დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებებისა თუ ბანდფორმირებების არსებობის თემა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის მთავარ საგნად იქცა. ირაკლი ალასანიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შესაბამისი რეაქციები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ წრეებშიც.
„მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, რადგან, „ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები“, „ჩვენ ვიმართებით კრემლიდან“.
მისი ეს სიტყვები პარლამენტში და 3 დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი ჩარევის და თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქნება თავიდან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს,“ - ეს არის ნაწყვეტი იმ მიმართვიდან, რომელიც ირაკლი ალასანიამ „ქართულ ოცნებასთან“ დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე ელჩებთან გუშინ გააკეთა.
რატომ გახდა აქტუალური ეს თემა ახლა და არა 6 თვის წინ, როცა ეს საკითხი პრესის ფურცლებზე პირველად „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ გაახმაურა და დეტალების გაცნობის საშუალება presage.tv-ს მკითხველს სტატიიდან - „სამეგრელოს „ნებაყოფლობით“ აიარაღებენ“, ჰქონდა?! რატომ შეშფოთდა ხელისუფლება მხოლოდ ახლა და რატომ არ აქვთ ჟურნალისტებს იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც თუნდაც 3 თვის წინ დასვეს?! თავდაცვის სამინისტროს მიმართ presage.tv-ს კითხვები სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა ამავე უწყების მაღალჩინოსნებმა სამეგრელოს საჯარო სკოლებში პროექტის „დაიცავი შენი სახლის“ სახელით თავყრილობებს და ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრიანების მსურველთა შეკრებებს მოუხშირეს.
როგორ გეგმავს თავდაცვის სამინისტრო „ტერიტორიულ-ნებაყოფლობითი რეზერვის“ საშუალებით „ქვეყნის უსაფრთხოების ეფექტურობის გაზრდას“, რა რაოდენობით რეზერვი მომზადდება ყოველწლიურად, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება პროექტის განსახორციელებლად და სად იქნება იგი მოძიებული, არსებობს თუ არა რეზერვის მომზადების კონცეფცია და რატომ მოდის წინააღმდეგობაში თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოხალისე რეზერვისტების აღრიცხვიანობის შესახებ აქამდე არსებულ „სამხედრო სარეზერვი სამსახურის შესახებ“ კანონთან, რატომ აწარმოებს რეზერვისტთა აღრიცხვას თავდაცვის სამინისტრო და არა ადგილობრივი თვითთმართველობის შესაბამისი სამსახურები?- ეს ის კითხვებია, რომელსაც თავდაცვის უწყება დღემდე არ პასუხობს. მითუმეტეს, როცა მისი გასაჯაროვება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული უნდა იყოს. საიდუმლოს არც ის შეხვედრები უნდა წარმოადგენდეს, რომელიც საჯარო დაწესებულებებში იმართება და ჟურნალისტებისთვის მუდმივად დახურულია.
საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აქვე გთავაზობთ კახა მიქაიას მიერ presage.tv-სთვის რამდენიმე თვის წინ მიცემული ინტერვიუდან ამონარიდებს:
„ის, რაც 23-24 დეკემბერს ზუგდიდის N1 და N2 საჯარო სკოლებში მოხდა, დანაშაულია. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვნებზე, რბილად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მოახდინეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამხედრო უწყების მაღალჩინოსნებმა სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების გამოყენებით მოსწავლეებს შეკრებაზე მამების გამოცხადება დაავალეს. ფაქტობრივად, სასწავლო დაწესებულება „სამხედრო პროექტის“ მთავარ პროპაგანდისტად აქციეს. ყველა შეკრებას ეროვნული გვარდიის უფროსი, მამუკა იოსავა, დასავლეთის მიმართულების სარდალი, ზაზა ჯანჯალია, სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური ზვიად გაგუა და ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე ესწრებოდა. მთავარი მომხსენებელი კი ყველა შემთხვევაში სპეციალური რაზმების მეთაური კობა ახვლედიანი იყო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით თურმე 300-მდე ასეთი შეკრება გაუმართავს.
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გამართულ შეკრებას ჩვენი მოძრაობის წევრი გიორგი ჯღარკავა ესწრებოდა. ამიტომაც შემიძლია ციტირება გავუკეთო ახვლედიანის მიმართვას: „მერე რა, რომ ჩვენ ვქმნით გასამხედროებულ სახელმწიფოს. პირიქით, უკეთესია, რადგან სამხედრო ძალებზეა დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება... ნებაყოფლობითი რეზერვი იქმნება იმისათვის, რომ რეზერვგავლილი ადამიანი უკეთესად დაიცავს საკუთარ ქუჩას, უბანს, ქალაქს და რაც მთავარია ოჯახს. ამ ადამიანების ნაწილს შესაძლოა იარაღი თან გავატანო, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი კუთხის დაცვა, რადგან მახსენდება ის დრო, როცა ხალხი თოფით თუ თოფის გარეშე, შიშველი ხელებით იცავდა ქუჩასა და უბანს... ყველა უბანს დავუნიშნეთ მეთაურები, რომლებიც ხალხის და არა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ავირჩიეთ. ეს კოორდინირებულად მუშაობის საშუალებას მოგვცემს... მათ, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონტრაქტები დაარღვიეს, შეწყვიტეს მსახურება, დაეკისრათ ჯარიმები და სხვადასხვა სანქციები, ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრიანების შემდეგ ყველაფრისგან თავისუფლდებიან. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ნასამართლეობა ან პირობითი სასჯელი, უნდა მიეცეს საშუალება, რომ ქვეყანას ემსახურონ.
გახსნილია სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ამ ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის სამედიცინო მომსახურება და წამლები იქნება უფასო... ეს არის მინისტრისა და სხვა ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილება...“
რაც შეეხება ქალაქის N2 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ასევე ჩვენი მოძრაობის წევრი დათო სორდია, როგორც მოსწავლის მამა ესწრებოდა. დათოს გამოჩენისთანავე, მის გაკონტროლებას კუდის მაღალჩინოსნები შეუდგნენ და მთელი შეკრების მიმდინარეობის განმავლობაში გვერდში ეჯდნენ. ამჯერად, კობა ახვლედიანმა სრულიად საპირისპირო აზრები გამოთქვა თავის „მოხსენებაში.“ მან თქვა, რომ იარაღს ისინი არავის გაატანენ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა პოლიტიკური მიზნებისთვის და „პროექტი“ არ უკავშირდება არჩევნებს, არ ვაპირებთ ომს რუსეთთან, რომ ეს ყველაფერი ერის ერთიანობისთვის კეთდება და ეს, მას მხოლოდ ღალიძგასთან უნახავს.
შეკრების ბოლოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთ წევრს დათო სორდიასთვის საჯაროდ უკითხავს, მოეწონა თუ არა შეხვედრა. მისი პასუხი ასეთი იყო „ეს სრული დემაგოგიაა, წაიყვანეთ სააკაშვილი რეზერვში“...
სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუში თქვენ კობა ახვლედიანი კრიმინალური ბანდ-ფორმირებების მობილიზებაში დაადანაშაულეთ.
კობა ახვლედიანმა აბსოლუტურად ყველა შეკრებაზე მახსენა. უთქვამს, „ერთმა საპატიო ადამიანმა დამაბრალა, რომ მე თითქოს ვაგროვებდი ყოფილ მხედრიონელებს, ყაჩაღებს და კრიმინალებს რაღაც მიმართულებისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. მე შემიძლია შევხვდე ამ კაცს და ყველაფერი ავუხსნა“. ასეთი ირონიის მიუხედავად, თანახმა ვარ, შევხვდები ახვლედიანს, ოღონდ ერთი პირობით, თუ ისინი როლანდ, დათა და ბაჩო ახალაიებთან ერთად დაჯდებიან სახელისუფლებო ტელეარხების სტუდიაში და საჯაროდ ისაუბრებენ იმაზე, თუ რა იმალება ამ „პროექტის“ მიღმა. კობა ახვლედიანმა ფაქტობრივად აღიარა ურთიერთობები მოღალატე ზვიადისტებთან, კრიმინალ „მხედრიონელებთან“ და „ტყის ძმებთან.“ ის მზად არის გააერთიანოს ეს ფორმირებები თავის დაჯგუფებებში და სრულად აკონტროლოს ისინი...
გასამხედროებული სახელმწიფოს შექმნა და გასამხედროებული ფორმირებების გაძლიერება მიზანმიმართულად კეთდება პროვოკაციებისათვის, თუმცა რა ტიპის პროვოკაციაზე წავა მიხეილ სააკაშვილი, ვერ გეტყვთ...
მაქვს ინფორმაცია, რომ ხალხის რეზერვში იძულებით გაერთიანებას სამეგრელოს ძალოვანი სრუქტურების ხელმძღვანელები, თენგიზ გუნავა, ლევან ქირია, რუსლან შამახია და კუდ-ის ყოფილი უფროსი და ამჟამად გუბერნატორის მოადგილე, დავით დარსმელიძე უზრუნველყოფენ“.
რატომ გახდა აქტუალური შეიარაღებული დაჯგუფების თემა და რა ხდება დღეს სამეგრელოში?-ამ კითხვებით კვლავ კახა მიქაიას მივმართეთ.
„გეთანხმებით, ეს არ არის ახალი თემა... სააკაშვილმა უკვე დაასრულა ნებაყოფლობითი რეზერვის ეგიდით სამეგრელოს რეგიონში ბანდფორმირებების ჩამოყალიბება, სადაც გაერთიანებული არიან კრიმინალური წარსულის მქონე პირები, ყოფილი მხედრიონელები, „ტყის ძმები“ და სამწუხაროდ, ყოფილი „ზვიადისტები“. სამეგრელოში მიმდინარე პროცესები ჯერ მხოლოდ ლოკალურ ხასიათს ატარებს, ამ დაჯგუფებების მხოლოდ გადაადგილება შეიმჩნევა. ირაკლი ალასანიას მხრიდან ამ თემის აქტუალიზაციას მივესალმები. მართალია, ეს მოხდა დაგვიანებით, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
როგორც იცით, ეს საკითხი 6 თვის წინ გავახმაურე პრესაში და ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზეც ჟურნალისტება ხაზგასმით აღნიშნეს... დიახ, სააკაშვილი უკვე მზად არის სერიოზული პროვოკაციებისთვის საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
ვეთანხმები ირაკლი ალასანიას იმაშიც, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენებს ამ ბანდფორმირებებს, რომ კარგად ჩანს, თუ როგორი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სურს სააკაშვილს. იმისათვის, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენა გაიხანგრძლივოს, ყველანაირ პროვოკაციაზე წავა. არ გამოვრიცხავ ისეთი სცენარის განვითარებას, რასაც შეიძლება ოპოზიციური ლიდერების გატაცება, მკვლელობა ან გაურკვეველი სროლების სერია მოჰყვეს. ასეთი დადგმული სპექტაკლები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებში მოსვლამდეც ვიხილეთ ჩვენ ზუგდიდში და ნურც მომავალში გამოვრიცხავთ. დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეში ვირტუოზული შემსრულებელია და ამას ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ.“
Presage.tv გთავაზობთ ზუგდიდში გადაღებულ რეზერვისტების მობილიზაციის ამსახველ ვიდეოკადრებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს „ნებაყოფლობითი რეზერვი“ სავარაუდოდ სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაჰყავს. კადრებში ყმაწვილკაცებთან ერთად კარგად ჩანს გამოცდილი მებრძოლებიც, ახლო წარსულში არსებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები, ე. წ. პარტიზანები და ის ადამიანებიც, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ სისხლის დაღვრის ფასად გადმოიბირა...