სამი დღეა, კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ საქართველოს რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაბარება და დაკითხვა. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს უწყებები, რომლებსაც კონვერტზე არაფერი ეწერა. თავად უწყებებში კი მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად ადგილზე მისულ მოქალაქეებს ძირითადად ეკითხებოდნენ „ქართული ოცნების“ გაზეთის დარიგებაში, ან ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში „ქართული ოცნებიდან“ რა თანხა მიიღეს. მაგრამ, ამის გარდა, კონტროლის პალატის წარმომადგენლები ასევე ინტერესდებოდნენ ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების შემოსავლით.
კონტროლის პალატის ამ ქმედებამ საზოგადოებაში საფუძვლიანი პროტესტი გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შექმნიან იურისტების მობილურ ჯგუფებს, რომლებიც კონტროლის პალატის მიერ დაბარებულ ადამიანებს გაყვებიან დაკითხვაზე და იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
Presage.tv დაინტერესდა როგორ აპირებენ ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოქცეული ადამიანების დაცვას პოლიტიკოსები, ვინაიდან ფაქტია, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ბევრმა მათგანმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლოს და საერთოდ უარი თქვას საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე, რომ აღაფერი ვთქვათ, ოპოზიციისთვის რაიმე ტიპის აქტივობების განხორციელებაზე.
პირველი ვისაც დავუკავშირდით, დავით ზურაბიშვილი იყო, რომელმაც გვითხრა: „ახლა სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ჯერ-ჯერობით, კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ რეაგირების გარეშე ხელისუფლების ამ ქმედებებს არ დავტოვებთ“.
სოზარ სუბარმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა, რომ ზეწოლა წინააღმდეგობის გაძლიერებას იწვევს და ამიტომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ამ სპეცოპერაციიდან ის შედეგი, რასაც ელოდა. კონტროლის პალატის მიერ დაკითხული ადამიანები სულაც არ არიან შეშინებულები. სუბარის თქმით, ხელისუფლება თვითონ ასწავლის ოპოზიციას, რა მეთოდებს უნდა მიმართონ მათ წინააღმდეგ.
„სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, არანაირი წნეხი არ არის. ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა. საკმარისია ხელისუფლებას უთხრა, „მე არ მეშინია, მოვდივარ და რა გინდა“, ისინი ვერაფერს ვერ იზამენ“ - ამბობს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის ნებისმიერ ასეთ ადამიანს დაკითხვაზე გააყოლოს ადვოკატი, რომლის თანდასწრებითაც კონტროლის პალატის წარმომადგენლები ვეღარ მოიქცევიან უხეშად.
„ჩვენ შევქმნით ადვოკატების ქსელს. საჭიროების შემთხვევაში ადვოკატები დაუდგებიან გვერდით ამ ადამიანებს და მერე დაკითხონ ისინი ასეთი მეთოდებით, ვნახოთ რას მიაღწევენ,“- Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა სუბარმა.
მისივე განცხადებით, გურჯაანში დღეს „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის გახსნისას ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდის წევრებთან ერთად შეხვდა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ და გუშინწინ იყო კონტროლის პალატის მიერ იყო დაკითხული. სუბარის თქმით, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ იმ წუთში კი ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ აცხადებდნენ, რომ ამით მათი შეშინება შეუძლებელია და ხელისუფლების წარმომადგენლებზე ამბობდნენ, „თვითონ რა მშიშრებიც არიან, ამ ქმედებებით გამოაჩინესო“.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხვალ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წევრები მთელს დიპკორპუსს გააცნობენ საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ანუ ყველა კანონიერი გზით იბრძოლებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დაუკარგონ ასეთი ქმედებების მადა.
„თქვენ რომ გურჯაანში ყოფილიყავით და საკუთარი თვალით გენახათ ამ ადამიანების განწყობა, მიხვდებოდით, რომ ის დაშინების ეფექტი, რომელიც არის წამიერი, რეალურად ძალას მატებს ამ ადამიანებს და ისინი ხვდებიან - „ამათ მეტი არაფერი შეუძლიათ, აბა ამდენი ხანი რისი გვეშინოდაო“. ეს დავინახე მე ჩემი თვალით,“- აცხადებს სოზარ სუბარი.
ეკა ბესელია კონტროლის პალატის ქმედებებს ფულის ამოღების, ანუ ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციას უწოდებს. მისივე თმით, კონტროლის პალატა არღვევს ყველა საპროცესო ნორმას, რომელიც არეგულირებს მოქალაქეების დაბარების და დაკითხვის პროცედურას და იქცევა ისე, როგორც იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც უსწორდებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს.
ბესელიას თქმით, კონტროლის პალატის ამ უკანონო ქმედებების შესაჩერებლად, პირველ რიგში, საჭიროა სწრაფი მობილური ჯგუფების ამოქმედება, რომ ადამიანები არ დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე.
„ჩვენი იურისტები მუშაობენ ყველგან, როგორც ადგილებზე, ასევე აქ, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ყველა მოქალაქეს, ვისაც სჭირდება დახმარება. ამავე დროს საჭიროა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, რათა ისინი ჩაერთონ ამ პროცესში და მოახდინონ რეაგირება კონტროლის პალატის ქმედებებზე. ამდენად, ორივე მიმართულებით, როგორც სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებით, ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტების ჩართვით უნდა მოხდეს ხელისუფლების ამ უკანონო ქმედებების შეჩერება. ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც უკვე ამოქმედებულია,“ - აცხადებს ეკა ბესელია Presage.tv-სთან საუბარში.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ასეთ წნეხს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ხომ არ დაიხევს უკან, ეკა ბესელია პასუხობს, რომ სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოების გამოცდა და თუკი ჩვენ პირველივე წინააღმდეგობის გაჩენისთანავე შევშინდით და უკან დავიხიეთ, უფრო დიდ ამოცანას ვერ შევასრულებთ.
„ეს არ არის ყველაზე მძიმე ბრძოლა, რომელიც წინ გველოდება. თუ ჩვენი მოსახლეობა ვერ გაუძლებს იმას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ჩვენთან ერთად იბრძოლოს, მაშინ ჩვენ ვერც ამ კრიმინალურ რეჟიმს მოვიშორებთ. ამიტომ, ახლა საჭიროა ყველამ გამოიჩინოს მაქსიმალური ნებისყოფა, საჭიროა ყველა უკანონობაზე თითოეულმა მოქალაქემ გამოხატოს პროტესტი. როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა შეძლებს კონტროლის პალატის უკანონო ქმედებები გააპროტესტოს, გაასაჩივროს და არ დაემორჩილოს მათ უკანონო მითითებებს, ბუნებრივია, ხელისუფლება უკან დაიხევს. თუ მათ გაუვათ ეს, მაშინ ბუნებრივია, უფრო მეტად ეცდებიან საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის სხვა მეთოდები გამოიყენონ. საზოგადოებას მართებს სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა. ერი, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი უფლებები, ის შეძლებს შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს, მაგრამ ვერაფერს გავხდებით, თუ თვითონ ისინი არ ისურვებენ მტკიცედ დახვდნენ ასეთი ტიპის უკანონობას“ - ამბობს ეკა ბესელია.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ ადამიანების კონტროლის პალატაში დაბარების პირველივე წუთიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩაერთვნენ ამ საქმეში. გარდა კონსულტაცისა, თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ადამიანებს მისცეს მკაფიო იურიდიული ინსტრუქციები. ზოგიერთი მათგანი ადვოკატთან ერთად გამოცხადდა ახსნა-განმარტების მისაცემად. ზოგმა კი საჭიროდ ჩათვალა, რომ მოგელაძის უწყებაში ჩაებარებინა წერილი, სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ კონტროლის პალატის საქმიანობის ხელშეწყობისთვის მზად არიან ითანამშრომლონ ამ უწყებასთან, მაგრამ სჭირდებათ საქმის მასალები და დრო, რათა ადვოკატთან ერთად შეისწავლონ ეს მასალები და მოამზადონ ახსნა-განმარტება.
„ჩვენ ჩვენს აქტივისტებს პირველივე დღიდან დავუდექით გვერდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრ მათგანს დახმარებაც კი არ დასჭირდა იმიტომ, რომ მათ ისედაც იციან რა პროცესში არიან ჩართულები. ეს ადამიანები მორალურად მზად არიან კონტროლის პალატის მიერ მათთვის პრაქტიკულად, პროკურატურის ტიპის დაკითხვებისთვის და ეს მათ ვერ შეაშინებს. უკვე მესამე დღეა, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოგელაძის უწყების მიერ გადაგდებული ეს ფართომასშტაბიანი ბადე არ აღმოჩნდა ის მახე, რომელიც მას უნდოდა, რომ ყოფილიყო.“ - ამბობს თეა წულუკიანი Presage.tv-სთან საუბარში.
მისივე განცხადებით, არც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს და არც მათ მხარდამჭერებს არაფერი აქვთ დასამალი, ვინაიდან ყველანაირი ფინანსური დოკუმენტაცია მათ ღიად აქვთ წარდგენილი მოგელაძის უწყებაში. თეა წულუკიანის თქმით, ადამიანები, რომლებიც კონტროლის პალატის მიერ არიან დაკითხულები, ამბობენ, რომ მიუხედავად ასეთი წნეხისა, ამ პროცესს არ დატოვებენ, რადგან ეს მათი მოქალაქეობრივი ვალია და თუ საქმეს დასჭირდა, ისინი ისევ შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, როგორიცაა გაზეთის დარიგება, ხელმოწერების შეგროვება და ა.შ. ამდენად, თეა წულუკიანის შეფასებით, ამ ოპერაციამ ვერ მოიტანა ის შედეგი, რაც ხელისუფლება სურდა.
„მომავალს რაც შეეხება, მე დღესაც ვმუშაობდი რამდენიმე ასეთ ადამიანთან, ჩავიწერე მათ მიერ მოწოდებული ფაქტები და ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ტიპის საჩივრის შეტანას პირადად მოგელაძის წინააღმდეგ და აგრეთვე პროკურატურაში ჩივილს იმ სიყალბეებთან დაკავშირებით, რაც ამ პროცესში იქნა ჩადენილი ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.
რაც შეეხება ინფორმაციას (რომელიც დღეს გავრცელდა) იმის შესახებ, რომ შესაძლოა კონტროლის პალატამ მის მიერ დაკითხულ პირებს 1000 ლარიანი ჯარიმები დააკისროს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, არსებობს დაჯარიმების შესახებ ასეთ დადგენილების გასაჩივრების მექანიზმები.
„ასეა თუ ისეა, ჩვენ არასოდეს მიგვიტოვებია ჩვენი მხარდამჭერები და ეს არც ახლა მოხდება. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კონტროლის პალატამ, მაშინ იგი უკვე რეალურად ჩამოყალიბდება ოპოზიციის პოლიციად (გნებავთ პროკურატურა დაარქვით) და დაუპირისპირდება საკუთარ ხალხს, მაშინ როდესაც კონტროლის პალატა უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან თავისუფალი უწყება. მოგელაძე ამას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ იგი „ნაციონალური“ პროკურატურის წიაღიდან გამოსული არსებაა, მაგრამ არჩევანი მასზეა, რა ტიპის ქმედებებს აირჩევს და როგორ გაუფრთიხლდება საკუთარ მომავალს,“-აცხადებს თეა წულუკიანი Presage.tv-სთან საუბარში.