პრეზიდენტის თელავში ვიზიტი თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ინფარქტით დასრულდა

პრეზიდენტის თელავში ვიზიტი თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ინფარქტით დასრულდა

გუშინწინ ნაციონალური ტელეარხები იუწყებოდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს თელავში დიდი სიხარულითა და ოვაციებით დახვდნენ. მაგრამ კადრებში კარგად ჩანდა, რომ სააკაშვილს არც არავინ მთხვევია, როგორც ეს სხვა შეხვედრებზე ხდება ხოლმე.

როგორც presage.tv-თან საუბრისას თელავის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთოხების გამო არ ვასახელებთ, თქვა, რომ ის ადამინებიც, ვინც ამ შეხვედრაზე ჩანდნენ ძალით მიიყვანეს.

თავდაპირველად თელავში მცხოვრებლებს შეხვედრაზე მისვლაზე უარი უთქვამთ და მარტო ნაციონალების აქტივისტები და გამგეობის თანამშრომლები მისულან. თუმცა, საინტერესო ის არის, მასწავლებლების და ბავშვების მასობრივი მიყვანა მაინც რატომ გაუჭირდათ.

სააკაშვილი კი ასეთი დახვედრის გამო ძალიან გაბრაზებულა და, როგორც ჩვენი წყარო ამბობს,  თელავიდანაც ისევე აპირებდა წამოსვლას, როგორც ცოტა ხნის წინ დუშეთიდან გამოიქცა, როდესაც დუშელების დახვედრა გულთბილი და საკმარისად ხალხმრავალი არ მოეჩვენა.

თელავში კი ხალხის მიყვანა უკვე პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ღვინიაშვილის უშუალო ჩარევის შემდეგ მოხერხებულა.

ამის გამო პრეზიდენტი უკვე თელავის მაჟორიტარზე გაბრაზებულა. პრეზიდენტის გაბრაზების შესახებ კი გუშინ თავად თელავის მაჟორიტარმა შეიტყო და, როგორც ჩანს, ისე ინერვიულა, რომ ინფარქტი დაემართა. გუშინ კენჭისყრისას ის ისე ცუდად გახდა, რომ სხდომათა დარბაზიდან სავარძლით გაიყვანეს და შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. 

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულად მოქმედ მაჟორიტარებზე არის განაწყენებული და, თუკი პრეზიდენტის გულის მოგებას ვერ შეძლებენ, მაშინ მომავალ პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან.

რამდენიმე დღის წინ presage.tv იმის შესახებაც წერდა, რომ ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული მაჟორიტარების კონტროლი, ქარელის მოქმედ მაჟორიტარს, ემზარ გელაშვილს უკვე გამოუცხადა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად აღარ დაასახელებენ და მის ადგილს ქარელის მოქმედი გამგებელი დაიკავებს. 

როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ეტაპზე მართლაც საკუთარ მაჟორიტარებზე დაკვირვებით არის დაკავებული და როგორც ჩანს, მათი ნაწილი ამ სტრესს ვეღარ უძლებს.