ისედაც მიწებწართმეულ ქვეყანას, კიდევ უფრო დაუძლურების უფლება აღარ აქვს. როგორც კი იგრძნობენ არაკეთილისმსურველები „ხელსაყრელ სიტუაციას“, მაშინვე თავს წამოყოფენ ხოლმე. გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ამ პროცესს ის ქვეყანა დირიჟრობს, რომელსაც საერთაშორისი სამართლის იგნორირებით, ქართული ტერიტორიები აქვს დაპყრობილი.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შემდეგ, ჯავახეთი და ქვემო ქართლი მათთვის სათარეშოდ „მსუყე ლუკმად“ აღიქმება. ბოლო წლებში ამ რეგიონებში ანტისახელმწიფოებრივმა განწყობებმა შეუდარებლად იკლო. თუმცა, დაინტერესებული მხარე ცდას არ აკლებს, რომ ქვეყანა ახალი, რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს.
კერძოდ, რუსული გამოცემა „Новые хроники“-ის ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს“.
როგორც გამოცემა წერს, „ახალი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსგან დამოუკიდელობა სურს, შესაძლოა, თანამედროვე საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახკის ისტორიულ რაიონში ჩამოყალიბდეს“.
მისივე ცნობით, „ადგილობრივი დიასპორა საქართველოს ნატო-ს სამხედრო ბლოკთან მიერთების კატეგორიული წინააღმდეგია და პრეზიდენტ სააკაშვილის ამ საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, დამოუკიდებლობა გამოაცხადოს“.
„ნატო-ს წევრად გახდომით, საქართველო ავტომატურად თურქეთის მოკავშირე ხდება, რაც სომხებისა და სომხეთის ინტერესებისთვის მიუღებელია“, - ნათქვამია „რუსეთში ჯავახკის დიასპორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერი აგას არაბიანი აცხადებს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მოსკოვსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კი ამჟამად, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაძაბულია. იმ შემთხვევაში თუ ჯავახკში სამხედრო ბაზები გაჩნდება, ისინი სომხეთში არსებული რუსული ბაზისკენ იქნება მიმართული. კერძოდ, კი გიუმრის 102-ე ბაზისკენ. სომხეთისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში კი ამის მეგობრულ ნაბიჯად განხილვა, არ შეიძლება“.
ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „ჯავახკის რუსულმა დიასპორამ“ თბილისში „სურბ ნშანის“ ეკლესიაში მომხდარი ხანძრის გამო, რის შედეგადაც ტაძრის ერთ-ერთი სვეტი ჩამოინგრა, შეშფოთება გამოთქვა. ორგანიზაციამ მომხდარში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშულა და ხანძრის გამომწვევი პირის დასჯა მოითხოვა.
„ჯავახკმა“ ასევე მოითხოვა, რომ აღნიშნული ტაძარი სომხეთის სამოციქულო ეპარქიას გადაეცეს:
„თუ ეს ასე მოხდება, პირობას ვდებთ, რომ ტაძრის აღდგენისათვის საჭირო ფინანსებს ჩვენ მოვიძიებთ“, - ნათქვამია „ჯავახკის“ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ტაძარი დანგრევის პირასაა.
რაც შეეხება თბილისის „საგარეო–პოლიტიკურ კურსს“, სომხური მხარე გარკვეული ხეირის მიღებას აქედანაც ცდილობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა კონგრესმენებმა პრეზიდენტ სააკაშვილს „ჯავახკი“ სომხების დახმარების თხოვნით მიმართეს.
როგორც „News.am“ იუწყება, სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს ადამ შიფფსა და ჰოვარდ ბერმანს შეხვდა, რომელთაც პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, „ჯავახკების პრობლემას დიდი ყურადღება დაუთმოს“. გაზეთ „Asbarez“-ის ცნობით კი, მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, „მზადყოფნა გამოთქვა, კონგრესმენებთან იმუშაოს, რათა მომავალში ჯავახეთში დიდი რესურსები იქნას მიმართული“. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სრულად უჭერს მხარს აშშ-ის დამატებით დახმარებას რეგიონში“.
„მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტ სააკაშვილთან განხილვით. მან სრული მზადყოფნა გამოთქვა, ქართველი სომხებისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის შესახებ ჩვენს თხოვნას მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა შიფფმა. თავის მხრივ, ბერმანმა აღნიშნა, რომ „საქართველოში სომხური სათვისტომოსთვის თანასწორი უფლებებისთვის მომავალშიც იბრძოლებს“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები „ბორჩალოს საზოგადოებრივ პარლამენტს“ ქმნიან. ამის შესახებ „რეგნუმს“ (ცნობილია როგორც „სომხების სააგენტო“) საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა კონფედერაციის პრეზიდენტმა დაშგინ გიულმამედოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტის“ შექმნის იდეის განხილვის მიზნით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის რიგი შეხვედრები გაიმართა.
„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ეროვნული ასამბლეის“, „დიდი ერთობის ორგანიზაციის“, „საქართველოში თურქ ქალთა კომიტეტისა“ და „ბორჩალოს თურქ ახალგაზრდათა კავშირს“ შორის მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი“ უახლოეს პერიოდში შეიქმნება.
ამ მიზნით „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტის“ სპეციალური ქარტიის მიღების შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი მსურველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და არასამათავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პარლამენტში ერთი ადამიანით უნდა იყოს წარმოდგენილი.
როგორც გიულმამედოვმა აღნიშნა, „საზოგადოებრივი პარლამენტი ბორჩალოში მოქმედი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებას მოახდენს, რაც მათ პოლიტიკურ კონსოლიდაციას მოიტანს“.
ცნობისთვის, „ბორჩალო“ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე იყო. სახელწოდება მომდინარეობს დებედის ხეობაში XVII ს-ში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან. 1604 წელს შაჰმა აქ სახანო შექმნა, რომელიც XVIII ს-ში ქართლს დაუბრუნდა. 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბა შულავერში. იგი მოიცავდა წალკის, მანგლისის, თეთრი წყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონს.