ნაციონალური მარაზმი

ნაციონალური მარაზმი

Presage.tv გთავაზობთ იმ მოქალაქეთა არასრულ, მაგრამ გულახდილ აღიარებებს, რომლებიც კონტროლის პალატაში დაკითხვის მძიმე საათებს იხსენებენ:

კახეთში კონტროლის პალატა იმ ადამიანების პერსონით დაინტერესდა, რომელთაც „ქართული ოცნების“ გაზეთი გაუვრცელებია ან წაუკითხავს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ზუგდიდელი მაია ღურწკაია იხსენებს, რომ დაკითხვისას ის და სხვა ადამიანებიც თავიდან ბოლომდე შეამოწმეს და გააშიშვლეს. მისი თქმით, იყო დაშინების მომენტიც: „აბა, შენ იცი, ახლა სადაც ხარ, წესიერად მოიქეცი, კაფეში ხომ არ ხარ?!“ - დაკითხვისას ოთახში პერიოდულად შედიოდა თბილისელი პიროვნება, რომელიც ნებისმიერ საქციელზე აძლევდა შენიშვნას, რომ არ უნდა გაეცინა და წესიერად უნდა მჯდარიყო...

„ჩხრეკის ფაქტი იყო ამაზრზენი, ფეხსაცმელიც გამხადეს, თავიდან ბოლომდე გაშიშვლებულები ვიყავით, არც კალამი შეგვატანინეს, ახსნა-განმარტების აქტის ასლი არ გამომატანეს“.

ლანჩხუთში „რესუბლიკური პარტიის“ წევრ ქალბატონს გამომძიებელი კახა საჯაია კითხავდა, რომელიც, შიგადაშიგ ზემდგომს ტელეფონით რაღაცას უთანხმებდა. ბოლოს რესპუბლიკელ ქალბატონს დაემუქრა: „რას მალავ, ორი წელი ციხე არ აგცდებაო“.

ღირსების შემლახავი ფაქტები ოზურგეთშიც განხორციელდა. გაზეთ „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა ადვოკატებსაც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ გია ქარცივაძეს შარვლის გახდა მოსთხოვეს. თუმცა ამაზე არ დათანხმდა და დაკითხვის ოთახიდან გავიდა, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს -ზაალ მამალაძეს (რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის -ია მამალაძის ძმა) დახმარება ვეღარ გაუწია.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციითვე, ერთ-ერთი დაკითხული აცხადებს, რომ მას ფეხსაცმელი და წინდები გახადეს, ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ზუგდიდსა და კახეთშიც.

მედეა ჯალიძის თქმით, იგი ლანჩხუთში ექვსი საათის განმავლობაში იკითხებოდა კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მიერ.

ანალოგიური ფაქტები იყო ჩოხატაურშიც, სადაც მარტო ერთი ადამიანის დაკითხვა 4-5 საათს გრძელდებოდა.

ოზურგეთელი ნიკოლოზ წიქარიძე იხსენებს, რომ ეს არ იყო გასაუბრება, არამედ ეს იყო დაკითხვა. კითხვები კი ოჯახის წევრთა ფინანსურ შემოსავლებს შეეხებოდა, თუ რამდენს და საიდან ურიცხავდნენ თანხას მისი ოჯახის წევრებს და რომელ ბანკში იღებდნენ თანხას.

„რომ ვერ გამტეხეს, მითხრეს, გააღე ფანჯარა და, თუ გინდა, გადახტიო“.

კახეთის საიფორმაციო ცენტრი „ქართული ოცნების“ წევრის („ეროვნული ფორუმიდან“) ასმათ დათუაშვილის დაკითხვის დეტალებს ავრცელებს: „შენი შვილი უდედოდ დარჩება, თუ ამ საქმიანობას არ შეეშვები. ორი შვილი მყავს, უფროსი მეუფე სპირიდონთან მყავს, პატარა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა“.

კახეთში, საგარეჯოში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, მუბარიზ მამედოვს უცნაური რამ უთხრეს, რაც რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობად შეიძლება აღიქმებოდეს. „მითხრა, ხელი მოაწერე რაღაც ქაღალდსო, უარი ვუთხარი, დამემუქრა, ციხეში წახვალ, სადაც მოგკლავენ და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიან. მერე ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, კონტროლის პალატის მეორე თანამშრომელი და მითხრა, ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, იტყვის, თათრები გაყარე, საქართველოდან წავიდნენ აზერბაიჯანშიო. მე გავბრაზდი, ბიჭო, სისულელეს ნუ ლაპარკობ, მე თათარი არ ვარ, საქართველოს მოქალაქე ვარ-მეთქი“.

ასეთია კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან დაკითხვიდან გამოსული ადამიანების არასრული ისტორიები, რაც „თბილისი მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ვიდეომასალის სახით წარადგინეს.

კამპანია „ეს შენ გეხება“ წევრები კონტროლის პალატის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაწყებულ ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის ფაქტებს გმობენ. მათი თქმით, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა-დაშინება და მუქარა განხორციელდა.

12, 13 და 14 მარტს კონტროლის პალატის წნეხის ქვეშ 150-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და ზოგიერთმა მათგანმა ღიად დააფიქსირა კიდეც ის დამამცირებელი დამოკიდებულება და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტები, რაც ამ სამსახურის წარმომადგენლთა მხრიდან განიცადა.

„დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც, ხშირ შემთხვევაში, 6 საათს გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, მოქალაქეებთან ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენას. აღნიშნული ქმედებები საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში,“ - აღნიშნულია კამპანია „ეს შენ გეხება“ წევრი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა, ჟურნალისტმა მაგდა პოპიაშვილმა აღნიშნა, კონტროლის პალატის მხრიდან ამ წუთებში კვლავაც გრძელდება გაუგებარი დაკითხვები (მაგალითად, ოზურგეთში), მათ შორის, იმ მოქალაქეების დაკითხვაც, რომლებსაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან საერთო არაფერი ჰქონიათ.

„ეს ადამიანები მასობრივად მიდიოდნენ გამგეობის შენობებში და ახსნა-განმარტებებს იძლეოდნენ. ბევრ მათგანს ხელს აწერინებდნენ გარკვეულ ფურცლებზე, რის შესახებაც ისინი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ არ საუბრობდნენ. ამიტომ ხვალ რას გამოაქვეყნებს კონტროლის პალატა, ჩვენთვის უცნობია“, - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისი თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია მედიის წარმომადგნელთა საქმიანობა, რომლებმაც ადგილებზე მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ყველა იმ მასალის მიწოდება მაინც მოახერხეს, რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ.

„არცერთ რეგიონში არ მოხერხდა ჟურნალისტების შეშვება თავად იმ ოთახში, სადაც მიმდინარეობდა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, რისი უფლებაც კონტროლის პალატას არ ჰქონდა. მაგალითად, ოზურგეთში „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ სამჯერ გამოიძახა პატრული, რათა მისი თანდასწრებით გაერკვიათ, რატომ არ უშვებდნენ მას შენობაში და რატომ უზღუდავდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას. სამწუხაროდ, ღამის 22.00 საათზე ნატო გოგელიას პოლიციამ თავად დაურეკა და პოლიციაში დაკითხვაზე მისვლა იქით მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ მათ აინტერესებდათ, თუ რატომ იძახებდა ნატო გოგელია მთელი დღის განმავლობაში პოლიციას,“ - აღნიშნა მაგდა პოპიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტების მსგავსად, პრობლემები შეექმნათ ადვოკატებსაც. ჩოხატაურის რაიონში ისინი მანამდე ვერ შევიდნენ შენობაში, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა არ დარეკა კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან და არ იკითხა, რატომ არ ეძლეოდათ საკუთარი უფლების განხორციელების საშუალება. მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს ადვოკატები თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

„სამართალინი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მთელ რიგ დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის, მოქალაქეების მიმართ კონტროლის პალატის მხრიდან ღირსების შემლახავ ქმედებებზე. კერძოდ, მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი სამართალდარღვევის ფაქტზე დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, ადამიანებს დაცვის გარანტიები არ ჰქონდათ.

ამასთან, ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ის ადამიანები, რომელთა გვარებიც მათ მოეპოვებათ და, რომლებმაც მოქალაქეების დაკითხვისას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გადააჭარბეს, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემიან.

რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე Presage.tv -სთან საუბარში საკუთარი ძმის დაკითხვის ფაქტს იხსენებს. რაც ყველაზე გასაოცარი იყო, დასაკითხად გამოძახებულმა უამრავმა ადამიანმა არ იცოდა, სად უნდა მისულიყო.

„ეს ადამიანები ეძებდნენ მისამართს, რადგან არცერთ უწყებაში ზუსტი მისამართი არ იყო მითითებული. ქალაქიც არ იყო დასახელებული. მაგალითად, უწყებაში ეწერა, წერეთლის №2, მაგრამ სად იყო ეს წერეთლის №2, რომელ ქალაქში, თბილისში თუ რეგიონში, ვერ გაარკვევდი. ორი დღის შემდეგ ყველა ეძებდა ამ მისამართს, მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ნომერი ფოთში ემთხვეოდა ქალაქის გამგეობას, ჩოხატაურში კი - ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ამით მივხვდით, რომ ეს მისამართები ამ ქალაქებში უნდა ყოფილიყო“.

სხვათაშორის, ია მამალაძის თქმით, მისამართის გარკვევის მიზნით ისინი კონტროლის პალატის ყველა სტრუქტურას დაუკავშირდნენ. თუმცა კონტროლის პალატაში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მეტიც, ეს უწყებები არ იყო რეგისტრირებული კანცელარიაში, ამიტომ ვერ იპოვეს და პასუხსაც ვერ ეუბნებოდნენ, სად უნდა დაეკითხათ ეს ადამიანები.

რაც შეეხება ია მამალაძის ძმას, იგი აპოლიტიკური პიროვნებაა, არცერთი პარტიის წევრი არ არის, არც გაზეთების დარიგებაში მიუღია მონაწილეობა და არც ხელმოწერების შეგროვებაში. ადგილობრივების თქმით, იგი კარგი სტომატოლოგია. ძმის დევნას ია მამალაძე საკუთარი ფაქტორით ხსნის.

„12-ზე გამოიძახეს დასაკითხად, მაგრამ დასაკითხ ოთახში სპეციალურად არ შეჰყავდათ, ალოდინეს და მხოლოდ საღამოს შვიდის ნახევარზე დაუძახეს, მაშინ, როცა სახლში უმძიმესი ავადმყოფი ჰყავს. ორსაათნახევრის მანძილზე ჰკითხავდნენ, ძირითადი შეკითხვები ეხებოდა, თუ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, რა ფინანსები აქვთ, ოპოზიციონრებისთვის უფასოდ კბილი ამოუღია თუ არა... ამასთან, გააფრთხილეს, რა განცხადებასაც წერდა, თუ მასში რომელიმე პუნქტი სწორი არ იქნებოდა, სამწლიანი ციხე ელოდა“.

„ჩემს ძმას არც გადარიცხვა, არც ჩარიცხვა, არც აქტივობა არ განუხორციელებია, გარდა იმისა, რომ გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ბიუჯეტის საკითხების მონიტორინგზე მუშაობს. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს, ადრე საკრებულოს წევრიც გახლდათ“.

ამასთან, ია მამალაძეს იმ ადამიანების ბედი აფიქრებს, რომლებიც ადვოკატების გარეშე შევიდნენ დაკითხვაზე, რადგან გამოსვლისას ისინი ამბობდნენ, რომ ჯვარედინად დაკითხეს, ერთსა და იმავე შეკითხვას ათასნაირი კონტექსტით უსვამდნენ.

„მაგალითად, ლანჩხუთში დაკითხვისას ვიღაც პიროვნება შედიოდა, გამოდიოდა, პირდაპირ დირექტივას აძლევდა კონტროლის პალატის თანამშრომელს და მიმართავდა, ბიჭო, ამდენ ხანს რატომ ვერ გამოტეხე. „პაგონებიანი“ ხალხი მოვლენ ახლა და კარგად ააჭიკჭიკებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ადვოკატები არ ახლდნენ, კონრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას სთხოვდნენ. ჩემი ძმის დაკითხვაც, ალბათ, ბოლოსკენ იმიტომ მოიტოვეს, რომ მასზე ინფორმაციის მოპოვებას სხვებისგან ელოდნენ. არ გამოვრიცხავ, ამით ჩემზე ან ჩვენს მედიასაშუალებაზე გასვლას აპირებდნენ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი იმ უწყების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, ადამიანებს ძალიან დიდი ხნით აჩერებდნენ შენობებში და მათი მასობრივი სახით დაკითხვის შემთხვევებიც დაფიქსირებულა.

„რეალურად, ამან მოსახლეობაში დიდი სტრესი გამოიწვია. ერთი მხრივ, გაგზავნილ უწყებაში, გარკვეულწილად, მათ თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშულებდნენ, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს, უბრალოდ, ფაქტების დასადგენად დაკავშირებული გამოკითხვა იყო. ის ფორმები, რითაც ამ ფაქტების დადგენა განხორციელდა, ჩვენთვის მიუღებელია და გვინდა, მოვუწოდოთ კონტროლის პალატას, მისი კანონიერი უფლება -პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი იმ ფარგლებში განახორციელოს, რის მანდატსაც კანონი აძლევს. ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური ნიშნით დევნის ნიშნები, რადგან ძირითადად ეს ეხებოდა ერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებულ პირებს - „ქართული ოცნებისა“ და მის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების დევნას“, - უცხადებს ხატისკაცი Presage.tv-ს.

მისი თქმით, ისინი დიპლომატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან, რადგან ის ფორმები, რომლითაც დაკითხვები განხორციელდა, არცერთ დემოკრატიულ ქვეყნაში არ არსებობს, რომლისკენაც სწორებას საქართველო ახორციელებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატაში დასაკითხად მისული ადამიანები სამართლებრივი წარმომადგენლის გარეშე არ დარჩნენ.

„ამ პროცესში ისინი მარტონი, პირისპირ არ უნდა აღმოჩნდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენელთან. როგორც ცნობილია, მათი დაკითხვის ფორმა ძალიან მძიმეა, საათების განმავლობაში გრძელდება და მათზე ზეწოლაც ხორციელდება. კონკრეტული დარღვევების შემთხვევაში, ჩვენ ადექვატურ რეაგირებას მოვითხოვთ. მაგალითად, შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს ადვოკატზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებთ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნას“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

მისი თქმით, დაკითხვის ასეთი ფორმა ამომრჩევლებსა და მოქალაქეებს აიძულებს, პოლიტიკური პროცესებისგან თავი მაქსიმალურად შორს დაიჭირონ, რაც სამოქალაქო აქტივობას აფერხებს. ამასთან, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ

არსებობს კონტროლის პალატისთვის ინფორმაციის მიწოდების ზოგადი ვალდებულება. თუმცა, იმ ადამიანებმა, რომლებიც დაკითხვაზე არ გამოცხდდნენ, დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, თუ ზუსტად რასთან დაკავშირებით იბარებდა მათ კონტროლის პალატა.

„მართლა ძალიან ძნელია, როდესაც მათ წარმოდგენა არ აქვთ, რატომ იბარებენ, თანაც, გარკვეული ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობს ეს პროცესი. ამიტომ ამ ადამიანების მოთხოვნა ლოგიკურია. მათ სურთ, გაიგონ, ზუსტად რა აინტერესებს კონტროლის პალატას. ვიმედოვნებ, მათ მოთხოვნას კონტროლის პალატა სანქციების დაწესების საფუძვლად არ მიიჩნევს“, - გვითხრა თამარ ჩუგოშვილმა.