სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სავარაუდოდ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიო მასალასთან დაკავშირებით კითხავენ.
როგორც ჯანაშიამ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერ გააკეთებს პროგნოზებს თუ რა საკითხები აინტერესებს მასთან, საგამოძიებო უწყებებს.
„გაკვირვებული ვარ ერთი რაღაცით. მოვდივარ უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე და მკითხავენ საქართველოში გადატრიალების საკითხზე, რომელიც თვითონ მათ უკრაინული საიტებიდან შეიტყვეს, რომელიც თავის დროზე რუსებმა ატვირთეს. შესაბამისად, ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ რას მკითხავენ“, - განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე განმარტებით, მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პიროვნებები ხშირად ეკითხებიან რჩევას და ისიც რეკომენდაციებს უწევს მათ.
რაც შეეხება კითხვას, მისცა თუ არა რეკომენდაცია უსაფრთხოების საკითხზე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიამ, ჯანაშიამ დაადასტურა, რომ მან ეს რეკომენდაცია გვარამიას მისცა.
„ნიკა გვარამია უსაფრთხოების კუთხით, როგორც ვიცი, შეწუხებულია. თუ არ ვცდები, 2 დღის წინაც ვისაუბრეთ მის პირად უსაფრთხოებაზე, თუმცა როგორც ვთქვი, მილიონი ადამიანია, ვისთვისაც რეკომენდაცია გამიწევია“, - განაცხადა ჯანაშიამ.
მან აქვე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის უსაფრთხოება არ შემოიფარგლება იმ 4 ადამიანით, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და დაცვითი ღონისძიებები კოპმლექსურ სამუსაოებს მოიცავს. აქვე ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მასთან გვარამიას არ დაუსახელებია ვინმე კონკრეტული პიროვნება, ვინც ემუქრებოდა.