პრეზიდენტისა და უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობის შესაბამისობა საჯარო სამსახურის ინტერესებთან, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი, მართლმსაჯულების თემა და წინასწარი გამოძიების საკითხები ქვეყანაში, რომელიც ეხება სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების და ჟურნალისტ სოფო ნიკოლეიშვილის ბრალდებების გარემოებებს, ასევე კონტროლის პალატის მიერ ასობით მოქალაქის დაკითხვის ფაქტი – ეს არის იმ საკითხების ჩამინათვალი, რაზეც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ხელისუფლებისგან პასუხის გაცემას ითხოვს.
შესაბამისად, ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად ფრაქცია სამ საკითხს აყენებს. ითხოვენ პარლამენტში სამთავრობო საათის გამართვას და ორი მინისტრის – მერაბიშვილის და ადეიშვილის დაბარებას. ასევე ფრაქციის სხდომაზე კონტროლის პალატის ხელმძღვანელის მისვლას და ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესასწავლად. ეს საკითხები ფრაქციამ 13 მარტს სესიაზე დააყენა.
როგორც პლენარულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ფრაქციის წევრები სხდომაზე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს იწვევენ.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს 10 ძირითად შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელთა შორისაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსური საქმიანობა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მართლმსაჯულებაში არსებული მდგომარეობა და ა.შ.
დიმიტრი ლორთიფანიძემ დასძინა, რომ ფრაქციამ აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს წერილობით, უკვე მიმართა.
ამასთან, როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, „ერთობა სამართლიანობისათვის“ ფრაქციის ღია სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილს იწვევს.
მისი თქმით, ფრაქციას ლევან ბეჟაშვილთან შეკითხვები აქვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის“ აღსრულებაზე. ლორთიფანიძემ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ 400 მოქალაქეს მიუვიდა უწყება, რომლითაც მათ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წევრებთან შეხვედრას სთხოვენ.
დეპუტატის შეფასებით, ეს ამ ადამიანების უფლებების დარღვევაა, რადგან მათ ფინანსური ურთიერთობა არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ ჰქონიათ.
ფრაქციის ღია სხდომა 20 მარტს გაიმართება.
ჯონდი ბაღათურია კი ელიტური კორიფციის შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძოებო კომისიის შექმნის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა და ამ კომისიის თავმჯდომარეობა უმრავლესობას შესთავაზა.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, მისი ფრაქციის და „ქართული დასის“ ინიციატივას ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, საზოგადოებაში სრული მხარდაჭერა აქვს.
მისი განმარტებით, ამ კომისიამ პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების, ასევე პრეზიდენტის გარემოცვის და მთავრობის წევრთა კორუფციული და შავი ბიზნესი უნდა გამოიძიოს.
„შესანიშნავი შანსი ეძლევა პრეზიდენტს მისი სიმართლის დამტკიცებისა“, – განაცხადა ბაღათურიამ და განმარტა, რომ ამ კომისიის ნახევარი საპარლამენტო უმრავლესობა იქნება, მეორე ნახევარში კი ხელისუფლებისადმი „ცოტა არ იყოს“ ლოიალურად განწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ.
ასევე, ბაღათურიამ საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არ ეკუთვნით“, კომისიის თავმჯდომარეც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იყოს.
ამასთან, ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის ქონებასთან დაკავშირებით, ტელედებატებში იწვევს.
„ეტყობა პრეზიდენტს გულში ცუდად ჩარჩა 28 თებერვალს პარლამენტის დებატებზე განვითრებული მოვლენები და „დადის მთელ საქართველოში და ბაღათურიას ლანძღავს“, - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ამიტომ ის პრიდაპირ ეთერში დებატებში იწვევს მიხეილ სააკაშვილს მის ქონებაზე სასაუბროდ.
„დავსხდეთ მშვიდად, წყნარად, ისტერიკების გარეშე და გავმართოთ დებატები ამ საკითხზე. ღია ეთერში დავამტკიცებ, რომ პრეზიდენტი უკანონოდ გამდიდრდა, მიითვისა სახელმწიფო საკუითრებაში არსებული ქონება და დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა ბაღათურიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკრაშვილს კი ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე საუბარი დემაგოგიად მიაჩნია.
როგორც მან განაცხადა, ყველას, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გარემოცვის კორუმპირებულობაზე საუბრობს, შეუძლია ქუჩაში გავიდეს და დღევანდელი რეალობა 2002-2003 წლებს შეადაროს.
მისივე შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირების კორუმპირებულობაზე საუბრით დეპუტატი ჯონდი ბაღათურია „ვანოს შოუს“ აწყობს გარკვეული პრივილეგიების მისაღებად.
ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ კორუმპირებული ქვეყნის წინა პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო და ბიზნესის მთელ სფეროებს აკონტროლებდა - დაწყებული ნავთობის ბიზნესით და ტელეკომუნიკაციებით დამთავრებული.
მისი თქმით, 2002-2003 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტი 12-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დღეს არის, პენსია 14 ლარს შეადგენდა, მაგრამ არც ის გაიცემოდა, სახელმწიფო სექტორში ხელფასები 30-40 ლარი იყო და თვეობით არ რიგდებოდა, რეგიონები ჩაბნელებული იყო და ენერგეტიკულ მაფიაში პრეზიდენტის კლანი იყო ჩართული.
„ყველა ჩინოვნიკი თავს კორუფციით ირჩენდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, დღეს ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და გასულ წელს მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა, რაც კორუფციის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი კი ოპოზიციას ახსენებს, - „კორუფცია ისეთი მამაძაღლია“, რომ საზოგადოებაში თავს ვერ დამალავდა.
როგორც გაბაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს კორუფცია მაღალ ეშელონებში და ამიტომ, ჯონდი ბაღათურიას არავინ დაუჯერებს, რომ პირველი ლედის რადიო „მუზა“ და ან აღმოსავლეთმცოდნეობის კურსი, კორუფციაა.
„ეს არ არის კორუფცია, რაც არ უნდა ხმამაღლა ისაუბროთ, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია, სწორედ კორუფციასთან და იმ მთავარ სნეულებასთან ბრძოლაა, რის გამოც მოსახლეობა 2003 წლის ნოემბერში ქუჩაში გამოვიდა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობას კორუფციასთან შეხება აღარ აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, საქართველო ამ მხრივ ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის გვერდით განიხილება.
„კორუფცია კი ისეთი მამაძაღლი რამეა, თქვენს თანაპარტიელებს და მეგობრებს ჰკითხეთ, რომ თუ ქვედა და საშუალო ფენას არ აქვს შეხება კორუფციასთან, შეუძლებელია უმაღლესი ეშელონი იყოს კორუმპირებული. თევზი ყოველთვის თავიდან ყარს“, – მიმართა გაბაშვილმა ჯონდი ბაღათურიას და დასძინა, რომ ეს თემა დღეს არც მომგებიანია და არც საზოგადოებისთვის არის დამაჯერებელი.
მისივე შეფასებით, ჯონდი ბაღათურია „ახალი ლიდერის“, ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებულ მოდას აჰყვა, რომელიც საუბრობს, რომ ეკონომიკა დანგრევის პირასაა და ბიუჯეტი ისეთ ცუდ დღეშია, რომ მომავალი თვიდან ხელფასები ვეღარ გაიცემა.
„არადა, საპირისპიროდ არის ყველაფერი“, – განაცხადა გაბაშვილმა და „ქართული დასის“ ლიდერს ურჩია, აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავს.
რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო საათის გამართვას, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „სამთავრობო საათით ოპოზიციას თეატრის მოწყობა სურს და ამის დაშვებას არ აპირებს“.
როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა კარგად ჩამოყალიბებული არ არის, რადგან შეკითხვები არ არის მიმართული იმ ადრესატებამდე, რომლებიც პარლამენტში უნდა იყვნენ მიწვეულნი და მთელი რიგი შეკითხვები გამიზნულია სხვა უწყებებისთვის.
მისივე განმარტებით, პარლამენტში მთავარი პროკურორის მოწვევა არ არის აღწერილი რეგლამენტში და სამართლებრივ ჩარჩოებს არ შეესაბამება.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში შოუს მოწყობა სურს, რისი მიზანიც „კასტინგი“ და „ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებაა“, რაშიც მინისტრები ვერ ჩაერთვებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ დებატები პლენარული სხდომების ყოველ სამშაბათ დღეს არის და ოპოზიციას კითხვებზე პასუხების მიღება, ამ დებატების ფარგლებში, უმრავლესობის წევრი დეპუტატებისგანაც შეუძლია.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით კი, სამთავრობო საათზე ორ მინისტრს იბარებენ და მას არ უხსენებია მთავარი პროკურორი. შესაბამისად მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს, მათი მოთხოვნა არაკანონიერად წარმოაჩინოს და ამით მინისტრებს პარლამენტში მისვლა თავიდან ააცილოს, რაც, მისი თქმით, უმრავლესობის მხრიდან კანონის დარღვევას ნიშნავს.
„პლენარულ სხდომაზე ჩვენთვის რეგლამენტის ფარგლებში მონიჭებული უფლებით გავაკეთეთ განცხადება, ერთის მხრივ, სამთავრობო საათის დანიშვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბოლო ხუთშაბათს სამთავრობო იუსტიციის, რომელიც ამავე დროს გვევლინება ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრების მოწვევა მოვითხოვეთ. მათ წერილობით, ანუ კანონით დადგენილი ფორმით გადავუგზავნეთ კითხვები. არის 10 მნიშვნელოვანი შეკითხვა
„პრეზიდენტისა და უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობის შესაბამისობა საჯარო სამსახურის ინტერესებთან, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი, მართლმსაჯულების თემა და წინასწარი გამოძიების საკითხები ქვეყანაში, რომელიც ეხება სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებებს, ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის სისხლის სამართლის გარემოებების ბრალდებებს და ყველა ამ საკითხის ერთობლიობით ვითხოვთ ორი მინისტრის მოწვევას.
ჩვენთვის გაუგებარია ბატონი პეტრე ცისკარიშვილის საპასუხო განცხადება ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მისი პირით ხდება ამ ორი მინისტრის ადვოკატირება, რათა შეაგუონ საზოგადოება, რომ ისინი მოსვლას არ აპირებენ. ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა, რადგან ჩვენ ფორმალურად არავითარი პროცედურა არ დაგვირღვევია და დაზუსტებული მოთხოვნა დღეის მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში კანცელარიის გავლით და არავითარი ფორმალური საფუძველი უარის თქმისთვის არ არსებობს. ჩვენ არ ვითხოვთ მთავარი პროკურორის მოწვევას. მე ნათლად და ცალსახად განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან და არსებობს ამის ჩანაწერი, რომ ვითხოვთ ორი მინისტრის – ადეიშვილის და მერაბიშვილის მოწვევას. ამაზე კი, უარის თქმისთვის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, გაუგებარია, მათ ადვოკატირებას რატომ ახდენს ბატონი ცისკარიშვილი და რატომ პასუხობს ამ ორი წარმომადგენლის მაგივრად. რა კავშირი აქვს მას მათი მხრიდან გასაცემ პასუხებზე“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.