ყველაზე ზარმაცი ოპოზიცია მსოფლიოში

ყველაზე ზარმაცი ოპოზიცია მსოფლიოში

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, წინასაარჩევნო რეჟიმშია, თუმცა ნაციონალური პიარის სიმცირეს მმართველი პარტია არც სხვა დროს უჩივიოდა. სატელევიზიო ეთერით მუდმივად ვადევნებთ თვალს ლენტის გაჭრისა თუ ახალი ინიციატივების პრეზენტაციის პროცესს. იხსნება საწარმო, რომელიც სინამდვილეში არ გახსნილა. იზრდება პენსია, თუმცა რეალურად, პენსიონერები ხელისუფლების მიერ დასახელებულ თანხებს ვერ მიიღებენ. იქმნება სამუშაო ადგილები, თუმცა დასაქმებულებს ვერ ვხედავთ, შენდება საავადმყოფოები და მკურნალობა ყველას არ შეუძლია.
ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს. ხელისუფლება ნაციონალური არხების მეშვეობით მუდმივად ტყუილსა და სიცრუეზე დაფუძნებული პიარით კვებავს ხალხს, რომელსაც ხშირად ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შანსი არ აქვს.

როგორც პიარ-კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი ამბობს, ეს ნაციონალური მოძრაობის კი არა, ოპოზიციის პრობლემაა, რომლის სტრატეგიაც გაურკვეველია. როდესაც მედიაში წამოწეული არც-ერთი სერიოზული თემა, არ იქნა სერიოზულად გაზიარებული და არ მოჰყვა სერიოზული რეაქცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს არის სტრატეგიასა და ტაქტიკაში ოპოზიციის ძალიან დიდი ხარვეზი. იმიტომ, რომ ასეთ თემებს ოპოზიცია თვითონ უნდა ეძებდეს და, როცა ამას მედია აკეთებს, მაშინ მაინც უნდა გამოიყენონ.

ხალხის პარტიის ლიდერი, კობა დავითაშვილი თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზოციამ დამოუკიდებელი ტელევიზიების მეშვეობით სიმართლე უნდა უთხრას ხალხს.

„საამისოდ ყველაფერს ვცდილობთ და რამდენად გამოგვდის, ჩვენი შესაფასებელი არ არის,“ - ამბობს კობა დავითაშვილი.

დღევანდელი და შევარდნაძის პერიოდის ოპოზიცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუმცა ოპოზიციაში ძირითადად იგივე სახეებს ვხედავთ, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როცა პოლიტიკოსებს ხელისუფლების კორუმპირებულობის მამხილებელი დოკუმენტები მიჰქონდათ რედაქციებში და ჟურნალისტებს იქით ეხმარებოდნენ საჭირო მასალების მოძიებაში.

კობა დავითაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიციაც საკმაოდ აქტიურია, „დოკუმენტებიც არის და ხელისუფლების მხილებაც, თუმცა საზოგადოებას ისედაც არ სჭირდება მხილება, ისედაც კარგად იცის, რაც სინამდვილეში ხდება. ხალხისგან მიღებული გვაქვს ხელისუფლების შეცვლის დაკვეთა და არა მისი მხილების,“- აცხადებს კობა დავითაშვილი.

სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი 2003 წლის შემდეგ, იმ პერიოდების გამოკლებით, როდესაც იყო 2007 და 2009 წლის არჩევნები, მოკლე-მოკლე პერიოდებში აქტიურდებოდა და თანაც არასისტემურად და არასისტემატიურად. გალუმაშვილის თქმით, ეს აქტიურობა იყო სპონტანური და არა გარკვეულ სტრატეგიაზე დამოკიდებული.

„2011 წლის 7 ოქტომბრისათვის ფაქტობრივად, ოპოზიცია აღარ არსებობდა ქვეყანაში. ეს თითოეული ოპოზიციური სუბიექტის დანაშაული იყო, მათ გადაწყვიტეს, რომ მთელი მათი მოღვაწეობა სახელისუფლებო პარტიასთან ვაჭრობა იყო. უბრალოდ, შეეძლოთ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლების დაპირებები არ სრულდებოდა,“- აცხადებს გალუმაშვილი.

რა არის ოპოზიციის ვალი და რა ფუნქცია აქვს მას, ამაში გალუმაშვილს ოპოზიციის ლიდერებიც ეთანხმებიან:
„როდესაც ამის საშუალებას არ გაძლევს სახელისუფლებო ტელევიზიები, უნდა შეხვდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მიხვიდე ყველა სოფელში და ხალხს უთხრა სიმართლე.

ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ამხილოს ხელისუფლება, ამხილოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის კეთება გართულებულია იმის გამო, რომ გავლენიან მედიას ხელისუფლება აკონტროლებს. ამისი ალტერნატივა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუთხრათ რეალურად რა ხდება ქვეყანაში. თუ სიცრუეა, თუ ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს ადამნიანები, გავაგებინოთ რეალურად რაც ხდება“- აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.

თუმცა იმ არგუმენტებს, რასაც ოპოზიცია თავის გასამართლებლად ამბობს, გალუმაშვილი საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს:
„იმაზე წუწუნი და ჩივილი, რომ ვაიმე, ტელევიზია არა გვაქვს, დამთავრდა. მარტო ეს არ არის მნიშვნელოვანი. გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ მიხვიდე თითოეულ ამომრჩევლამდე. ჩვენ გვყავს ყველაზე ზარმაცი ოპოზიცია მსოფლიოში, რომელიც არა მოსახლეობის და ამომრჩევლის გულის მოსაგებად იბრძოდა, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის და ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რომ 2011 წელს ოპოზიციამ ფაქტობტივად საზოგადოების ბოიკოტი მიიღო. გლეხმა, რომელიც დილის 5 საათზე დგება და ყანაში მიდის სამუშაოდ, როგორ უნდა გაიგოს, რომ რასაც ტელევიზორში აჩვენებენ, ტყუილია. არ უნდა იყო ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ საშუალებაზე, შეცვალე შენი ტაქტიკა და მიაღწიე იმ გლეხამდე, თითოეულ ადამიანამდე და მიაწოდე მართალი პოზიცია,“ - ამბობს გალუმაშვილი.
დღეს ოპოზიციას სიზარმაცეს ვერ დასწამებ, ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს ბოლო 7-8 წლის მანძილზე, მაგრამ იმ შედეგს რაც სწორედ ოპოზიციის პასიურობით მივიღეთ, თავად ოპოიზიციური სპექტრის ლიდერებიც აღიარებენ.

„შიშის სინდრომი ჯერ არ არის მოხსნილი და ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება. რამდენიც არ უნდა იარო და შეხვდე, ტელევიზიის გავლენა მაინც დიდია. მუდმივად გვხვდება ერთი სურათი, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ მის უბანსა და მის სოფელშია ეს პრობლემა სხვაგან კი ყველაფერი კარგად არის. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცუდი გამგებლის ბრალია. ტელევიზორის შემხედვარე ჰგონიათ, რომ დანარჩენ საქართველოში ყველა ბედნიერია და დასაქმებული,“- ამბობს დავით გამყრელიძე.

„ხალხის განწყობა სერიოზულად არის შეცვლილი, იმასთან შედარებით, რაც იყო, მოსახლეობაში შიშის სინდრომი ნაკლებია, თუმცა როგორც ვაკვირდები, თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც მომდინარეობს შიშის სინდრომზე ლაპარაკი, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად დანერგოს შიში,“- მიიჩნევს კონსეტვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.

სურს თუ არა ოპოზიციას, იძულებულია გაუმკლავდეს იმას რაც წლების მანძილზე თავისი პასიურობით დათესა - კარდაკარ სიარულით ჯერ ხელისუფლების უძლეველობის შიში უნდა დაანგრიოს და ისიც აუხსნას ხალხს, რომ დიდი ხანია ტყუილსა და სიცრუეში უწევდათ ცხოვრება და გამოფხიზლების დრო დადგა.

სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის პასიურობამ სხვა კუთხითაც შექმნა პრობლემები.

„დავაკვირდეთ, რას ხედავს საერთაშორისო საზოგადოება - ოპოზიციის პასიურობას, ხელისუფლების მოქნილობას, რეფორმებისკენ სწრაფვას. საერთაშორისო თანამეგობრობას რა უნდა საქართველოში? - სტაბილურობა და დემოკრატიისკენ სწრაფვა. როდესაც არჩევანის საშუალება არ არის, ხედავდნენ ერთი მხრივ, უხერხემლო ოპოზიციას და აქეთ, მეორე მხარეს ხელისუფლებას, რომელიც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება იყოს შენი პარტნიორი და თუნდაც არადემოკრატი სააკაშვილი ურჩევნიათ ზარმაც ოპოზიციონერებს და იმაზეც თვალს ხუჭავენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დარჩენა თვითმიზნად გადაექცა,“- ამბობს გალუმაშვილი.

ოპოზიცია ასეთ შეფასებას არ იზიარებს, ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ამომრჩეველს ქვეყანაში შექმნილი რეალური სურათი გააცნონ, თუმცა სოსო გალუმაშვილი თვლის, რომ მათი აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

დავით გამყრელიძე უარყოფს, რომ მისი პარტია წინასაარჩევნო რეჟიმშია და ამბობს, რომ 5 თვეა სოფელ-სოფელ დადიან, რომ თითოეულ ამომრჩეველს ხმა მიაწვდინონ. დავით გამყრელიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მხოლოდ აგვისტოში დაიწყება.

ზვიად ძიძიგური არ მალავს, რომ მის და „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პარტიებს წინასაარჩევნო რეჟიმში უწევთ მუშაობა, რადგან არ იციან, როდის ჩაატარებს ხელისუფლება არჩევნებს, ოქტომბერში თუ მაისში.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ პრესასა და ობიექტური ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებთან. ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად დადივართ რაიონებში, რეგიონებში ხალხის მხარდასაჭერად, იმ ინფორმაციის მისაწოდებლად, რისი უფლებები აქვთ სამართლებრივი კუთხით. „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი მთელი შემადგენლობა ძალზე გააქტიურებულია. ეს არის ჩვენი ალტერნატიული გზა. „მაესტროს“ სატელევიზიო ეთერში დაბრუნება ჩვენს მდგომარეობას შედარებით გააუმჯობესებს, ამის გარდა, კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შემოსვლა საეთერო სივრცეში ოპოზიციისთვის კიდევ ერთი სერიოზული მხარდაჭერა იქნება,“ - აცხადებს ძიძიგური.

ძიძიგური ასევე აღიარებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიცია მართლაც საკმაოდ პასიური იყო და ამას ფინანსური რესურსების უქონლობით ხსნის.
„კონსერვატიულ პარტიას და ხალხის პარტიას არასაარჩევნო პერიოდში ერთობლივად მთელი საქართველოს მასშტაბით ოთხი ოფისი ჰქონდა. ასეთ პირობებში ქართული ოპოზიციუირი სპექტრის პოლიტიკური საქმიანობა სრულიად შეუძლებელია.

საარჩევნო პერიოდში ჩვენი გააქტიურება იმის ხარჯზე ხდებოდა, რომ სატელევიზიო ეთერი გვქონდა უფასო და ამას მოსახლეობა ხედავს. ის, რომ ჩვენ გვეზარება და ამის გამო რაიონებში არ დავდივართ, ან საქმეს თავს ვარიდებთ, ასე არ არის. საარჩევნო პერიოდში შესაძლებლობებია მეტი, რომ შენი პოზიცია და პროექტები მოსახლეობამდე მიიტანო. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ საშუალება მოგვცა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყოთ აქტიურობა და ხედავთ, რომ ოპოზიციაზე დღეს ზარმაცს ნამდვილად ვერ იტყვი. დღეს ათეულობით ადამიანი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ რეგიონული ოფისები გაიხსნას და ა.შ.“ - აცხადებს ძიძიგური.

უფულობაზე ლაპარაკობს დავით გამყრელიძეც, მისი განმარტებით, ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანია რამდენიმე თვით ადრე აწარმოოს, რისი შესაძლებლობა და ფინანსური სახსრებიც ახალ მემარჯვენეებს არ გააჩნიათ.

ახალი არ არის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უფულობაზე ლაპარაკობს, როგორც კი მათ გააქტიურებას სთხოვენ. ზოგიერთ მათგანს მართლაც მწირი ფინანსები აქვს, მაგრამ, უმეტესობა, როგორც სოსო გალუმაშვილი ამბობს, ზაფხულში სამთვიან დასვენებას არ იკლებს მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე, ზამთარში კი თხილამურებზე სრიალს.