“ამაოებას ამოება!” (საპირველაპრილო რეპორტაჟი საზეიმო აღლუმიდან)

“ამაოებას ამოება!” (საპირველაპრილო რეპორტაჟი საზეიმო აღლუმიდან)

ლაპარაკობს და უჩვენებს ყველაზე ბედნიერი და რეფორმატორი ქვეყნის ყველაზე უფრო ინფორმანტი სამთავიზია!

ვიწყებთ საზეიმო რეპორტაჟს მსოფლიოში ყველაზე უფრო ლამაზი ვარდების მოედნიდან, სადაც უნდა ჩატარდეს [სხვათა] კორუფციის ყველაზე უფრო მეტად შემმუსვრელი მთავრობისა და მისი ყურმოჭრილად ერთგული ხალხის სახალხო ჩაფსკვნა-ჩახუტების ეროვნული აღლუმი.

იაზონის გემის მოდელის ფორმის მქონე ტრიბუნაზე, რომელიც მორთულია ამერიკის, თურქეთის, ევროკავშირის, სინგაპურის, ირანის და [ახლა უკვე] სამხრეთ კორეის დროშებითაც, გამწკრივდნენ ჩვენი მდგრადი განვითარების მედროშეები, ერის მამები და დედები, ერის ვარსკვლავბიჭუნები და გოგოტაკუცუნები, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში იგივე როლი ითამაშეს, რაც ჯორჯ ვაშინგტონმა, ჰორაციო ნელსონმა, ეკატერინე მედიჩიმ, ქემალ ათათურქმა, პაკ ჩონგ ჰიმ და ლი კუანმა – თავისი ხალხებისა და ქვეყნებისათვის. ჩვენი სათაყვანო (ათა)თურქები და (ლი)კუანები!..

მზერა მიაპყარით ჩვენი ხელმძღვანელი პირების შთაგონებულ სახეებს და წამსვე მიხვდებით, რა დიადია ჩვენი ქვეყანის დღევანდელი დღე – უძირო, ვერა ქობალიას ზღვისფერი თვალებივით და თვალუწვდენელი, – კახა ბენდუქიძის ტორსივით! უკიდეგანო – კობა ხაბაზის ინტელექტივით და არნახული – აკაკი ბობოხიძის ზრდილობასავით! პალიკო კუბლაშვილის შუბლივით უხინჯო და ენერგიული - აკო მინაშვილის ნიკაპივით (ქვემდებარე სტრუქტურებზე რომ აღარაფერი ვთქვათ!). ტრიბუნაზე დგანან ჩვენი ქვეყნის ხერხემალი ვანო და ტიტანი ბაჩო, ჩვენი სამართლის ყადი ადეიშვილი და ჩვენი უსაფრთხოების საფრთხე – გიგა ბოკერია-ჩერგოლეიშვილისა (თავისი ძირითადი ნახევრით)! ერის აღმავლობაზე გათენებულ ღამეებში თმადავერცხლილი ერთდროს ღიმილიანი გილაური და რუსეთის პასპორტის ძნელადუარმყოფელი კაცი-ლეგენდა ვაშაძე!.. მათ ვაშ-კაცობაზე და გაუგონარ-უნახავ პატიოსნებაზე, მათ გაღლეტილ ქონებრივ მდგომარეობასა და შეუვალ სინდისზე დგას დღეს ჩვენი ბედნიერება და მომავლის პიტალო იმედი!

და აი, ტრიბუნაზე მიდგმულ სამშენებლო კიბეზე არბის ჩვენი ერის პატრონი!

თავის ქონებრივ დეკლარაციაში მთელი ქვეყნის შემტანი, ჩვენი ჰანიბალი და ჩვენი ლე კორბუზიე, ჩვენი სირანო და ჩვენი მიუნჰაუზენი! ერის იმედი და დედის იმედი! იგი, რომელმაც გველეშაპს მოსტაცა მთვარე… და მკვიდრად დაეპატრონა! იგი, რომელმაც წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო [ქვეყნის ხარჯზე] და რომელმაც ნიღაბი ჩამოხსნა მედუზა გორგონას!.. და ეს ნიღაბი უყოყმანოდ ქართველ ხალხს დაანახა!

- მეფეთ მეფე ავლაბრისა და ანაკლიისა, ლაზიკის მახვილი, აღმშენებელი ი-ბერიისა და კირითხურო სიღნაღისა, ბათომისა და მესტიისა, უშბის გამნათებელი და ოშკით გაბრწყინებული, შუქურა ალექსანდრიისა და დემოკრატიისა, ერის ქურციკი მთავარსარდალი, ახალქართველთა სულის არქიტექტორი, ერის ციხეთმშენებელი და მეციხოვნე უპირველესი, ყოველთა გლახაკთა და გაღლეტილთა იმედი, – მიხეილ (მიშა) პირველი! და უკანასკნელი!!!

ქალაქის მერი, რომელიც ერთდროულად აღლუმის ცერემონმაისტერია, საზეიმოდ აღმართავს ცერს ზემოთ, რაც იმის ნიშანია, რომ ნაგვით განათებული დედაქალაქის ბედნიერ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ გამოხატონ უდიდესი მადლიერება მმართველი პარტიის მიმართ.

და აი, ვარდოვანი საქართველოს ჰიმნის – „დარია თუ ავდარიას…“ ჰანგებზე კოლონები დაიძრნენ…

აღლუმს ტრადიციულად ხსნის ერის მაცოცხლებელი არტერიების ვარდისფერი სისხლი – ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. მწყობრად მოდიან კოლონები. მათ წინ მოუძღვებათ სპორტულ პიჟამოებსა და ტრიკოებში გამოწყობილ სახელოვან ნაცთა ოცეული – გივი თარგამაძის, ნუგზარ წიკლაურის, ლაშა თორდიას, ხათუნა ოჩიაურის, ეკა ხერხეულიძის და სხვათა პატივსაცემი გვამები…, გამოჩნდა ალექსანდრა კოლონტაის სახელობის კალთამადლიან ბანოვანთა რაზმეული, რომელთაც ფართოდ გაუშლიათ ტრანსპარანტი – “რა დროშა მოგვცა პარტიამ, წითელი, გრძელტარიანი”… ვის არ ააღელვებს მარადუჭკნობი მაია ნადირაძის, მარადნორჩი ალანა გაგლოევას, მარადმზარდი სოფო ნიჟარაძის, მარადმორცხვი ეკა ზღულაძის, მარადმკბენი დოქტორ დოტის ხილვა… განსაცვიფრებელია ერის მენეჯერთა სულიერი სიმტკიცის სადარაჯოზე მყოფ ამ ინდუსტრიის დაუღალავ მუშაკთა ენერგია და მარგი ქმედების კოეფიციენტი…

ტრიბუნებს მტკიცე ნაბიჯით ჩაუარეს პარლამენტართა დაუდგრომელი სიდედრიონის – „აკოიანის“ წევრებმა – რა საოცარი და შესაშურია მათი სიმკვირცხლე და სიკასკასე?! არა! ერი, რომლის პარლამენტართა სიდედრებიც კი ასე შემართულნი არიან საკუთარი მონაპოვრის კბილებით [და პროტეზებით!] დასაცავად, ნამდვილად განწირულია მდგრადი განვითარებისათვის!

კოლონის არიერგარდში მოდიან ნაცური (ს)ექსპერტები – მარადიული სოსო ცინცაძე და სამარადისო ნიკა ჩიტაძე, თავიდან ფეხებამდე შევერცხლილი ალიკა რონდელი და “ბრიოში” გარეცხილი, უსუფთავესი ზურაბ ჯაფარიძე, ჭყიპინა ვასილ ჭყოიძე და სათნო თორნიკე შარაშენიძე… მათ ამაყად მოაქვთ ლოზუნგები: „მზად ვართ მარად, შენდა დასაცავად, ჩვენო მიშიკო!“ და „ყველანი მზად ვართ მინისტრობისთვის!“ მოედანს მოეფინა გია ნოდიას, თემურ იაკობაშვილის, კახა ლომაიას, ანდრო ბარნოვის, დავით დარჩიაშვილის ხატები… - რა ბედნიერებაა, როცა ერის ჰინტელექტუალური პოტენციალი ასე ძალუმად სცემს [ერს!]… რა ბედნიერებაა, ყველა დავალებისათვის მზადმყოფი მხცოვანი და ახალგაზრდა (ს)ექსპერტების ასეთი კოჰორტის ხილვა!..

კოლონას ასრულებს დიდეული სამეული – „ტროიკა“ – ოლეგ-სანდრო პანფილოვის, ქეთა გაბიანის და მიშა თავხელიძის შემადგენლობით. ბატონ ოლეგს მკერდს მიდებული აქვს ბათუმში მალე გასახსნელი მსოფლიოს პირველი საოცრების – ჭაჭის შადრევნის მაკეტი და მაისურზე აწერია – „მადლობა მშობელ პარტიას ყრმობის ოცნების ასრულებისათვის!“ ქალბატონი ქეთა ზურგით მოათრევს ბენზინის კანისტრას, რომელსაც აწერია – „უანგაროდ დავეხმაროთ ჭეშმარიტად გაჭირვებულ ლტოლვილებს“. ბატონ მიშას კი მოაქვს ტრანსპარანტი, რომელზეც ქართულად, ინგლისურად და ესპანურად აწერია ნაცმოძრაობის წმინდა სუფევა: „ჩვენთან არს ნავარო!“ ტრიბუნაზე მდგარი დიდი მიშა ღიმილით თავს უქნევს მომცროს და ცისკენ აპყრობილი თვალებით მიკროფონს ჩასძახის „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!“

ტრიბუნის წინ ჩაიარა ქართული სახელმწიფოს მთავარმა მიღწევამ – ქართულმა პოლიციამ. მათ უბადლო სიახლის დემონსტრაცია მოახდინეს – ქართული პოლიცია ზის საქართველოში აწყობილ ექსპერიმენტულ „გამჭირვალე“ ლიმუზინებში! დაე, ყველა ჰხედავდეს, ქართული პოლიციის მანქანებში როგორ „გამჭირვალედ“ მოძრაობს მარადგაძვირებადი საწვავი და ზეთი! არაფერი არ უნდა იყოს დამალული ქართველი ხალხის მზერისაგან! და ამის დასტურად ქართველი პოლიციელები „გამჭირვალე“ სამოსშიც არიან შემოსილები! პირველად მსოფლიოში მხოლოდ ქართველ ერს ეღირსა ბოლომდე ჩაწვდეს თავისი დამცველების ანატომიას! პირველად „100%-იანი გამჭირვალება“!… ეს უპრეცედენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში! და ალბათ არავისთვის საიდუმლო არ არის, ვის ეკუთვნის ამ გრანდიოზული ინოვაციის საავტორო უფლებები! სწორედ მას – ერის შთაგონების ევერესტს უძღვნიან თავის ტაშს სიამაყისაგან ალმურმოდებული პატრულის წევრებიც და ტრიბუნების წინ მოულოდნელად გამოჩენილი აკონკაგუადან დაბრუნებული (ნ)პატრიოტული ჰაქტის ავტორი ევერესტმპყრობელი “პადოშაც”. იგი, წერაქვით და თოკებით შეიარაღებული, მარტო მოათრევს განათებული უშბის მაკეტს, რომელსაც ამაყად აწერია: „აკონკაგუაც აღებულია, კრედიტიც – დაფარული!“

ახლა კი ტრიბუნის წინ გამოჩნდა ქვეყნის იმედის მთავარი იმედი – „მოგელანდეთა“ სპეცნაზი! კარდინალ რიშელიეს წერილებით აღჭურვილი, სუპერკივილის და ულტრადამცირების დიდოსტატი ნათია-ნიკიტების და ჯეიმს ბონდების ბატალიონი, რომელიც დაჯილდოებულია ტოტალური კონტროლის უნარ-ჩვევებით და მოქალაქეთა გაშიშვლების სპეცსაშუალებებით. მოდიან ისინი, ვინც უნდა ერი გადაარჩინოს ნაცმოძრაობის კრახისაგან (მიშა, გვიშველე!). ტრიბუნა ყიჟინით ხვდება ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგარ კომანდოებს. სწორედ მათ უნდა შეაჩერონ ერის ცნობიერებაში სამართლის, სიმართლის და თავისუფალი არჩევნის მავნე ვირუსების გავრცელება! სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ერისიმედის და დედისიმედის მარადიული უზენაესობა! მათ ტრანსპარანტებზე ამაყად სწერია: „ჩვენთან არს ვენეციის კომისია და მისი გამოგზავნილი SMS-ები!“

ტრიბუნას მიესალმებიან სამეგრელოს ტყეებიდან დროებით ჩამოყვანილი სპეცრეზერვის დივიზიები, რომელთა შორის ბარბაცით, მაგრამ მხარდამხარ მოდიან ბადრი ზარანდიას და ჯაბა იოსელიანის სახელობის ბატალიონები… აქ ერთად დგანან ტყის ძმა შენგელია და მინისტრის ძმა ჟორიკა რურუა! მათ შეჰფიცეს ქვეყნის ხელისუფლებას, რომ არასოდეს მიატოვებენ დაუცველად საქართველოს მოსახლეობას, რომ არასოდეს დაუშვებენ ამ მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვას… მოდიან ყოფილი და მომავალი კრიმინალები და ზონდერები, რომლებმაც კარგად იციან, რომ მათი ბედნიერი და გაბრუებული მომავალი მხოლოდ მათი მეზობლების და ნაცნობების ტოტალური კონტროლით მიიღწევა. მათ სამკლაურებს ახალი ლოგო ამშვენებს – ჰიბრიდული სიმინდი, ავტომატი და კანაფის ფოთოლი – ნაცური თავისუფლების ახალი სამება!

მძიმე ნაბიჯით მოდიან ბედნიერი ქართველი ტუსაღები და პრობაციონერები… წინ მოუძღვებათ სეფექალი ხათუნა კალმახელიძე და მისი კალმახებივით ალესილი მანდატურები. მათ ზურგს უმაგრებენ ზურა ადეიშვილის ფუშე-პროკურორები და მათ მიერ მოთვინიერებული გოშია-მოსამართლეები. მათი შინდისფერი ფორმები სისხლისფერია და მათ უბიწოებასა და მიუკერძოებლობაზე მიუთითებს. ეს არიან ახალი ცენტურიონები, რომელთაც უყოყმანოდ შეუძლიათ პენსიონერ მოხუცს მიუსაჯონ 1 წელი ორი ნაჭერი დამპალი ფიცრის ქურდობისათვის და ასევე უყოყმანოდ ემეტებათ 8 წელი 50 ლარის ქურდისათვის! მათ გარანტირებული აქვთ ხელშეუხებლობა. მათი ქუდების სარჩულის ქვეშ სათუთად არის ამოტვიფრული ამ ჰომინოიდების წარმომავლობა – „დამზადებულია ნაცმოძრაობაში და ნაცმოძრაობისათვის!“

ამ კოლონას ორგანულად მოჰყვება ქართველ სკოლის დირექტორთა კოლონა! მოდიან ლოტოტრონის შვილები, რომელთაც ჩვენი შვილები აბარიათ! რაოდენ სიმბოლურია, რომ კოლონის თავში მარშირებს ციხეების ყოფილი უფროსი, რომელსაც ორგანული ჭიპლარი აკავშირებს წინა კოლონასთან. სწორედ ეს საქართველოს დიდი განმანათლებელი – დიმიტრიოს შაშკინი არის საქართველოში მართლმსაჯულების და განათლების აღსრულების ჯაჭვის შემაერთებელი რგოლი! რაოდენ სიმბოლიურია, რომ წინა კოლონის მსგავსად ამ კოლონასაც მანდატურების მადლი სდის!

და აი, ბოლო პროფესიული კოლონაც გამოჩნდა – ხელში ბუშტებივით გაბერილი პრეზერვატივებით მოდიან ერის დამცველი ურნალისტები, წინ ნოდარიკო მელაძე მოუძღვებათ – ხელში ატატებული შერონ სტოუნის მემორიალური უნიტაზით, აქვე არიან მოდელირებული ქრონიკით ერის დამშოკავი და მერე სულიერი სიმშვიდის სათხოვნელად ეკლესიაში მოსიარულე ლაშა ხარაზიშვილი, ვაგლახდასრიალებული და ისევამოტივტივებული ნათია კობერიძე, ნაცმოძრაობის სანატრელად 87%-იანი რეიტინგის ამაყად გამხმოვანებელი ანუკა ქინქლაძე, სუპერპროფესიონალი სუპერდეზინფორმატორი თამარ ბაღაშვილი, მიკროფონის ომების გლადიატორი ლიკა ბერაია და მისი დაზვერვის შეფი - იდუმალი მაგი – მათე კირვალიძე, გარეგნულად სუფთა მედიალოგე, მარადმჭმუნვარე და მარამდმშვიდი (ახლა „ჰაია“ ვის არ მოსვლია!) პროფესორი დავით პაიჭაძე, პინგვინების და ბეღურების თემატიკის დედოფალი, თავად პინგვინივით მწყაზარი რეალ-გოგონა და ვინ მოთვლის, უძველესი პროფესიის კიდევ რამდენი ჭეშმარიტი პროფესიონალი… მათი ლოზუნგი ისეთივე შიშველი სიმართლეა, როგორც ქართული სტატისტიკა - „ჩვენ, ქართველ ურნალისტებს, ოღონდ „რედისონში“ ნომერი გაგვიშანსეთ და ვაზელინს და სხვა რამეებს თავად მოვიტანთ!“

დაბოლოს მასოვკა წამოვიდა – მოდიან ყვითელი ავტობუსებით მთავრობასთან შესაგებებელი ჩელენჯერები და ვოიაჟერები, მკოცნავ ბებიათა ასეულის სასიქადულო წევრები, ზაფხულში ვითომდასასქმებელი 500-ლარიანი ახალგაზრდები, შერონ სტოუნის სახელობის კეთილშობილ ქალთა ჰიმნ-აზიის მოწაფეები… მოდიან ბუქიანი პირველკლასელები – ლოზუნგით „მოვითხოვთ საპარლამენტო ასაკის 7 წლამდე დაწევას! ჩვენც გვინდა ნეტარება და ჯიპები!“… მოსრიალებენ შავჯიპიან მღვდელთა კავშირ „მამაო ოხროხინეს“ წევრები ლოზუნგით „ჩვენთან არს კალისტრატე! კალისტრატესთან არს მიშა!“ მოდიან უცხოელი სტუმრებიც – სამხრეთ კორეელები, რომლებიც 50 წელია ელოდებიან ლაზიკის მსგავს ქალაქს და აღმაშენებლის გამზირის მსგავს ქუჩას და რომელთაც არ ეღირსათ… თავშეხვეული ჩრდილოკორეელები, რომელთა ხვედრი ჩვენ არ გვეღირსა… ბურები, რომლებმაც ჩვენი მთავრობის მიერ აღთქმულ საქართველომდე ხუთივე კონტინენტი უშედეგოდ მოიარეს და რომელთაც მიშა ეღირსათ… სომხები, რომლებიც კიდეც ტირიან და კიდეც იცინიან, რომ მიშა არ ეღირსათ და ეღირსათ… მოდიან საქართველოში მინი კაბებით გაბედნიერებული ჩადრიანი ბანოვნები და საქართველოს ტყეებს დაწაფებული ჩინელები, მოდიან ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც რუსთავში ქართულის სასწავლებლად ჩამოვიდნენ… ამ მილეთის ხალხში ვარდებივით აქა-იქ ჩარგული მოდიან მიშასთან ერთად ბედნიერი მომავლის მშენებელი მასწავლებელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, პოეტი-მეწისქვილე კაკალაშვილი, ერთდროს ბაში-აჩუკი, მუდამ ბუბა, ერთდროს ლუჟკოვისტი [და ახლა მიშისტი] მონუმენტალისტი, ვენერა ბებო, რეჟისორი „დუტიი“ და რეჟისორი „ყველაფერი კარგად იქნება“…

და არის კიდეც! ყველაფერი კარგად კი არა – გენიალურადაც არის! როგორც ყოველთვის იყო და იქნება იქ, სადაც ბედნიერება გარანტირებულია ხელისუფლების მიერ… მოდის „მასოვკა“…

ისმის სიმღერები თანამედროვე საქართველოზე, ანუ – მიშაზე და პოლიციაზე… „სადაც კიოდა მგელი და ტურა, ჩვენ ავაყვავეთ იქ ლაზიკუ(ტუ)ნა…“

დაბოლოს, დაცარიელებულ რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდა პროცესიის დამასრულებლები, შავებში განძარცული სამი გრძნეული მოგვი – მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი… მთელი მოედანი გაიყურსა, ყველა მონუსხულივით უყურებდა, როგორ იდუმალად დაატრიალეს მათ თავისი ჯადოსნური ხელჯოხები, გაშალეს კარტი, ჰყარეს კოჭი, ხელი ჩაჰყვეს სრულიად შავ ურნაში და იქედან ამოღებული გაშალეს და აღმართეს საკრალური ტრანსპარანტი, რომელზეც უხილავი ასოებით შუმერულად ეწერა – „ჩვენ მოვგვით!“

მოედანზე ბუკს და ნაღარას დასცეს. ცა ფეიერვერკმა გაანათა…

აღლუმი დამთავრდა… (მი)შა-ბაში დაიწყო…