უკვე გითხარით, რომ ბაქოდან გარიდებულმა აშორდიამ 1905 წლის გაზაფხულზე შორეულ აღმოსავლეთს მიაშურა, სადაც რუსეთ-იაპონიის გაგანია ომი მიმდინარეობდა.
კრიმინალისტიკის ისტორიამ გამოუსწორებელი თაღლითების მორჯულების უამრავი მაგალითი იცის, როცა მათ ძველი ხელობა მიუტოვებიათ, რწმენაში ჩავარდნილან და უფლის მსახურებით უცდიათ ცოდვების გამოსყიდვა. ბევრმა მათგანმა საომარ ასპარეზს მიაშურა და, როგორც წესი, თავზეხელაღებული ვაჟკაცობით გამოიჩინა თავი. დიდი კომბინატორი ასეთთა კატეგორიას ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ჯერ ერთი, ძალიან უყვარდა საკუთარი პერსონა და ოიამას ფანატიკოს ჯარისკაცთა ხიშტებზე წამოსაცმელად არ ემეტებოდა თავი; მეორეც, რომელი მისი სამშობლო მანჯურია იყო, სიცოცხლე რომ გადაედო? მამულისთვის თავგანწირვა სხვაგვარად ესმოდათ აშორდიებს. მამამისი გვაძა სულ ახალგაზრდა იყო, ყირიმის ომის დროს ომერ ფაშამ ენგური რომ გადმოლახა და სკვამი აშორდიას ბოში სხვა მეგრელ “ოპოლჩენცებთან” ერთად სისხლს უშრობდა პროდუქტების საშოვნელად სოფელ-სოფელ მოწანწალე ოსმალო ასკერებს.
მანჯურიაში ჩასვლა სხვა, გაცილებით პროზაულმა და პრაგმატულმა მიზეზებმა განაპირობა. საქართველოში დაბრუნება გამორიცხული იყო - იქ მას ციხე ელოდა. გარდა ამისა, კავკასიისა და ურალის მასშტაბითაც იცნობდნენ, როგორც ცნობილ გამყალბებელს. თქვენ წარმოიდგინეთ, გვაძას ბოშს პეტერბურგშიც ჰქონდა გავარდნილი სახელი. როცა ქუთაისის საქმე გასკდა და გამოძიება დაიწყო, სატახტო ქალაქში მოულოდნელად თავი ჩამოიხრჩო სენატის თანამშრომელმა, ვინმე გუსევმა. იქნებ, სხვა შემთხვევაში სუიციდის ამ აქტს განსაკუთრებული დაინტერესება არც გამოეწვია, მაგრამ გარდაცვლილი მოხელე ჰერალდიკის დეპარტამენტში მუშაობდა - სწორედ იმ უწყებაში, რომლის საბოლოო ვერდიქტზეც იყო დამოკიდებული “იჩუჩების” გააზნაურების თუ ყაძახად დარჩენის პერსპექტივა. ძიება კვალს გაჰყვა და აღმოაჩინა, რომ გუსევი აშორდიას უახლოესი მეგობარი და პარტნიორი იყო. სწორედ მისი მეშვეობით ახერხებდა დიდი კომბინატორი ყალბ საბუთებზე სასურველი “დაბროს” მიღებას. მეგრული მოსაკითხით დატვირთული აშორდია ხშირად ჩადიოდა იმპერიის სატახტოში და რა ძნელი მისახვედრია, რომ ნიკოლოზის “ჩერვონეცებსაც” ძმურად ინაწილებდნენ.
სხვა რა დარჩენოდა - შორეული აღმოსავლეთი, რადგან ოქრომრავალი ალასკა უკვე ამერიკელებისთვის ჰქონდა მიყიდული ბედოვლათ იმპერატორ ალექსანდრეს. ეს ცივი, შორეული მხარე იმ დროისთვის ანდამატივით იზიდავდა ყველა ჯურის ავანტურისტს. როგორც ვთქვი, უკვე, ომი მიმდინარეობდა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა მოხერხებული კაცისთვის იოლი საქმე იყო.
რა საქმიანობას ეწეოდა აშორდია მანჯურიაში? ყველაფერი, ალბათ, ცნობილი არაა, მაგრამ ის, რაც სასამართლოს მასალებშია აღნიშნული, ახალ შტრიხებს სძენს გენიალური თაღლითის ამის გარეშეც შთამბეჭდავ პორტრეტს.
+ + +
მოგეხსენებათ, როცა დემიურგი საქმეს შეუდგა და ხატად თვისად ადამის შექმნა გადაწყვიტა, დაფიქრდა და მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი საპირისპირო სქესის გარეშე ვერ გაძლებდა. ამას მოჰყვა ნეკნთან დაკავშირებული ცნობილი ოპერაცია და იმ დღიდან მოყოლებული მდედრი განუყრელადაა დაკავშირებული მამრის ცხოვრებასთან. ლამაზი ქალბატონების ხელისა და გულის დასაუფლებლად უამრავი დუელი გამართულა ბიბლიური დროიდან დღემდე. დუელს ვინ ჩივის, განა აგამემნონის ლაშქარი მშენიერი ელენეს დასაბრუნებლად არ აღიძრა ტროას წინააღმდეგ? ჩვენ ამით არაფერი წაგვიგია, ბოლო-ბოლო ჰომეროსმა ორი მშვენიერი პოემა დაგვიწერა… რაც შეეხება დაღვრილ სისხლს, მოარული სენტენციის თანახმად, თუ კანონი იმისთვის იწერება, რომ შემდეგ დაირღვეს, რატომ არ შეიძლება იგივე ვთქვათ რაღაც მოწითალო სითხეზე?
ცხონებული დუმბაძის “თეთრი ბაირაღების” პერსონაჟის, ლიმონა დევდარიანის თქმით, უდედაკაცობას ყველაზე მტკივნეულად პატიმარი მამაკაცები განიცდიან. თქვენი მონა-მორჩილი ორჯერ ვარ ნაჯდომი ხულიგნობის გამო (90-იან წლებში მოდაში იყო ამ მუხლის გამოყენება არასანქცირებული მიტინგის ორგანიზატორთა წინააღმდეგ), მაგრამ იმდენად მცირე ხნით, რომ უქალობის განცდა ვერც მოვასწარი. ამდენად, გამყრელიძის (ე.ი. დევდარიანის) დასკვნას მხოლოდ თეორიულ ასპექტში შემიძლია დავეთანხმო. მეტიც - ვფიქრობ, უდედაკაცობა არც ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის უნდა იყოს სასიამოვნო ხილი და გამოჩენილმა სტრატეგოსებმა, თუ ჯერ არ უფიქრიათ, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ამ გარემოებას. ფაქტია, ტესტოსტერონმოჭარბებული და დაუკმაყოფილებელი მებრძოლი არც მზვერვად ვარგა და არც გუშაგად, რადგან მისი აზრი და გონება სხვაგან ჰქრის. ფრონტის წინა ხაზზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
არ ვიცი, რამდენად ზრუნავდნენ გენერლები - ალექსეევი და კუროპატკინი თავიანთი ჯარისკაცების მოჭარბებული სქესობრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ - არა, და ამ გარემოებამ სხვაზე მეტად სოლომონ აშორდია გააღიზიანა. დიდ კომბინატორს საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ქუთაისისა და ბაქოს ციხეებში ჯდომისას ქალის მონატრება. ეს ერთადერთი რამ იყო, რის ფალსიფიცირებასაც ისტორიული საბუთების უბადლო გამყალბებელიც კი ვერ ახერხებდა (მოგეხსენებად, მე-20 საუკუნის დასაწყისში რეზინის გასაბერი ქალები ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი). ამიტომ, გვაძას ბოშმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უსულგულო გენერალიტეტის დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოესწორებინა და ჯარისკაცები ცხელშიგანიანი მეძავებით მოემარაგებინა, თან, “პა ხოდუ”, ორ კაპიკს თუ გააკეთებდა, ამას რა სჯობდა?!
1904-1905 წლებში შორეულ აღმოსავლეთს მთელი რუსეთიდან მიაწყდა გასტროლიორ მეძავთა უზარმაზარი არმია. იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნილება აშკარად სჭარბობდა მიწოდებას, მანჯურიაში ჩასული ღამის პეპლები მაინც ვერ ახერხებდნენ საკუთარი ისტორიული მისიის განხორციელებას. მიზეზი? - “პროპუსკის” უქონლობა. მოგეხსენებათ, ომის პირობებში ფრონტის ხაზის გადალახვა სამოქალაქო მოსახლეობისთვის შეზღუდულია და ამას განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება, რომელსაც თვით უმაღლესმა მთავარსარდალმა, ან მისი ნდობით აღჭურვილმა შტაბის მუშაკმა უნდა მოაწეროს ხელი. აი, სად იჩინა თავი დიდი კომბინატორის პროფესიონალიზმმა. შექმნილ სიტუაციაში სოლომონმა (იმ დროისათვის იგი ჟვანიას პასპორტით ცხოვრობდა) ისე იგრძნო თავი, როგორც (გაცვეთილი შედარებაა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ) თევზმა წყალში. საშვის ორიოდე ორიგინალური ნიმუშის ნახვის შემდეგ მისი საამქრო სრული დატვირთვით ამუშავდა...
არ იფიქროთ, გვაძას ბოში თავს ყველას უყადრებდა. მან პატარა, მაგრამ მობილური ჯგუფი შექმნა, რომლის ყველა წევრს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ზოგი - კლიენტების მოძიებაზე მუშაობდა, ზოგი - ფინანსების მოძრაობით იყო დაკავებული, ზოგიც - კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფაზე აგებდა პასუხს (აშორდიას ყოველდღიური, ზუსტი მონაცემები ჰქონდა სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და შტაბის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ). დროის მოკლე მონაკვეთში მან, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ, რამდენიმე ათასი ასეთი დოკუმენტი დაამზადა. როგორც უკვე გითხარით, კლიენტთა უმეტესობა მეძავი იყო. მათთან ერთად ფრონტის ხაზს ყოველდღიურად დიდი კომბინატორის მიერ გაცემული საშვით აღჭურვილი უამრავი სპეკულანტი, ხაზინის ქურდი, წვრილი თუ მსხვილი მეწარმე და კომივოიაჟერი კვეთდა ორივე მიმართულებით.
აშორდიას ახალი “პაძელნიკებიდან” ერთი კაცი უნდა გამოვყოთ - მილიციის პრაპორშჩიკი სოკრატ იოსელიანი. ეს ჩვენი სოკრატი, ცხადია, იმ დიდ სოკრატეს ვერ შეედრებოდა (ანუ, არ იცოდა ის, რომ არაფერი იცოდა), სამაგიეროდ ვირეშმაკული ჭკუა და მიხვედრილობა არ აკლდა. მილიციასა და მამაძაღლობაში გამოჯეკილმა და თავის დროზე საქართველოდან სამართლებრივ პასუხისმგებლობას გარიდებულმა ტიპმა იგრძნო, რომ სოლომონის სახით ნამდვილ განძთან ჰქონდა საქმე და ყველაფერი გააკეთა მისი ნდობის მოსაპოვებლად. სწორედ იოსელიანის რჩევით წამოიწყო გვაძას ბოშმა საბუთების გაიმასქნების ახალი, უპრეცედენტო მასშტაბის კამპანია, რომელთა მეშვეობითაც საინტენდანტო საწყობებიდან, თითქოსდა არმიის საჭიროებისთვის, დაუბრკოლებლად გამოჰქონდათ განუსაზღვრელი რაოდენობით შაქარი, დამარილებული თევზი, სალა, ბურღულეული, ორცხობილა, ზეთი... ძნელი მისახვედრი არაა, რა ფასი ედო ამ პროდუქტებს ფრონტის მოსაზღვრე რეგიონებში და რა შემოსავალი მიიღო აშორდიას “შაიკამ” მათი სპეკულანტური რეალიზაციით.
აღმასვლას დაღმასვლა მოსდევსო - ნათქვამია. აშორდიას საქმეც ასე იყო. მთელი მისი ცხოვრება თავბრუდამხვევი აფერებისა და ჩავარდნების კასკადია. საინტენდანტო საწყობების საქმე მალევე გასკდა, მაგრამ დიდმა კომბინატორმა იოსელიანთან ერთად მოახერხა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა. ასევე, მშრალზე დარჩა იგი, როცა ფრონტის ხაზზე მეძავთა ბატალიონების გადაყვანის ბიზნესით დაკავებული ვინმე ბელიაევი დააპატიმრეს და სოლომონის მიერ სულ რაღაც 7 000 მანეთად დამზადებული უამრავი ყალბი საშვი აღმოუჩინეს. მაშინ ძიება აშორდია-ჟვანიას კვალზე კი გავიდა, მაგრამ სოკრატის მეცადინეობით გვაძას ბოში გამოძვრა და, როგორც საეჭვო ელემენტი, მხოლოდ ფრონტისპირა ზონიდან გასახლებას დააჯერეს.
+ + +
აშორდია თანდათან აფართოებდა სამოქმედო არეალს როგორც გეოგრაფიული, ასევე - თაღლითური თვალსაზრისით. უფასა და ნოვოსიბირსკში განცდილი ფიასკოს შემდეგ იგი დაფიქრდა, რამდენად ღირდა ლომის ხახაში თავის შეყოფა და ბანკებიდან ყალბი ქვითრების გამოყენებით მსხვილი თანხების მოხსნა. რამდენადაც ეს საქმე სწრაფად განსახორციელებელი და ეფექტური იყო, იმდენად - რისკიანიც, რადგან მცირედი ეჭვის შემთხვევაში ბანკის თანამშრომლებს ნახევარ საათში შეეძლოთ გაერკვიათ ფალსიფიცირებული დოკუმენტის ავანჩავანი. სწორედ ამან დააფიქრა გვაძას ბოში და გადაწყვიტა, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ამ უაღრესად სახიფათო ოპერაციებისთვის თავი აერიდებინა. შექმნილ სიტუაციაში თაღლითურმა კონსილიუმმა იმსჯელა და დაასკვნა, რომ ფული გაყალბებული კონოსამენტებით მიღებული საქონლის რეალიზაციით ეშოვნათ.
თუ ძალიან არ შეწუხდებით, უცხო სიტყვათა ლექსიკონი გადაშალეთ და წაიკითხეთ, რას ნიშნავს ”კონოსამენტი”. ესაა საქონელგანმკარგულებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საზღვაო ტვირთის გადაზიდვის თაობაზე არსებული ხელშეკრულება და მისი პირობები. იგი, ფაქტობრივად, საქონლის გადასატანად მიღების მტკიცებულებას წარმოადგენს. კონოსამენტის გაცემა შეუძლია ხომალდის კაპიტანს ან გადამზიდი სატრანსპორტო ორგანიზაციის საქონელგანმგებელს. ასევე, არსებობს ე.წ. ორდერული კონოსამენტები, რომლებიც სხვა ტიპებისგან იმით განსხვავდება, რომ ტვირთის გაცემა საანგარიშსწორებო ბანკის მეშვეობით ხდება.
ნუ დავუკარგავთ, ეს იდეა პირველად აშორდიას კი არა, იოსელიანს გაუჩნდა, რომელიც იმჟამად ვლადივოსტოკის მილიციაში მსახურობდა. იდეა იდეად, მაგრამ ჭრელი და გავლენიანი სანაცნობოს მიუხედავად, ახალი დროის სოკრატი უძლური იყო. ამ საქმის მოკვარახჭინებას დიდი კომბინატორის ხელი სჭირდებოდა, რომელიც იმ დროისთვის ჩიტაში ეძლეოდა განცხრომას და დროსტარებაში ხარჯავდა მანჯურიაში გახვითქული მეძავების ალალი შრომით ნაშოვნ ათასებს. ფული, იცოცხლე-თქო, ბევრი ჰქონდა, მაგრამ მოთხოვნილება და ხარჯი - უფრო მეტი. ამიტომ, როგორც კი ამურისპირეთიდან იოსელიანის დაშიფრული დეპეშა მიიღო (ვაკანსია გამოჩნდა, კაცი გამომიგზავნეთ, რომ დავასაქმოო), არც აცივა, არც აცხელა და ვლადივოსტოკში ჩავიდა. ომი უკვე დამთავრებული იყო. ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში დგებოდა და შორეული აღმოსავლეთის სასაზღვრო ოლქის ადმინისტრაციას საერთოდ დავიწყებული ჰქონდა თაღლითი ჟვანიას არსებობა.
ხანმოკლე დათათბირების შემდეგ აშორდიამ და იოსელიანმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მის განხორციელებას შეუდგნენ. გეგმა იმდენად მარტივი იყო, ახლა, როცა კლავიატურაზე ამ სტრიქონებს ვკრებ (სად წავდა ტექნიკური პროგრესი გალაკტიონის შემდეგ?), თქვენ მონა-მორჩილს მაცდური ფიქრი მიტრიალებს - რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება დღესაც? ამისთვის სულაც არაა საჭირო ვლადივოსტოკსა და უსურიისკში წასვლა. აგერაა ფოთისა და ბათუმის პორტები, პორტში - გემები, გემებში - ტვირთი და თუ “მაერსკის” კონოსამენტების გაყალბებას შევძლებ, მიშოვნია მილიონები და ეგაა... პარდონ, ქილა ერბოს მპოვნელი ღატაკივით ოცნებებში გავერთე და ჯობს, აშორდიას თავგადასავლებს დავუბრუნდეთ, სანამ ვანოს ბიჭებმა მომიკაკუნეს კარზე.
მოკლედ, იოსელიანმა როგორღაც მოახერხა და მეორე “პაძელნიკის” - ვინმე ბერეჟიანის ნაცნობების მეშვეობით ბანკიდან რამდენიმე სოლიდური კაპიტალის მქონე კომპანიის უკვე გამოყენებული კონოსამენტები დაითრია. დიდ კომბინატორს რამდენიმე დღე დასჭირდა მათი ტიპოგრაფიული თავისებურებების შესასწავლად, მერე ერთი-ორჯერ წაივარჯიშა და სავაჭრო სახლ “კოტლიარევსკ ი. კ.”- სახელზე ოდესიდან გამოგზავნილი 25 000 მანეთის ღირებულების მანუფაქტურული ტვირთის მისაღებად საჭირო ყალბი კონოსამენტები დაამზადა. დოკუმენტთა ორიგინალები ოდესის საერთაშორისო კომერციულ ბანკში სულ სხვა ადამიანებზე იყო გამოწერილი და შემდეგ ინკასოზე რუსეთ-ჩინეთის ბანკის ვლადივოსტოკის განყოფილებაში გადაიგზავნა. თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს თაღლითური ოპერაცის მასშტაბებზე. ცხადია, რისკი აქაც არსებობდა და აფერა იოლად გაიშიფრებოდა, ოდესიდან კონოსამენტები ტვირთთან ერთად რომ გაეგზავნათ. მაგრამ აშორდიელებმა იცოდნენ, რომ დოკუმენტები საბანკო არხებით მოძრაობდა. ტვირთი დანიშნულების ადგილზე უფრო ადრე ჩადიოდა, ვიდრე მისი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთები, იქ კი მას იოსელიანის ხალხი ხვდებოდა. როცა ნამდვილი მიმღების წარმომადგენლები საქონელს მიაკითხავდნენ, მერეღა ირკვეოდა, რომ ტვირთი უკვე გატანილიც იყო და გაიმასქნებულიც.
კონოსამენტების ოპერაცია სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მაგ: “კოტლიარევსკ ი.კ.”-ს შემთხვევაში ყალბი დოკუმენტებით მიღებული დიდძალი მანუფაქტურა რეალიზაციამდე საიმედოდ უნდა ყოფილიყო დასაწყობებული. ამ ამოცანის მოგვარება იოსელიანმა იკისრა და ამფსონებთან ერთად ვლადივოსტოკში, ვინმე ეკატერინე კრასიკოვას სახლში საკმაოდ მოზრდილი ოთახი დაიქირავა. თავდაპირველი შეთანხმებით, მოქირავნეებს ორი თვით სჭირდებოდათ ბინა, მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ ბარგი ჩაალაგეს და წავიდნენ, გაწბილებულ დიასახლისს კი მიზეზად უთხრეს - საქმე ჩაგვივარდა, ვალები დაგვედო და კომერციას თავს ვანებებთო.
მკითხველი, ალბათ, უკვე მიხვდა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში “კომერსანტებმა” წარმატებით განახორციელეს არმად ნაშოვნი მანუფაქტურის რეალიზაცია და სასწრაფოდ აითესნენ.
სხვათა შორის, კონოსამენტების გაყალბების ისტორია სულაც არ შეიძლება აქტივში ჩავუწეროთ დიდ კომბინატორს. მისმა პარტნიორებმა ისარგებლეს იმით, რომ გვაძას ბოში ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მშრალზე დატოვეს იგი. მაგალითად, იოსელიანის მიერ შერჩეულმა რეალიზატორმა, ვინმე დომენტი ღლონტმა (იგი ასათიანის გვარით ცხოვრობდა ვლადივოსტოკში) აშორდიას კონოსამენტებით 10 000 მანეთის საქონელი გამოიტანა და ფულად აქცია. მოგვიანებით გამოირკვა, რომ იგი იოსელიანთან შეთანხმებით მოქმედებდა. სოლომონი მწვანე ღლაპი არ იყო, მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ დრომდე არაფერი შეიმჩნია. ერთი კი იყო - სოკრატს და ბერეჟიანს ღლონტის ნაცვლად უფრო პირიანი გამსაღებლის მოძებნა დაავალა. ამ უკანასკნელმა ვინმე აფხაძე შეურჩია, რომელიც ხელის დამცლელთა წრეში ტრიალებდა და, როგორც იტყვიან, ამ საქმეში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი. ჭიპმოჭრილმა რეალიზატორმა საქმეს კი გაართვა თავი, მაგრამ აშორდიას ისევ ხვიშტი დარჩა. ახლა კი აფეთქდა დიდი კომბინატორი. გაგიჟდებოდა, აბა რა იქნებოდ - ვიღაც უცხვირპირო გლეხუჭები მისგან ნაიმასქნევი დოკუმენტებით ათასებს შოულობდნენ, ერთმანეთში ინაწილებდნენ და “მოზგოვოი ცენტრს” არაფერს აძლევდნენ. თავად დაზარალებული ვაჟას დაჭრილი არწივის მდგომარეობაში იყო, ცალ მხარს მიწაზე მიითრევდა და, სანახევროდ შინაპატიმრობაში მყოფი, გარეთაც ვერ გამოდიოდა, რომ “აბიჟჩიკებისთვის” პასუხი მოეთხოვა. შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ათესვა იყო, სანამ ღვთის პირიდან გავარდნილი ამფსონები რაიმე შარს გადაყრიდნენ. ჰოდა, აითესა კიდეც...
საკითხის სისრულისთვის ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ყალბი კონოსამენტების საქმე გასკდა და პოლიციამ ათზე მეტი გამსაღებელი სარეალიზაციოდ გამზადებულ საქონელთან ერთად დააკავა. მათ შორის რამდენიმემ აშორდიასაც დაადო ხელი, მაგრამ დიდმა კომბინატორმა მოხერხებულად დაიძვრინა თავი ბრალდებიდან. როგორ აუბნია მან თავგზა საგამოძიებო დეპარტამენტის მოხელეებს, დღემდე გამოცანად რჩება.
+ + +
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა აშორდიამ თანამზრახველებისგან დისტანცირება სცადა. ამურისპირეთში მცხოვრებ ქართველებში მისი სასწაულებრივი ნიჭის შესახებ ლეგენდები დადიოდა (რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ შორეულ აღმოსავლეთში უამრავი ქართველი დარჩა საცხოვრებლად. აქვე იყვნენ რკინიგზის მოსამსახურენი, შარახვეტია ავანტურისტები, გადასახლებულები, ვაჭარ-მეწარმენი. მკვლევარ რუსუდან დაუშვილის ცნობით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში მხოლოდ ხარბინში 4000 ჩვენი თანამემამულე ცხოვრობდა. 1908 წელს იქ შეიქმნა ქართული სათვისტომოც, რომელსაც 22 წლის განმავლობაში ყოფილი ტერორისტი ივლიანე ხაინდრავა ედგა სათავეში). მათ იცოდნენ, რომ დიდ კომბინატორს ყალბი საბუთებით რუსეთ-ჩინეთის ბანკიდან ათეულათასობით მანეთი გამოჰქონდა და გადაწყვიტეს, თვითონაც მოეთბოთ ხელი. არც გაემტყუნებოდათ. ქართული ანდაზა ხომ გვასწავლის - ქურდის ქურდი ცხონდაო.
ცნობილია, რომ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში ჩახეტებულ ქართველებს, ლამის, სადღეღამისო თვალთვალი ჰქონდათ დაწესებული აშორდიას ყოველ გადაადგილებაზე. ყველა მოზრდილი ბანკის განყოფილებასთან გამუდმებით მორიგეობდნენ შერჩეული პირები, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ ევალებოდათ - ვისთვისაც ჯერ არს, ოპერატიულად უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, ამა და ამ საათზე გვაძას ბოში ამა და ამ ბანკში შევიდაო. ეს უკვე სიგნალი იყო. სოლომონი ბანკში კომუნალური გადასახადის შესატანად და ზუგდიდიდან მამამისის გამოგზავნილი 20 მანეთის მისაღებად რომ არ შევიდოდა, ყველამ იცოდა. მოყურიადენი მშვიდად იცდიდნენ, სანამ აშორდია ყალბი ქვითრით ათასებს დაითრევდა, მერე კი ბანკის შენობიდან გამოსულს თვითონვე აყაჩაღებდნენ, ხან სასტუმროში, ხანაც იქვე, ორიოდე კვარტლის გადაღმა. დიდი კომბინატორი გულს ასკდებოდა, კბილებს აღრჭიალებდა, მაგრამ რას იზამდა, პოლიციას ხომ არ დაუძახებდა!
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მძარცველები მთლად სინდის-ნამუსისგან გარეცხილი ადამიანები არ იყვნენ. ჯერ ერთი, ნაყაჩაღევი ფულიდან მცირე არჩივს აშორდიასაც უტოვებდნენ, თან უბარებდნენ - წიე, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, შენი თავი კიდევ გვჭირდებაო. თუ თაღლითების იმპერატორი გაჯიქდებოდა და წინააღმდეგობას გაუწევდა, ცოტას წაუთაქებდნენ, მაგრამ მხოლოდ გვერდებში, ან კისერში. ქართველები განსაკუთრებით აშორდიას ხელებს უფრთხილდებოდნენ, უფრო მეტადაც, ვიდრე თვითონ ამ ხელების პატრონი. არცაა გასაკვირი - მათი უზრუნველი ცხოვრება ხომ დიდი კომბინატორის თითების ფალანგაზე იყო დამოკიდებული...
სასამართლოს მასალებში აშორდიას ლოკალიზაციაზე მომუშავე რამდენიმე ნებაყოფლობითი ქართველი პატრულის ვინაობაა დასახელებული. ესენი იყვნენ ძნელბედობას თუ ჩადენილ დანაშაულს სამშობლოდან გამორიდებული ვინმე ჯორჯიკია, ხავთასი, წულუკიძე, გეგელია, მაღულარია, მებუკე, კიზირია, კუხიანიძე... ბერეჟიანისა და იოსელიანის შესახებ უკვე გითხარით. ეს ადამიანები აჩრდილივით ფეხდაფეხ დასდევდნენ აშორდიას, მასთან ერთად გადადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და როცა მორიგი “პაბეგის” შემდეგ დიდი გამყალბებელი შვებით ამოისუნთქავდა - როგორც იქნა დავაღწიე თავი ამ შარლატანებსო, სწორედ მაშინ მიუკაკუნებდნენ ნომრის კარზე. გვაძას ბოშის ბედისწერად იქცნენ ეს ადამიანები. ხომ ვითომ გაურბოდა, ემალებოდა, მაგრამ თაღლითური ფიცით შეკრულები უერთმანეთოდ მაინც ვერ ძლებდნენ. ხან ერთად იჯდნენ ციხეში, ხანაც ერთად თავისუფლდებოდნენ, წაიჩხუბებდნენ, მაგრამ მორიგი საქმის გამოჩენისთანავე შერიგდებოდნენ. მოკლედ, როგორც პლუსისა და მინუსის გარეშე ნათურა არ აინთება, ისე ამათი საქმეც არ ვარგოდა ცალ-ცალკე. რაც მთავარია, ეს მარტივი ჭეშმარიტება ორივე მხარეს კარგად ესმოდა და თუ ხანდახან მაინც “ახტებოდნენ”, მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტი ფასი დაედოთ საკუთარი თავისათვის. აშორდია დღენიადაგ იმას აყვედრიდა დანარჩენებს, მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, ერთი ყალბი ჩეკით ყველას გიყიდით და გაგყიდით მთელი სანათესაოთიო. ვალში არც პარტნიორები რჩებოდნენ - ეგ შენი ჩეკები, ნაჩალიჩარიცა და ნამდვილიც, უკანალში შეიტენე, ჩვენს გარეშე კაპიკსაც ვერ გამოიტანდი, შენი აღწერილობა ყველა ბანკშია დარიგებული, სადაც გამოჩნდები, ეგრევე გაგძაგრავენო.
თავისებურად მართალი იყო ორივე...
+ + +
ვლადივოსტოკიდან წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე აშორდია-იოსელიანის ჯგუფმა კიდევ ერთხელ სცადა ბანკიდან მსხვილი თანხის მოხსნა. ფატალური დამთხვევის წყალობით, ოპერაცია ჩაიშალა და დიდი კომბინატორი ჩავარდა...
ამჯერად, სერიოზულად გაება...
(გაგრძელება იქნება)