„ქართული ოცნების“ შეხვედრა დიპლომატებთან

„ქართული ოცნების“ შეხვედრა დიპლომატებთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიდან კი სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის წარმომაგენელი ფილიპ დიმიტროვი და „ენ-დი-აი“-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ.

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. დიპკორპუსის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონტროლის პალატის მიერ კოალიციის მხარდამჭერების დაკითხვისა და ზოგადად იმ უკანონო ქმედებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიმართ ახორციელებს. დიპკორპუსის წარმომადგენლებს არც შეხვედრამდე და არც შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა თემები იყო განხილული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, საერთოდ ანგარიშს აღარ უწევენ სამართალს და კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახორიცლებენ.

„ასობით მოქალაქეს იბარებენ, უწყობენ გაუგებარ დაკითხვას. კონტროლის პალატა გარდაიქმნა ახალ პროკურატურად, რომელიც სიმძაფრით, ალბათ, ეჯიბრება არსებულ პროკურატურას თავისი ქმედებებით. იგი ახდენს ზეწოლას ადამიანებზე. ფიზიკურ პირებს, რომლებაც გადარიცხვა გააკეთეს „ქართულ ოცნებაში“, სთხოვენ თანხების უკან დაბრუნებას, აჯარიმებენ ყველას და ყველაფერს, ვისზეც კი ხელი მიუწვდებათ. საერთოდ უკანონობის ბაკჰანალიაა დღეს ქვეყანაში.“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთანავე, მან ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს კანონს და სამართალს, რამეთუ ოდესღაც მათ მოუწევთ ამ კანონდარღვევებზე პასუხისგება. რაც შეეხება კითხვას, შეხვედრაზე დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თუ გააკეთეს რაიმე სახის შეფასებები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ივანიშვილი პასუხობს, რომ დიპლომატები ასე სწრაფად შეფასებებს არ აკეთებენ, ახლა მათ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდიან თავიანთ ქვეყნებს და რეაქცია, ალბათ, ცოტა მოგვიანებით იქნება.

რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ კიდევ გაფართოების შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გაერთიანება თითქმის დასრულებულია.

„ჩვენ გაერთიანება თითქმის დავასრულეთ. დღეს არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ სიახლეს გეტყვით. რამდენიმე შეხვედრა მქონდა გოგი თოფაძესთან, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და დიდი ხანია კარგი ურთერთობები გვაქვს. ყოველთვის ვაძლევდი წინადადებას, ამავდროულად ვაცნობიერებდი რეალობას, რამდენადაც ის არის ბიზნესმენი და ამის შემდეგ მასზე ზეწოლა გაიზრდებოდა. მან თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი და გადაწყვიტა კოალიციასთან თანამშრომლობა. როგორი ფორმით, პიროვნულად თუ პარტიის სახით, ამას ჯერ ვარკვევთ და მე მგონი, რომ დიდი ალბათობაა ახალი წევრი შემოემატოს კოალიციას. უფრო მეტი ალბათობაა, რომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პარტიის სახით,“ - ამბობს ივანიშვილი.

ნინო ბურჯანაძის მიმართ კი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს: „ეს გვარი ხელოვნურად ტრიალებს. რამდენჯერმე გავაკეთე განმარტება ბურჯანაძესთან და სხვა პარტიებთან დაკავშირებით, ახალი არაფერია და არც იქნება“.

თინა ხიდაშელის განმარტებით, ხელისუფლება ბერიას მეთოდებით ცდილობს „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაშინებას, შანტაჟს, ოჯახის წევრების დაპატიმრებით ემუქრება ამ ადამიანებს, რათა მათგან მიიღონ არარსებული ინფორმაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ვერ აღწევს თავის მიზანს იმიტომ, რომ ჩვენს აქტივისტებს 2007 წლის შემდეგ იმდენი საშინელება აქვთ გამოვლილი (მათ შორის დაპატიმრებების ჩათვლით), ამას აქვს სხვა მიზანი - დააშინონ დანარჩენი საქართველო, რომ მათ არ გაბედონ და არ ჩაერთონ ამ კამპანიაში.

ბუნებრივია, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს - მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ რაზე არის წამსვლელი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად. ყოველ წუთს შემოდის ინფორმაცია ძალიან მძიმე, რეპრესიული ხასიათის მატარებელ ფაქტებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მოგეხსენებათ, თინა ხიდაშელმა და ზვიად ძიძიგურმა გააკეთეს განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხავდნენ სიმბოლურ თანხას და დაელოდებოდნენ მათ დაბარებას კონტროლის პალატაში. დღეს თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თანხა მართლაც ჩარიცხა, მაგრამ ხელისუფლებას მხოლოდ სოფლებსა და რაიონებში აქვს დიდი გული, მისი კონტროლის პალატაში დაბარება კი ვერ გაბედეს. ხიდაშელი ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლებაში ჩათვლიან, რომ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად იქნებიან მასთან სასაუბროდ, იგი აუცილებლად შეხვდება მათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კონტროლის პალატამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ რაიონულია ოფისების საიჯარო კონტრაქტები დადებული არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ, შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების-ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას. ასევე თავის განცხადებაში კონტროლის პალატა „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „შავი ფულის“ გამოყენებაში ადანაშაულებს.

თინა ხიდაშელი კოტროლის პალატის ამ განცხადებას სისულელეს და აბსურდული უწოდებს.

„არ ვიცოდი და გუშინ გავიგე ეს „ნოუ-ჰაუ“, რომ თურმე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება კანონდარღვევა ყოფილა. ჩვენ, „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს ნამდვილად არ გვაქვს ამდენი საკუთრება მთელს საქართველოში, ყველა რაიონსა და ქალაქში, რომ იჯარის ხელშეკრულების დადება არ მოგვიწიოს იურიდიულ პირებთან. ოფისს რომ ქირაობ, ყველა ადამიანმა იცის, თუნდაც ხუთი კლასის განათლება ჰქონდეს, რომ ხშირ შემთხვევაში მოგიწევს არა ფიზიკური პირისგან სახლის ქირაობა, არამედ ოფისის ქირაობა. ეს ისეთი აბსურდია, რომ ამაზე საერთოდ არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგჯერ აბსურდსაც კომენტირება სჭირდება“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება „შავ ფულს“, ხიდაშელი მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ ლექსიკონით მივიდეთ ხელისუფლების მიერ გამართულ პრეს-კონფერენციებზე და წავუკითხოთ, რას ნიშნავს „ფულის გათეთრება“, რას ნიშნავს „შავი ფული“ და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი ისინი კიდევ რამეს იტყვიან, „ქართული ოცნება“ მაშინ უპასუხებს მსგავსი ტიპის ბრალდებებს.

ხიდაშელის განცხადებით, ამ სამი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 260 ადამიანი დაიბარეს კონტროლის პალატაში და ვერც ერთ მათგანს ვერც ერთი მტკიცებულება, ვერც ერთი ფურცელი ვერ დაუდეს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა აქვთ ჩადენილი. სააკაშვილის ხელისუფლება შეეცადა 260 საქართველოს მოქალაქე დაეშინებინა, დაეშანტაჟებინა, გაჩხრიკეს, ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს.

„განცხადება, რომელიც გუშინ კონტროლის პალატამ გაავრცელა, იმდენად სასაცილო და აბსურდულია, იმდენად პოლიტიკურია, წაიკითხეთ ტერმინები, რომლითაც ლაპარაკობს სახელმწიფო კონტროლის უწყება. ეს ძალიან სამარცხვინოა და მე უბრალოდ ველოდები, როდის გაბედავს და იკადრებს ლევან ბეჟაშვილი ამ ყველაფერზე საუბარს. მისი პირიდან მინდა ეს ყველაფერი მოვისმინო და მერე იქნება პასუხი“, - ამბობს ხიდაშელი.

დავით უსუფაშვილი უკანასკნელ დღეებში კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებს პოლიციურ სპეც-ოპერაციას უწოდებს, რადგანაც მისი თქმით, დაკითხვაზე ადამიანებს იბარებდნენ გაყალბებულ ბლანკზე გაყალბებული ხელმოწერებით დადასტურებული უწყებების მეშვეობით. უსუფაშვილის განცხადებით, რეგიონებში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები წყვეტდნენ, ვინ უნდა დაებარებინათ დასაკითხად და თითქოს-და კონტროლის პალატის უწყებები ადგილობრივ პოლიციებშია შედგენილი. მისი თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა რეგიონში ამ უწყებებზე ერთი და იგივე კაცის ხელმოწერა განსხვავებულია.

„კონტროლის პალატას რომ რაღაცნაირად თავი გადაერჩინა, ან გამოსავალი მოეძებნა, გუშინ განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გაარკვიონ საკითხი ჩვენს ოფისებთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ოფისებს ვხსნით და ოფისებში არაფერს ვიხდით. ცხადია დიპლომატებს დავუსვით მარტივი კითხვა, თუ ოფისებთან დაკავშირებით რამე აინტერესებდათ, სად უნდა წასულიყვნენ ეს ადამიანები, ჩემთან და ჩემს კოლეგებთან, ვინც პასუხისმგებლები ვართ ამ საკითხებზე, თუ დაეწიოკებინათ ნახევარი საქართველო. ცხადია, ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ. ჩვენთან თუ მოვიდოდნენ, მაშინ ამ ყველაფერს ხუთ წუთში გაარკვევდნენ. დიპლომატებს ვაჩვენეთ ხელშეკრულებების მთელი დასტა, რომლებიც გაფორმებულია ყველა იმ პირთან, ვინც მაგალითად, შარშან დეკემბერში კარდაკარის პრინციპით ჩამოვლისა და ხელმოწერების შეგროვების დროს რაიმე თანხა მიიღო. ეს ყველაფერი გაკეთებულია საბანკო გადარიცხვებით, გვარები, სახელები, თანხები და ყველა ინფორმაცია წარდგენილია სგადასახადო ინსპექციაში, წლიურ დეკლარაციაში კონტროლის პალატასაც აქვს წარდგენილი. ეს არის აბსურდი, თითქოს ისინი ამას ამოწმებენ.

დავუშვათ, რომ ისინი ამოწმებენ ოფისებთან დაკავშირებულ საკითხებს, დიპლომატებს წარვუდგინეთ მეორე საქაღალდე, რომელშიც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები დადებული კონკრეტულ კომპანიასთან, რომელსაც ჩვენ ვთხოვეთ ქვეყნის მასშტაბით ოფისების მოძებნა, ფართის გარემონტება და აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ჩვენთვის მოქირავება. შესაბამისად, ეს კომპანია არის დამქირავებელი. თავად კონტრაქტში უწერია, რომ შეუძლია ქვექირავნობით გადასცეს სხვას, ეს სხვა ვართ ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ ოფისების გახსნა დავიწყეთ 5 მარტს, მე პირადად გახლდით ქობულეთში ჩვენი პირველი რეგიონული ოფისის გახსნაზე. შესაბამისად, ოფისების ქირები პარტიების მიერ გადახდილი იქნება ერთი თვის თავზე, როგორც ნებისმიერი იჯარის დროს. ეს ყველაფერი ხელშეკრულებებში წერია. ამიტომ იანვარ-თებერვლის ხარჯებში ოფისების ხარჯი ჩვენთან ვერ იქნებოდა ასახული. კიდევ ვიმეორებ, მართლა ეს რომ აინტერესებდეს ხელისუფლებას, ამ კითხვებს დამისვამდა მე, არც ამ ადამიანებს დააწიოკებდა და ძალიან მარტივად ნახავდა ამ დოკუმენტებს“, - აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე თმით, ამ პოლიციური სპეც-ოპერაციის რეალური მიზანი არის ის, რომ მის შესახებ გავრცელდეს ინფორმაცია და საქართველოს მოსახლეობამ ნახოს, როგორ შეურაცხყოფენ კონტროლის პალატაში დაბარებულ ადამიანებს, როგორ აშიშვლებენ და როგორ რჩება ეს ყველაფერი დაუსჯელი და ამიტომ, ამ ხელისუფლებასთნ ბრძოლას აზრი არ აქვს. მაგრამ უსუფაშვილის განცხადებით, ეს ასე არ მოხდება, პირიქით, იქ სადაც ადამიანები დაიბარეს, მათში პროტესტი უფრო გაძლიერდა.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ გუშინ საღამოს კასპის გამგეობის შენობასთან შეიკრიბნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ყველანი ერთად არიგებდნენ კოალიციის გაზეთს, რომლის დარიგებისთვისაც ცდილობს ხელისუფლება მათ დაშინებას. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სანამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო აქტივობები რეალურად ფართო მასშტაბებს მიიღებს, მანამდე დანერგოს შიში მოსახლეობაში, რათა ამ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გაუქრონ, მაგრამ უსუფაშვილის თქმით, ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან მათ აქტივისტები არიან ძალიან მედგრად. ბევრი მათგანი უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

უსუფაშვილისვე განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს კონტროლის პალატაში გამოცხადებაზე, სახლში მიაკითხეს. ასე მოხდა მაგალითად, კასპში. ამიტომ უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მაგრამ ხელისუფლება საწადელ მიზანს - დააშინოს მოსახლეობა და შეზღუდოს მისი პოლიტიკური აქტივობა, ვერ მიაღწევს.