დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მოვუწოდებ ბატონ კუბლაშვილს, ნუ აურევს თავგზას საზოგადოებას“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მოვუწოდებ ბატონ კუბლაშვილს, ნუ აურევს თავგზას საზოგადოებას“

ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და საარჩევნო კოდექსს განიხილავენ - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე სულ 10 თემაზე იმსჯელებენ. საქართველოსთან დაკავშირებით კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წევრები ერთობლივ მოსაზრებებს ორ საკითხზე დააფიქსირებენ: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც. სასამართლოს ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე განიხილება საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაესწრება.

ვენეციის კომისიის 90-ე სხდომა დღეს დაიწყო და მუშაობას ხვალ დაასრულებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის სხდომაზე საქართველოს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონისა და "საარჩევნო კოდექსის" განხილვაზე ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ორივე კანონზე კომისიას დასკვნა უკვე მომზადებული აქვს და მისთვის უცნობია, თუ რა უნდა განიხილონ სხდომაზე. მისივე ცნობით, არც ერთი კანონის პრინციპული შეცვლა აღარ იგეგმება.

ალბათ ყველას ახსოვს, გასული წლის დეკემბერში როგორ იქნა მიღებული ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“. თითქოსდა კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციების საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საკომიტეტო მოსმენებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამასთანავე, დასკვნა ვენეციის კომისიამ მართლაც დადო, მაგრამ არა კანონის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით, არამედ - იმ კანონპროექტზე, რომელიც მას პარლამენტმა გადაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც დეკემბერში ამ ცვლილებებს იღებდნენ, ხელისუფლება გაუთავებლად იმეორებდა, რომ სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისი ცვლილებები მიიღებოდა. რეალურად კი როგორც მოგახსენეთ, ვენეციის კომისიის დასკვნა ეხებოდა კანონპროექტს და არა საბოლოოდ მიღებულ კანონს. ამასთანავე, ამ ცვლილებების მიღებისას კანონპროექტში ისეთი შესწორებები შევიდა, რომლებმაც სერიოზულად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, პარტიების დაფინანსების წესი და ა.შ.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ არც ერთ ამ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს. მისი თქმით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ვენეციის კომისია ამ ორივე დოკუმენტზე დასკვნას მარტში დადებდა და ყველაფერი გეგმიურად ხდება.

„ჩვენ ველოდებოდით ამ ორივე კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას მარტისთვის. ასე რომ ძალიან ვთხოვ ბატონ პალიკო კუბლაშვილს, თავგზას ნუ აურევს ისედაც თავგზაარეულ საზოგადოებას“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ადასტურებს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნისათვის გადაეგზავნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის“ არა საბოლოო ვარიანტი, არამედ კანონპროექტი და სწორედ მას ეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა. მოგვიანებით კი პარლამენტმა კომისიას უკვე მიღებული კანონი გადაუგზავნა, რომელთან დაკავშირებითაც დასკვნა ჯერ არ დადებულა და ლორთქიფანიძის განცხადებით, სწორედ ამ საბოლოო ვარიანტზე იქნება დასკვნა ამ თვეში.

„როგორც წესი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა იღებს ხოლმე კანონს და უკვე მიღებულ კანონს აგზავნის ვენეციის კომისიაზე ექსპერტიზისთვის. გაგახსენებთ ცნობილ ტრილოგიას, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ , „პოლიციის შესახებ კანონში“ და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვილებებს. ეს ცვლილებებიც ჯერ მიიღეს და შემდეგ გადაუგზავნეს ვენეციის კომისიას და ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნა იქიდან პასუხი მიღებული“ - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც ადასტურებს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ არა კანონი, არამედ კანონპროექტი იქნა გადაგზავნილი. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მდივანმა მარკეტმა განაცხადა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი“, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, შეიცავდა მთელ რიგ მნიშვნელოვან დამატებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც იყო გაგზავნილი ვენეციის კომისიაში და ეს დამატებები შეიცავდა დამატებით შეზღუდვებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ხმალაძე: „მარკეტმა ასევე თქვა - ახლა ვერ ვიტყვი ეს შეზღუდვები დადდებითია თუ უარყოფითი, რადგან მოითხოვს შესწავლას ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარაო. შემდეგ, წინადადება ასეთია - კომისია ინფორმირებული იქნება ამ ახალი ცვლილებების თაობაზე, მაგრამ არ წერია, რომ კომისიაზე წარდგენილი იქნება დასკვნა ამ ცვლილებების შესახებ. საერთოდ ისინი დასკვნას ამზადებენ იმ შემთხვევაში, როდესაც დასკვნის გაკეთების თაობაზე მიმართავს მათ ან ხელისუფლების ორგანო, ან სახალხო დამცველი. ასეთი მიმართვა ვენეციის კომისიისთვის არავის გაუგზავნია.

მეტსაც გეტყვით, ჩვენმა ინსტიტუტმა კონფერენცია რომ ჩაატარა და ამ ცვლილებებზე ანალიზი გაკეთდა, ეს ანალიზი გადაუგზავნა ვენეციის კომისიას, მაგრამ ჩვენ მიმართვაზე ვენეციის კომისიას დასკვნას არ გააკეთებს. თავისი ინიციატივით, ან პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისია დასკვნას არ ამზადებს. მას ან ევროსაბჭომ უნდა დაავალოს, ან ხელისუფლების ორგანომ უნდა მიმართოს“.

ვახტანგ ხმალაძის მოლოდინი ვენეციის კომისიის მომდევნო ქმედებებთან დაკავშირებით არის ის, რომ კომისიაზე უბრალოდ გამოაცხადებენ, რომ დეკემბერში დასკვნა რომ დაიდო, ამის შემდეგ კანონში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ეხება პარტიების დაფინანსების შეზღუდვას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც ადასტურებს, რომ ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, ოღონდ არა საბოლოო კანონთან მიმართებაში, არამედ ორივე შემთხვევაში გადაგზავნილი იყო კანონპროექტი. ამასთანავე, იგი დასძენს, რომ სარჩევნო კოდექსის შემთხვევაში კანონპროექტსა და მიღებულ კანონს შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა.

რაც შეეხება კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ეკა გიგაურის განცხადებით, კანონპროექტში, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ამდენად დიდი სხვაობაა კანონის საბოლოო ვარიანტსა და იმ დოკუმენტს შორის, რომელზეც ვენეციის კომისიამ დასკვნა მოამზადა.