გიორგი მარგველაშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფუნდამენტური თემების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება

გიორგი მარგველაშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფუნდამენტური თემების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ფუნდამენტური თემების პოლიტიკურ დისკუსიაში კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 
საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად ხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. 
"მე არ დავიწყებ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებას. როდესაც გადავწყვეტთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფუნდამენტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეს დასაფიქრებელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ხდება, რომ ფუნდამენტური და ინსტიტუციური თემები პოლიტიკურ დისკუსიაში უცებ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. უცბად ხდება იმის აღმოჩენა, რომ თურმე არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის უშიშროების საბჭო, თურმე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტები. მათი ზედმიწევნით განხორციელება მნიშვნელვონია, რათა არ შეექმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე - ისაუბრეს თუ არა პრეზიდენტმა და საქართველოს პატრიარქმა ქვეყნის მოწყობის ტიპებზე შეხვედრისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი თავისთავად ცხადია და ამაზე კითხვები არ უნდა ისმებოდეს. 
"პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმების ხელის მომწერი. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი და სინოდი არიან ლეგიტიმურები, რომელთაც ერთად დაგეგმეს და მოაწერეს ხელი მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ ყველა იერარქი ამ შეხედულებას იზიარებს და მე არ დავსვამ შეკითხვას, საქართველო არის სეკულარული თუ რელიგიური სახელმწიფო", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.