ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში, დაკითხვაზე არიან დაბარებული. 
საქმე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასა და კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებით მათ დაინტერესებას ეხება. ელისაშვილი ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წევრების ფინანსურ დაინტერესებასა და კორუფციაზე საუბრობს. ელისაშვილი პროკურატურაში დღეს გამოცხადდება. 
რაც შეეხება ზვიად ქორიძეს, როგორც მან "რუსთავი2"-თან საუბრის დროს განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები მას გუშინ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ჩამოვა, ის პროკურატურას თავად დაუკავშირდება. ქორიძის თქმით, თბილისში დაბრუნებას დღეს გეგმავს და არ არის გამორიცხული, პროკურატურაში დღესვე მივიდეს.