სამი დღეა, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ახალი, მართლაც უპრეცედენტო ნოვაციის მომსწრე გახდა: რეგიონული და რაიონული ცენტრების, დაბებისა და სოფლების გამგეობის შენობები ოკუპირებულია კონტროლის პალატის თანამშრომლებად წოდებული პირების მიერ, ამ შენობათა პერიმეტრს პოლიციის რაზმები იცავენ, ოპოზიციურად განწყობილ ასეულობით ადამიანს იბარებენ ე.წ. „ახსნა-განმარტების“, სინამდვილეში კი მრავალსაათიანი დაკითხვის, შანტაჟისა და მუქარისათვის. ეს ჩეკისტური პროცედურა (რომელიც პარლამენტის აგრესიულად მორჩილმა უმრავლესობამ საერთოდ არ ინება გაეწერა კანონში) მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დარღვევის, შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის ფონზე. რიგ შემთხვევებში, დაკითხვაზე მისულებს საშუალება არ ეძლევათ საკუთარ ადვოკატთან ერთად გასცენ პასუხები პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეკითხვებს. პიროვნების დამამცირებელი ჩხრეკა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გახდა და სხვ. საკუთარი ხალხის დასათრგუნად გამიზნული ამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის განუყოფელ, აუცილებელ ნაწილად იქცა.
მმართველი გუნდის წევრები, ზონდერ-ჟურნალისტები და „თავისუფალ ინტელექტუალებად“ წოდებული ვარდისფერი ინტელიგენციის წარმომადგენლები უნისონში გაიძახიან, რომ ეს ან პოლიტიკურ ოპონენეტთა მონაჩმახია, ან, უკიდურეს შემთხვევაში, კონტროლის პალატის დაბალი რგოლების ცალკეული გადაცდომები და თვითშემოქმედებაა. რა არის აქ მართალი და რა „მონაჩმახი“, კარგად იცის მოსახლეობამ.
რაც შეეხება ტანსაცმლის გახდას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთდროულად ყველა რეგიონსა და რაიონში ხდებოდეს. რა, ღრმადპატივცემული ქალბატონი მოგელაძის „ავტორიტეტული“ უწყების თანამშრომელთა პირადი შემადგენლობა ტოტალურად სექსუალური მანიაკებით არის დაკომპლექტებული?
ხელისუფლების მიზანი ნათელია: საქართველოში ნაცმოძრაობის აქტივისტთა გარდა ვერავინ უნდა გაბედოს თავისი პოლიტიკური პოზიციის ხმამაღლა გაცხადება, მით უმეტეს, პოლიტიკური აქტივობა. და ეს პირწავარდნილი პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს საარჩევნო წელს, ქვეყანაში, რომელიც თურმე დემოკრატიას აშენებს და ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის!
ეს სრულიად არანორმალური, აგონიური ქმედებები შესაძლოა რეალური ოპოზიციური ძალის - კოალიცია „ქართული ოცნების“ - არჩევნებიდან მოხსნისათვის საჭირო „არგუმენტების“ შესათითხნად იყოს გამიზნული, რაც პუტინის „მოწინავე“ გამოცდილების კოპირება იქნება.
საბედნიეროდ, დაკითხულთა უმრავლებობის დათრგუნვა და დაშინება ვერ მოხერხდა, რასაც მოწმობს მათი ინტერვიუები, საჯარო განცხადებები და საპროტესტო აქციები.
„ქართული აკადემია“ მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ანტიადამიანურ, ანტისამართლებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რაც საქართველოში პოლიტიკური პროცესის ლიკვიდაციის, არჩევნების გაყალბებისა და ხელისუფლების უზურპაციისკენაა მიმართული. საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების ასეთი დაუფარავი ძალადობა და უკანონობა არა სიმართლისა და ძლიერების, არამედ სრული პოლიტიკური გაკოტრებისა და ისტერიული შიშის მანიშნებელია.
მივმართავთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობებს, საქართველოს ყველა კეთილისმსურველს: სოლიდარობა გამოუცხადეთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველ ხალხს, ნუ დაუშვებთ დემოკრატიისა და სამართლის საბოლოო განადგურებასა და მოძალადე, დანაშაულებრივი რეჟიმის გამარჯვებას კავკასიაში.