„ქართულ ოცნებაზე“ შეტევა გრძელდება. ორი დღეა რეგიონებში კოალიციის წევრებს კონტროლის პალატა იბარებს და კითხავს. ამასთანავე, ამ ადამიანებს არა მხოლოდ მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ უსვამენ კითხვებს, არამედ მათი პოლიტიკური საქმიანობითაც ინტერესდებიან. რაც შეეხება „ქართულ ოცნებაზე“ განხორციელებული შეტევის იურიდიულ ასპექტებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის წინააღმდეგ შპს „ქართუ მშენებელისა“ და ნუგზარ ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ისინი კონტროლის პალატის მიერ 200-200 ათასი ლარით დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. ამასთანავე კონტროლის პალატის დავების განმხილველმა საბჭომ არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ საჩივარი ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ სამართლებრივ ბრძოლასთან დაკავშირებით, რაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, გვესაუბრება ორგანიზაციის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.
არჩილ კბილაშვილი: „აქ არის ორი სუბიექტი, ერთი არის შპს „ქართუ მშენებელი“, ხოლო მეორე - ნუგზარ ხუციშვილი. შეგახსენებთ, რომ თებერვალში შპს „ქართუ მშენებელმა“, რომლის თანამშრომელიც არის ნუგზარ ხუციშვილი, ამ ადამიანს გადაურიცხა 40 ათასი ლარი პრემიის სახით, ხოლო ნუგზარ ხუციშვილმა აქედან 20 ათასი შესწირა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“. კონტროლის პალატამ ეს აღიქვა, როგორც ფარული გარიგება, როგორც შპს „ქართუ მშენებელის“ განზრახვა „ქართული ოცნებისთვის“ ფულის მიცემაზე, რისთვისაც შუალედურ რგოლად გამოყენებული იქნა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. კოტროლის პალატამ ეს მიიჩნია უკანონო გარიგებად და დააჯარიმა სამი სუბიექტი -„ქართუ მშენებელი“, ნუგზარ ხუციშვილი, და შემოწირულობის მიმღები „ქართული ოცნება“. ეს ჯარიმა გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც განიხილა ორი სუბიექტის, „ქართუ მშენებლის“ და ნუგზარ ხუციშვილის საჩივარი. ასევე სასამართლოში შესულია „ქართული ოცნების“ საჩივარიც, რომელიც ჯერ-ჯერობით არ განხილულა. აქ არსობრივად დავა მიდის იმაზე, რომ კონტროლის პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აქ იყო ფარული გარიგება და ამიტომ არასწორად მოახდინა დაჯარიმება. ჩვენი მხარე ამტკიცებდა, რომ ნუგზარ ხუციშვილს მიეცა პრემია და პრემიის მიღების შემდეგ მან თვითონ გადაწყვიტა თანხის „ქართულ ოცნებაში“ შეტანა. რით ასაბუთებს კონტროლის პალატა თავის ბრალდებას? - კონტროლის პალატის პოზიცია იმით იყო დასაბუთებული, რომ ნუგზარ ხუციშვილს „ქართუ მშენებლისგან“ პრემია მანამდე არასოდეს მიუღია, რომ ნუგზარ ხუციშვილის ხელფასი თვეში 1000 ლარია და ამ დროს პრემიის სახით ჩაერიცხა 40 000 ლარი, რაც უჩვეულოდ მაღალი პრემიაა და ის, რომ პრემიის ჩარიცხვიდან სამ დღეში მან თანხის ნაწილი შეიტანა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. ეს იყო კონტროლის პალატის არგუმენტები, რომლითაც ის თვლის და ასაბუთებს ამ მოჩვენებით გარიგებას. ამის საპასუხოდ თქვენ რა არგუმენტები გაგაჩნიათ? - რაც შეეხება ჩვენს მხარეს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გარდა „ქართუ მშენებელისა“ ნუზგარ ხუციშვილის „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალ კიდევ ორ კომპანიაში მუშაობს და მისი თვიური ანაზღაურება არის 5000 ლარი და არა 1000 ლარი. მეორეც, ხუციშვილი იქ მუშაობს 2006 წლიდან, ანუ უკვე წუთი წელია იგი ამ მაღალ შემოსავალს იღებს და მან ახლა გადაწყვიტა, რომ თავისი თანადგომა გამოეხატა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მიმართ, რამეთუ ამდენი ხნის განმავლობაში, სწორედ ბატონი ბიძინა იყო მისი დამსაქმებელი. ასევე არგუმენტი იყო ის, რომ გარდა ხუციშვილისა, „ქართუ მშენებელმა“ სხვა პირებზეც გასცა ასთი მოცულობის პრემია, რომლებსაც „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობა არ გაუკეთებიათ. სასამართლო პროცესზე ალბათ, თქვენ ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციაც წარადგინეთ. - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, დადასტურებულია. ამდენად, სხვა პირებზეც იყო პრემია გაცემული და მათ არ ჰქონდა შემოწირულობები გაკეთებული. ნუგზარ ხუციშვილი არის „ქართუ მშენებელის“ დირექტორის მოადგილე. უფრო მეტი პრემია გაიცა დირექტორზე. თუ კონტროლის პალატის ლოგიკას მივყვებით, მაშინ დირექტორსაც უნდა შეეწინა პრემიის სახით მიღებული თანხის ნაწილი. ეს არის ფაქტები და გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს იურიდიულ მომენტს. იურიდიულ მომენტში მთავარია ის, რომ დარღვევად მიიჩნევა ის ქმედება, როდესაც პირმა, ანუ თანხის შემომწირავმა იცის, რომ ვისაც უნდა შესწიროს თანხა, იმისთვის თანხის შეწირვა აკრძალულია, ანუ უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი, რომ ესა თუ ის სუბიექტი არ შეიძლება იყოს თანხის მიმღები. თუ ეს მომენტი არ არსებობს, მაშინ ამ დარღვევას ვერ ჩაიდენ. აქ სწორედ ეს მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი მოძრაობა, კონტროლის პალატას მიაჩნია, რომ ეს არის ფინანსური თვალსაზრისით პარტიასთან გათანაბრებული სუბიექტი და ამიტომ მას უფლება არ ჰქონდა შემოწირულობის მიღების. დავუშვათ ეს ასეა, ისმის კითხვა, „ქართუ მშენებელმა“ და ნუგზარ ხუციშვილმა იცოდნენ თუ არა ამის შესახებ? კონტროლის პალატას მიაჩნია, ისინი ერთმანეთთან იყვნენ მოლაპარაკებულები, თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მათ ეს იცოდნენ. კონტროლის პალატა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარებული სუბიექტი და მან არ უნდა მიიღოს შემოწირულობა. მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხი დგას ასე, რით ასაბუთებს კონტროლის პალატა, რომ მისი ამ მოსაზრების შესახებ იცოდა თანხის შემომწირველმა? კონტროლის პალატის პასუხი არის - მათ ეს უნდა სცოდნოდათო. ეს არის არაადექვატური პასუხი, რადგან ამჟამად მოქმედი კანონით პარტიასთან გათანაბრებული შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუკი ის პარტიულ მიზნებს, ან საქმიანობას ახორციელებს. არ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, აწონ-დაწონოს და მიხვდეს რომელი სუბიექტის მიზნები არის ასეთი. ეს არ იყო საზოგადოდ აღიარებული ფაქტი და ამ პირებისთვის ცნობილი. თუმცა, როგორც გითხარით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პრემია მხოლოდ ხუციშვილს არ მიუღია, სხვებმაც მიიღეს, ხუციშვილს კი ამ თანხის ნაწილის „ქართული ოცნებისთვის“ შეწირვით უნდოდა ბიძინა ივანიშვილისთვის გამოეხატა მადლიერება იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში მასთან იყო დასაქმებული. აქ კიდევ არის წმინდა იურიდიული მომენტები, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთი რამ, რაც მინდა ამ ყველაფერს დავამატო არის ის, რომ ჩვენ ამ საქმის განსახილველად სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. სასამართლომ კი ის განიხილა საჩივრის ფორმით. განსხვავება მათ შორის არის ის, რომ როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი, მისი განხილვა ხდება სამ სასამართლო ინსტანციაში, საჩივრის შემთხვევაში კი - ორ ინსტანციაში. სარჩელის განხილვის ვადა თითოეულ ინსტანციაში არის ხუთ თვემდე, საჩივრის განხილვის ვადა კი სულ რამდენიმე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ პიროვნების არჩევანზეა დამოკიდებული სარჩელის გზით მოახდენს ჯარიმის გასაჩვრებას, თუ საჩივრის გზით, სასამართლომ ჩაკეტა სარჩელის შეტანის გზა. ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ამ დადგენილების დაკანონება და აღსასრულებლად მიქცევა. აპირებთ ამ დადგენილების გასაჩივრებას? - დიახ, ვინაიდან საქმე ეხება საჩივარს, მისი გასაჩივრებისთვის არსებობს 10-დღიანი ვადა. შემდეგ, გასაჩივრებიდან დაახლოებით 3-4 დღეში სააპელაციო სასამართლო განიხილავს საჩივარს და სადღაც 25-26 მარტისთვის უნდა ველოდოთ, რომ საქმის განხილვა საჩივრის ფორმატით დასრულებული იქნება და მიიქცევა აღსასრულებლად. სამართლებრივი ბრძოლა მეორე ფრონტზეც მიმდინარეობს და თქვენ კონტროლის პალატის დავების განმხილველ საბჭოში შეტანილი გქონდათ საჩივარი, რომლითაც ითხოვდით კონტროლის პალატის მიერ „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიექტად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმებას და ამ მოთხოვნაზეც უარი გეთქვათ. - საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატამ მიიჩნია პოლიტიკურ ორგანიზაციად მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი არ არის. იმისათვის, რომ ადამიანმა შეაფასოს ამ საზოგადოებრივ მოძრაობას აქვს თუ არა პოლიტიკური მიზნები, უნდა ნახოს რა არის ეს მიზნები. ეს მიზნები არ აღემატება ჩვეულებრივი საზოგადოებრივი, არაპოლიტიკური ორგანიზაციების მიზნებს. „ქართული ოცნების“ მიზნები არის დაკავშირებული კულტურული, ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი განვითარების, ნორმალური საარჩენო გარემოს ჩამოყალიბებისკენ. პოლიტიკური მიზანი არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არის კლასიკური განმარტებით, მაგრამ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებენ საარჩევნო სფეროში, მიზნად ისახავენ კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, კანონმდებლობის დახვეწისთვის ხელშეწყობას. არიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც არის პოლიტიკური უნარ-ჩვევების დახვეწა, პოლიტიკური კულტურის ამაღლება და ა.შ. იმის გამო, რომ მსგავსი საარჩევნო ან პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთნ დაკავშირებული მიზნები აქვს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს არ განიხილება პოლიტიკურ მიზნებად თუკი ის არ არის დაკავშირებული ხელისუფლებაში მოსვლასთან. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი. ამ შემთხვევაში კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზნები არის პოლიტიკური. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ისევ კონტროლის პალატაში. გასაგებია, რომ კონტროლის პალატა თავის პოზიციას შეინარჩუნებდა. აქ ახალი არც არაფერი იყო. ეს არის ძირითადი იურიდიული ასპექტი, თუმცა აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კანონი არის არაგმჭვირვალე, რადგან არ იძლევა იმის განმარტებას, რას ქვია პოლიტიკური მიზანი, და რას - არა. ასე შესაძლებელია ნებისმიერი მიზანი ინტერპრეტაციის კვალობაზე დაკავშირებული იყოს პოლიტიკასთან. მაგალითად, დემოგრაფიული მდგომარეობის შესწავლა და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ფართო გაგებით შეილება პოლიტიკურ მიზნად დასახელდეს. ან ვთქვათ, მოწესრიგებული საარჩევნო გარემოს შექმნა ფართო გაგებით შეიძლება პოლიტიკური მიზანი იყოს. სწორედ ამიტომ არის პრეტენზიები კანონის მიმართ, ის არ იძლევა რა მკაფიო განმარტებებს, რა არის პოლიტიკური მიზნები, აძლევს კონტროლის პალატას და ზოგადად ხელისუფლებას, რომ თვითნებურად, ისე როგორც მას მიაჩნია მიზანშეწონილად, მოახდინოს კანონის ინტერპრეტირება და ცალკეული პირი მოაქციოს ფინანსური შეზღუდვის ქვეშ. |