ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება უკიდურესად იძაბება. ირანთან საერთაშორისო მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს და დასავლეთში ბირთული პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ გამორიცხავენ. კრემლში გულხელდაკრეფილნი არ სხედან და მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის დაპყრობის „სტრატეგიულ გეგმებს“ ამზადებენ.
ამ „გეგმის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება მასშტაბური სამხედრო წვრთნები „კავკასია– 2012“, რომელშიც არამხოლოდ რუსეთის სამხრეთი, არამედ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასევე სომხეთი იქნება მოცული.
მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, თბილისში პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ.
„იმ ფონზე, როცა რუსეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტრატეგიულ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“-ს გეგმავს, ახალი აგრესიის გამორიცხვა გულუბრყვილობა იქნება“, - აცხადებს საგარეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 200-მდე კითხვა მინისტრს რადიოსადგურის ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებმა დაუსვეს.
„ეს გაცილებით მასშტაბური სწავლებაა, ვიდრე „კავკასია 2008“. ამიტომ დღეს საქართველოსთვის, რომელიც გეოგრაფიულად რუსეთის გვერდითაა, სამხედრო აგრესიის განმეორების გამორიცხვა სრული გულუბრყვილობა იქნებოდა. რუსი სამხედროები აგრესიული სურვილების დამალვას არც ცდილობენ. რისთვის სჭირდებათ ეს? როცა ყაზანში ადგილობრივი შს მინისტრი იძულებულია დაამშვიდოს უკმაყოფილების ტალღა, რომელიც მილიციის განყოფილებაში უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას მოჰყვა და ხალხს სურს მილიციის ისეთი განყოფილების შექმნა, როგორიც საქართველოშია, რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს მსგავსი მეზობელი. მით უფრო არ სჭირდება დემოკრატიაში შეჯიბრი“, - აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ 300 ათასი რუსი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ამ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების მოწმეა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთს არ სურს საქართველოსთან კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნა: „სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოსკოვის განცხადება არა კომპრომისული გადაწყვეტილება, არამედ დიქტატია. საქართველოს მთავრობა დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ხალხებს შორის ურთიერთობის პირობების ნორმალიზებისთვის“.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსგან „სინდისის ქენჯნის“ გარეშე მოითხოვს კანონის შეცვლას. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გარეშე ჩავიდეს აფხაზეთში, საჭიროა, თავდაპირველად თბილისში ჩამოვიდეს, შემდეგ საოკუპაციო ხაზთან და თუ რუსი მესაზღვრეები შეუშვებენ, აფხაზეთში გადავიდეს.
პოლიტოლოგი, ზურაბ აბაშიძე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პათოსს ეთანხმება და აცხადებს, რომ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს: „ერთის მხრივ, ჩვენს ურთიერთობებში ძალიან ცუდი ფონია შექმნილი და მეორე მხრივ, თვითონ ამ ვარჯიშების უპრეცედენტო მასშტაბი, რაღაც შინაგანი შფოთვისა და განგაშის საფუძველს იძლევა. სამხედრო აგრესიისა ალბათობა ნამდვილად არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ 100%-ით დაგეგმილი აქციაა, მაგრამ რისკი და საფრთხეები რომ არის, ეს ფაქტია“.
პოლიტოლოგს, დრამატული ვითარების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება აუცილებლად მიაჩნია და ვაშაძის ამ განცხადებას თადარიგის დაჭერადაც აფასებს: „არის, ალბათ, თადარიგის დაჭერაც. საერთაშორისო საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს. ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, ყველა უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩვენს ქვეყანაში დრამატული მოვლენების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სარბიელზე ყველანაირი ზომები უნდა მივიღოთ“.
კითხვაზე, რა ბერკეტები რჩება ქართულ მხარეს, აბაშიძე განმარტავს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული გამოცდილების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენთან ერთად ფხიზლად უნდა იყოს: „მაშინ შეიძლება ვიღაცას კიდევ ჰქონდა ილუზია ან ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ საქართველო-რუსეთს შორის, ასეთი დრამატული ვითარება იყო, მაგრამ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ახლა მეტი არგუმენტი არსებობს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩვენთან ერთად ფხიზლად იყოს. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ომისთვის მზადებაა, მაგრამ ჩვენ თავი მაქსიმალურად უნდა დავიზღვიოთ“.
თავის მხრივ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“ ორ შესაძლო მიზეზს ასახელებს. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, წვრთნები განხორციელდება ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რუსეთმა მოახდინოს ძალის დემონსტრირება და თავის წარმოჩინება, ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მოახდინოს რეალურად იმ ძალების კოორდინაცია, რომლის განთავსებაც სამხრეთ კავკასიაში მან ოკუპაციის შედეგად მოახდინა.
ზაქარეიშვილის აზრით, წვრთნები ასევე მიმართულია რეგიონში ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ: „ეს წვრთნები მკაფიოდ გამოკვეთილი ძალის დემონსტრირებაა. პირველ რიგში ნატო-ს წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ნატო-ს ჯარები განლაგებული არის თურქეთში, თურქეთი კი ნატოს წევრია და ამას ემატება ის, რომ დასავლეთის დემოკრატიის ქვეყნები აპირებენ სერიოზულ ზეწოლას ირანზე, რაც არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციასაც. ის, რომ წვრთნები ტარდება არა მარტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ – სომხეთშიც, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს უნდა მსოფლიოს დაანახოს, თუ ვინ არის ბატონ-პატრონი ამ რეგიონში. ეს ძალის დემონსტრირება მიმართულია არა უპირატესად საქართველოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ რეგიონში. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს საქართველო იმაზე მეტად დააზარალოს, ვიდრე დააზარალა თავის ოკუპაციით“.
ამ ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2012 წლის ბოლომდე ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას ვარაუდობს. გამოცემა „კომერსანტის“ინფორმაციით, მათ ამ შემთხვევისთვის სპეციალურად შემუშავებული სტრატეგიიული გეგმაც აქვთ, რომელიც კავკასიაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციას შეაჩერებს. ანონიმური მაღალი რანგის რუსი დიპლომატის თქმით, ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შანტაჟს მოუწყობს და შეეცდება ჩაითრიოს ომში.
„ობამას აიძულებენ ან მხარი დაუჭიროს ომს, ან არჩევნებზე დაკარგოს გავლენიანი ებრაული ლობი“, - იუწყება „კომერსანტი“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობის პირზე დაყრდნობით.
რაკი რუსეთს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ომი დაიწყება, სპეციალურმა კომისიამ იმ შემთხვევისთვის, თუ საომარი მოქმედებები დსთ-ს ტერიტორიაზეც გადმოვა საიდუმლო ოპერატიული გეგმა შეიმუშავა. „კომერსანტი“ აცხადებს, რომ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ირანიდან აზერბაიჯანს დევნილების ნაკადი მოაწყდება. ყველაზე სახიფათო კი მათთვის ირანზე თავდასხმის შემთხვევაში კავკასიაში შესაძლო დესტაბილიზიაციაა - აცხადებს წყარო რუსული საგარეო უწყებიდან.
რუსეთის საიდუმლო გეგმის არსებობისა და მობილიზაციის შესახებ „კომერსანტს“ სხვა მაღალი რანგის დიპლომატმაც დაუდასტურა. მან აღნიშნა, რომ ამ გეგმაზე სპეციალურმა კომისიამ იმუშავა. გეგმის სახელწოდება და მისი შემქნელების ვინაობა კი არ ხმაურდება და ამ ინფორმაციას გრიფი - „საიდუმლო“ ადევს.
რუსული საგარეო უწყების წყაროს თქმით, აპრილში დაგეგმილი მოლაპარაკებები ირანსა და 6 საერთაშორისო მედიატორს(რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი,საფრანგეთი) შორის, ბოლო შანსია ირანისთვის აიცილოს ომი. ირანის ხელისუფლებისთვის ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს თხოვა. ლავროვსა და კლინტონს შორის ბოლო შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა.
მიუხედავად ამისა, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება მედიატორებს შორის შეხვედრას „ბოლო შანსი“ უწოდო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მდივანი სერგეი რიაბკოვის თქმით, „ეს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია და რომ „ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ამიტომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია გააუმჯობესოს“, - აცხადებს რიაბკოვი, თუმცა აღნიშნავს, რომ ირანში სიტუაცია იძაბება და „ესკალაცია სახეზეა“. მისივე განცხადებით, ომი არაფერს გამოასწორებს და ის ბევრ ქვეყანას მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
მედიატორებს შორის შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის, რომ შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ შესაძლო საომარი მოქმედებების საკითხი განიხილება, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგადა არის ცნობილი.
როგორც ჩანს, ამ საიდუმლო გეგმას უკავშირდება აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნები რომელიც მთელ კავკასიას მოიცავს.
რუსეთი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების - „კავკაზ -2012“ მომზადებას შეუდგა, რომელიც სექტემბერში უნდა გაიმართოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელი ანალოგიური მანევრებისგან განსხვავებით, ეს სწავლება გაცილებით მასშტაბურად და „პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“ ჩატარდება. ის არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთს, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ასევე სომხეთს მოიცავს.
წლევანდელი სწავლება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება და სახმელეთო ძალებთან ერთად, საზღვაო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო, ასევე შინაგან საქმეთა, უშიშროების, დაცვის ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ჩაერთვებიან.
წინა მასშტაბური სწავლება „კავკაზ-2008“ რუსული ინტერვენციით და ოკუპაციით დასრულდა. საქართველოსთვის კარგად ნაცნობმა გენერალმა ნეტკაჩოვმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავს კავშირს სომხეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან, რაც დაუშვებელია.
ნეტკაჩოვმა განაცხადა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რუსეთმა საქართველოზე, ძალით(!), უნდა გაჭრას კორიდორი სომხეთამდე. რუსი გენერლის განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთმა, სულ მცირე, მცხეთა-მთიანეთის, თბილისისა და ქვემო ქართლის ოკუპაცია უნდა განახორციელოს.