლოდ დაუკავშირდეთ იუსტიციის და პროპაგანდის სამინისტროს უცხო ქვეყნების არამოქალაქეების უსწრაფესად ნატურალიზაციის უზენაესს სამსახურს (e-mail:DidArsMisha@natural.ge), ან ნატურალიზაციაასრულების სპეცდანიშნულების რაზმს (e-mail: specnaz@natural.ge) . სანატურალიზაციო პირის საბოლოო იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია მისი CV, დიგიტალური ფოტოსურათი 6 ხედში (წინხედი, უკანხედი, ზედხედი, ორივე გვერდხედი და ქვედხედი), უახლოესი ნათესავების (მე-6 მუხლამდე) სანდოობითი დახასიათებები და ქონებრივი დეკლარაციები. ნატურალიზაციის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პირს არ გააჩნდეს ქონება. ან – გააჩნდეს ქონება (რაც მეტი, მით უკეთესი), მაგრამ არ გააჩნდეს გონება. ან – გააჩნდეს ქონება, ცოტაოდენი გონება, მაგრამ არ გააჩნდეს პოლიტიკური ამბიცია, რომლის მომავალში შესაძლო გაჩენა მომენტალურად დაბადებს ნატურალიზაციის პროცესში მყოფი, ან – უკვე ნატურალიზებული მოქალაქის სრული [ნაწილობრივი!] დენატურალიზაციის აუცილებლობას, აქედან გამომდინარე განმოქალაქეობის აქტის პროცედურულად ჩატარებით, ან მის გარეშეც – ავტომატურად. სასურველია, პირმა იცოდეს რომელიმე ენა (ქართული არაა სასურველი -პოლიტიკური ამბიციის გაჩენის ამბავში), სასურველია იყოს ნასამართლები ან ჰქონდეს რაიმე სხვა მადისკრეტირებელი ფაქტი (პოლიტიკური ამბიციიის გაჩენის პრევენციისათვის), სასურველია იყოს უოჯახო, უგვარო, უშვილო, უკბილო, უცხვირო, უძარღვო, უჯიგრო, უილაჯო, უსინდისო და უნამუსო! უცხო ქვეყნის არამოქალაქის როგორც ნატურალიზაციის, ასევე (საჭიროების აღმოცენების შემთხვევაში) დენატურალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი თავად დაფარავს - უკვე ნატურში და ცვეტში მონელებული ბედნიერი მოქალაქეების ხარჯზე, რასაკვირველია! ჰაილ, მიშა! (აღნიშნული დეკრეტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მარადცვლადი კონსტიტუციის „ტყ“, „ტრ“ და „ყ“ პარაგრაფებთან, ასევე – ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ეუთოს და ვენეციის კომისიის შესაბამის დახურულ დოკუმენტებთან და SMS კომუნიკაციებთან). |