ვინ ქმნის სამეგრელოში შეიარაღებულ ფორმირებებს - ირაკლი ალასანიამ გვარები დაასახელა

ვინ ქმნის სამეგრელოში შეიარაღებულ ფორმირებებს - ირაკლი ალასანიამ გვარები დაასახელა

რამდენიმე დღის წინ დიპლომატებთან შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სამეგრელოში უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დროულად ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რადგან ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება.

დღეს ირაკლი ალასანია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის, თუმცა აცხადებს, რომ მას სრული ინფორმაცია აქვს სამეგრელოში შექმნილ შეიარაღებულ ჯგუფებზე, მაგრამ დეტალების განსაჯაროებას გარკვეული მოსაზრებების გამო ერიდება. კერძოდ, ალასანია აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რადგანაც საქართველო იმყოფება უკიდურესად დაძაბულ, პრაქტიკულად სამხედრო დაპირისპირებაში მეზობელ ქვეყანასთან და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების საგრძნობი ნაწილი. ამიტომ ალასანია არ აკონკრეტებს გარკვეულ დეტალებს, თუმცა ამ ინფორმაციას დღესვე უგზავნის საქართველოს უშიშროების საბჭოს სწრაფი რეაგირებისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ფორმირებებზე საუბარი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, მთელი სამეგრელოს მასშტაბით ასეთ ჯგუფებში დაახლოებით 500-მდე პირია გაერთიანებული. ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირადად ხელმძღვანელობს ამ ჯგუფების ჩამოყალიბებას, რაც პირადად მან დაავალა როლანდ, ბაჩო და დათა ახალაიებს. ასევე, ალასანია ასახელებს იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ადგილზე ხელმძღვანელობენ ასეთ ფორმირებებს.

ირაკლი ალასანია: „რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში ქმნის შეიარაღებულ  ფორმირებებს. არსებობს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას სურს გააგრძელოს განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერების და აქტივისტების დევნა და დაშინება, საჭიროების შემთხვევაში მათზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც უჭირდა ჩემს ქვეყანას, მათ შორის, სადაც საჭირო იყო, იარაღით ხელში. მაგრამ დღიდან ჩემი პოლიტიკაში მოსვლისა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვცდილობთ საქართველოში დავამყაროთ მართლაც ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ ერთადერთი, სამართლიანი არჩევნების გზით განახორციელებს.

სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი არ იზიარებს ამ ფუნდამენტალურ პრინციპს და  მართლაც შემაშფოთებელია, რომ სააკაშვილის უშუალო მითითებით დასავლეთ საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ყალიბდებოდა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებები.

ყველას კაგრად გვახსოვს, რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას შეიარაღებული ფორმირებების შექმნამ. 90-იან წლებში ვერც სახელმწიფო და სამწუხაროდ, ვერც სახელმწიფო ვერ აღუდგა წინ ასეთი ჯგუფების შექმნას, არ გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობირივი შეგნება და შედეგად მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება, რამაც ტრაგიკული შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია არის რეგიონის პროკურორი, მისი ერთ-ერთი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინიტროს შეიარაღებულ ძალებს, მეორე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს.

სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე ლამაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას და დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - ამბობს ირაკლი ალასანია.

მისივე თქმით, მის პოლიტიკურ გუნდს სამეგრელოდან ინფორმაციას აწვდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამ ქვეყნის პატრიოტები. შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“ ამოწმებენ ამ მონაცემებს და დღეს მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია ამ შეიარაღებული ფორმირებების დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ. ამასთანავე, ალასანია კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არ არის რეზერვისტთა ჯგუფები, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, რადგან „რეზერვისტები უნდა იყვნენ დარეგისტრირებული შესაბამის მონაცემთა ბაზაში, არ უნდა გადაადგილდებოდნენ შეიარაღებით და არ უნდა იღებდნენ ხელფასს, რადგან რეზერვი არის ნებაყოფლობითი. სამეგრელოში არსებული დაჯგუფებების წევრები კი არსად არიან რეგისტრირებულნი, ექვემდებარებიან სამართალდამცავი უწყებების კონკრეტულ თანამდებობის პირებს და არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“.

ალასანიას განცხადებით, ამ ადამიანებს აქვთ იარაღი და ერთადერთი დანიშნულება, რისთვისაც ეს ჯგუფები შეიქმნა არის ის, რომ სამეგრელოში ადამიანებს არ მისცენ თავიანთი პოზიციების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, კოალიციის წევრი ორგანიზაცია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, - ჩვენი მთავარი ამოცანა არის, არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენი იარაღი არის პრევენცია, საზოგადოების ინფორმირება და სწორედ ამიტომაც გავაკეთე ეს განცხადება და ამ დეტალურ ინფორმაციას ვუგზავნი უშიშროების საბჭოს. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და ამიტომაც გვჭირდება, როგორც სამეგრელოში, ასევე ყველა რეგიონში, მოქალაქეებს შიშის გარეშე, დაძალების გარეშე მიეცეთ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და საკუთარი არჩევანი გააკეთონ გულის კარნახით და იმ პრინციპებით, რომელსაც ესა თუ ის პარტია წარმოადგენს“- აცხადებს ალასანია.

ირაკლი ასალანია მიმართავს ამ დაჯგუფებების წევრებს და მოუწოდებს მათ, რომ არ გაჰყვნენ სააკაშვილს ამ ბრძოლაში, რადგან მათთვის მთავარი ყოველთვის იყო სამშობლო, სააკაშვილი კი ამ სამშობლოს აქუცმაცებს. ალასანიას შეფასებით, სააკაშვილი გამოიყენებს ამ ადამიანების ძალებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან მას უკვე ეშინია მოსალოდნელი არჩევნების შედეგების.

„ახლა კი მივმართავ პირადად სააკაშვილს - ჩვენი იარაღი არის საზოგადოების ინფორმირება, ჩვენი იარაღი არის პრევენცია და ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზანს ვისახავთ. არ არის საჭირო ეს ისტერიკა და შიში, რომლითაც დღეს სააკაშვილი მართავს ჩვენს სახელმწიფოს. მინდა მას პირადად ვუთხრა - დროზე გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რომელსაც მას ვუგზავნი, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ სასწრაფოდ დაიშალოს ეს შეიარაღებული ძალები. ეს არის როგორც ჩვენი, ასევე საზოგადოების მოთხოვნა და სწორედ ამიტომაც გავაკეთე პრევენციული განცხადება.

ჩვენ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით ვაპირებთ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას. ყველაფერი დანარჩენი, რაზეც ბოლო პერიოდში ლაპარაკობდა სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა, არის ტყუილი და ვეტყვი, რომ მას პირადად უკვე აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, რომ სასწრაფოდ დაშალოს  ეს ჯგუფები და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მისცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ მივმართავ (რომლებიც შანტაჟით, ფულადი დაინტერესებით, ან რაიმე სხვა ინტერესის გამო მოხვდნენ ამ ჯგუფებში), დადგნენ არა სააკაშვილის, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში. მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ და ის იარაღი, რომელიც დაურიგა მათ სააკაშვილმა, გადადონ გვერდზე და გამოიყენონ ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს, ეს არის თავისუფალი არჩევანის უფლება და ხმა, რომელსაც გამოიყენებენ არჩევნების დღეს“.

ირაკლი ასალანიას თქმით, ამ დაჯგუფებების წევრებს ხელისუფლება აფინანსებს უკანონო ნაღდი ფულით. კითხვაზე თუ რატომ ხდება ასეთი ჯგუფების შექმნა მაინცდამაინც სამეგრელოში, ალასანია პასუხობს, - „სამეგრელო წარმოადგენს საქართველოს ელექტორატის ძალიან დიდ ნაწილს. სწორედ ეს უკავშირდება არჩევნებს. იქ უნდათ დაშინებული იყოს საზოგადოება. ახალაიების კლანი დიდი ხანია შიშს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ჩვენ გვაქვს  საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისშიც იქმნება ასეთი დაჯგუფება. უახლოეს პერიოდში, როდესაც კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ ამ მონაცემებს, საზოგადოებას გავაცნობთ მათ.“