საბუთებს აიმასქნებდაო – სათქმელად იოლია. სცადეთ და თქვენ თვითონ დაამზადეთ რაიმე ყალბი დოკუმენტი, ვთქვათ – დაბადების ან პირადობის მოწმობა, დიპლომი, სერთიფიკატი და დანიშნულების ადგილზე წარადგინეთ. მიგიხვდებიან თუ არა? ასიდან 99 შემთხვევაში გაიშიფრებით, ერთი პროცენტი შანსი კი ყოველთვის არსებობს, თუმცა, კაზინოს სათამაშო აპარატის არ იყოს, ეს შანსიც მილიონიდან ერთ შემთხვევაში გამოჩნდება. ჩანს, ეს საერთო წესი აშორდიაზე არ ვრცელდებოდა. იგი აშკარად ბედის ნებიერი იყო. მას უფალმა გამორჩეული ნიჭთან ერთად იღბალიც დააყოლა – კონვეიერივით ფქვავდა ყალბ დოკუმენტებს, ხალხსაც იმადლიერებდა, ფულსაც აკეთებდა და კვალსაც არ ტოვებდა...
თუმცა, აქ ცოტა გადავაჭარბე. კვალი რომ არ დაეტოვებინა, საქმე როგორ გასკდებოდა და მისი გასამართლების უფლების მოსაპოვებლად 7 ქალაქი რატომ დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს?
სად – აშორდია და სად – ბერძნული ლიტერატურა, მაგრამ ამ საქმემ, რატომღაც, ჰომეროსი გამახსენა, რომლის სამშობლოობას ერთბაშად 7 ქალაქი იჩემებდა ელადაში. “ილიადასა” და “ოდისეას” ავტორის მისაკუთრება, იცოცხლე, პრესტიჟის საქმეა, მაგრამ გვაძას ვაჟკაცი რომელი თვალსაჩინო პოეტი იყო, ამდენი საუკუნის შემდეგ მის დაღლიავებაზე ასევე 7 პოლისს არ აეტეხა ვაი-უშველებელი? ანდა, საინტერესოა, რომელი იყო ეს 7 ქალაქი?
შვიდიდან ორი უკვე ვიცით – ქუთაისი და ბათუმი. პირველში, ფრთა გაშალა დიდი კომბინატორის ავანტურისტულმა ნიჭმა და აქ დაიწყო მისი აღმასვლა თაღლითური პირამიდის მწვერვალისკენ, მეორეში კი, ძიებისთვის თავის არიდების მიზნით ზღვაში დახრჩობის სცენა გაითამაშა, რაც, ცხადია, საკმარისი მიზეზი იყო სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.
დანარჩენები? ესენი ის ქალაქებია, სადაც 1902-და 1907 წლამდე სხვადასხვა გვარით ცხოვრობდა და “მოღვაწეობდა საქართველოდან გახიზნული აშორდია: ბაქო, უფა, ხარბინი, ომსკი და ვლადივოსტოკი. აქ ახალ სიმაღლეზე ავიდა მისი თაღლითური ნიჭი და კიდევ უფრო დაიხვეწა გაყალბების ტექნოლოგია.
ამ ამბებს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ ჯერ ისევ საქართველოში უნდა დავრჩეთ. არაერთი კითხვა მოითხოვს პასუხს და, რაც მთავარია, ვგრძნობ, როგორ აინტერესებს მკითხველს მათი ვინაობის შეტყობა, ვინც აშორდიას მეშვეობით “გაიკეთილშობილა” წარმომავლობა.
+ + +
ვგონებ, საშარო საქმეს მოვკიდე ხელი. საშაროს იმიტომ, რომ “აშორდიას აზნაურად” მონათვლა ჩვენში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დამამცირებელ თიკუნად. მშვენივრად მესმის, რომ მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრებ გაკეთილშობილებულ “იჩუჩებს” შთამომავლობა დარჩათ. დღეს, ალბათ, მათი მეოთხე ან მეხუთე თაობა დააბიჯებს ქართულ მიწაზე – ზოგი ზუგდიდში, ზოგი სენაკში, ზოგიც ქუთაისში და, ცხადია, თბილისშიც, რომელიც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში სწორედ დასავლეთ საქართველოდან წამოსულმა ნაკადმა იხსნა ჰაოსიზაციის რეალური საფრთხისაგან.
და მაინც, სიმართლე – სიმართლეა! ან, რაა დასამალი? ფულით ნაყიდი არისტოკრატული ტიტული მკვლელის სახელი მაინც არაა, რომ შთამომავლებს მისი ხსენება შერცხვეთ, ან ეწყინოთ. ამას, უკვე, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ. ორიოდე წლის წინ, წალენჯიხაში სტუმრობის დროს ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისმა ამაყად განმიცხადა – ჩემი ქმარი აზნაურული წარმოშობის კაცი იყოო. მე მისი მუუღლის გვარიც ვიცოდი და ის ამბავიც, რომ აშორდიას სასამართლოს საქმეში წალენჯიხელი …... ეები ნაყალბევი საბუთებით გააზნაურებულთა ნუსხაში იყვნენ მოხსენიებული. თავი ვერ შევიკავე და ამის შესახებ იქვე ვუთხარი დიასახლისს (ხომ ვიყავი ღირსი, ცხელი ელარჯის ნაცვლად ცივი მჭადი ეჭმია, ან, საერთოდ, სახლიდან გამოვეგდე იმ პატიოსან ქალბატონს). უნდა გენახათ, როგორ დაინტერესდა, ბევრი იცინა და მერე ინატრა - ნეტავ ახლა ცოცხალი იყოს, კვირაში ცხრაჯერ მაყვედრიდა თავის კეთილშობილებას და ახლა მე წამოვაძახებდი – შე აშორდიას ნააზნოურალო-თქო!
ასე რომ, შევთანხმდეთ – გვარები გავშიფროთ, მით უმეტეს—დიდი ჯაფა არ დამადგება. სასამართლოს მასალებში უამრავი ადამიანია დასახელებული (ზოგი ინდივიდუალურად, ზოგიც – ოჯახურად, ლამის მთელი საგვარეულო), ვინც გაბრიყვდა, აშორდიას ენდო და ნანატრი წოდება მიიღო. თუმცა, სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. სიყალბის გამოაშკარავების შემდეგ ფულით ნაყიდი ტიტული ყველა მათგანს ჩამოართვეს და მშრალზე დატოვეს. ამ ადამიანებმა 10-15 წელი დაკარგულის გამოგლოვებას მოანდომეს, ამასობაში “წითელმა ეშმაკმაც” მოუსწრო და ისე წავიდა საქმე, აშორდიასი კი არა, ნაღდი აზნაურები მალავდნენ საკუთარ წარმომავლობას.
+ + +
“მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო – ნათქვამია. მე დავამატებდი: არა მარტო ჭამაში, ყალბი საბუთების დამზადებაშიც. ჩანს, აფერების დიდოსტატმა აშორდიამ იმთავითვე გააცნობიერა ეს მარტივი სიბრძნე და გარს თანამზრახველთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი შემოიკრიბა, რომელშიც მკაცრად იყო განაწილებული ფუნქციები. ერთხანს ეს მანქანა გამართულად მუშაობდა, მაგრამ მერე და მერე პრობლემებმა იჩინა თავი. ლომისა და კატის იგავისგან განსხვავებით, შეგირდები ისე გაიწაფნენ, ხეზე ასვლაც ისწავლეს და დიდი კომბინატორის გვერდით დამოუკიდებელი თამაში წამოიწყეს (აბა, რისი ქართველები იქნებოდნენ). ისინიც ადგენდნენ პატარ-პატარა ყალბ საბუთებს, ორ კაპიკსაც აკეთებდნენ და “იჩუჩებსაც” გულს უხარებდნენ, მაგრამ ისტორია მათ მიმართ ულმობელი აღმოჩნდა. შთამომავლობას მხოლოდ დიდი მაესტროს სახელი შემორჩა, დანარჩენებს კი დავიწყების ფერფლი წააყარა და მხოლოდ სასამართლოს მასალების გაცნობამ მოგვცა მათი ვინაობის დადგენის შესაძლებლობა.
+ + +
სოლომონ აშორდია ნამდვილად სული და გული გახლდათ გამყალბებელთა “შაიკაში”, მაგრამ იქაც იყვნენ ადამიანები, ვის გარეშეც თვით გვაძას ვაჟკაციც კი ვერას გახდებოდა. მათ შორის, პირველ რიგში, სამეგრელოს მთავრების შთამომავალი ბესარიონ დადიანი უნდა დავასახელოთ. მამამისი თავის დროზე მდივანბეგი იყო. თვითონ ბესარიონი თავად-აზნაურთა საკრებულოში მუშაობდა და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძველ სიგელ-გუჯრებზე მიუწვდებოდა ხელი. ჩანს, ბესარიონისთვის ამ დოკუმენტების არქივიდან გამოტანაც არ წარმოადგენდა პრობლემას და აკეთებდა კიდეც ამას. ამის შემდეგ უკვე აშორდიას რიგი დგებოდა. ძველი გუჯრის ერთი ნახვაც კი საკმარისი იყო მისთვის, რომ კალიგრაფია და ბეჭდის მოხაზულობა დაეხსომებინა. როგორ ახერხებდა ამას, თვითონაც ვერ გეტყოდათ. ხელნაწერის მიმგვანება კიდევ მესმის, მაგრამ მეფისა და დადიანების ბეჭდების დამზადებას მეხუმრებით? არადა, სოლომონი ამ საქმეშიც ისე იყო გაწაფული, მის ნახელავს მთელ მსოფლიოში ცნობილი გლიპტიკოსებიც კი ვერ დასდებდნენ წუნს. მოგვიანებით, როცა საქმე გასკდა და მისი ხელიდან გამოსული დოკუმენტების საგანგებო შემოწმება დაიწყეს, საუკეთესო ექსპერტებიც კი გასაჭირში ჩავარდნენ. ერთსა და იმავე საბუთს ხან ორიგინალად მიიჩნევდნენ, ხან ნაყალბევად, რითაც, სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე კარგად სარგებლობდა აშორდია.
ყალბისმქნელებმა კლიენტურის გასაჩენად საგანგებო ტაქტიკა შეიმუშავეს. აშორდიას მიგზავნილი კაცები კონკრეტულ ადამიანებთან საუბარში, ვითომ შემთხვევით, ჩააგდებდნენ სიტყვას – მგონი თავადაზნაურთა საკრებულოს არქივში საბუთი უნდა ინახებოდეს, რომელშიც შენი წინაპარი აზნაურადაა მოხსენიებულიო. ჩააგდებდნენ და, წავიდოდნენ. ეს უკვე საკმარისი იყო, რომ “აზნაურის შთამომავლის” გულში პატივმოყვარეობის ჭია აფუთფუთებულიყო. თავიდან ზოგი ეჭვით უყურებდა ნათქვამს, მაგრამ როდესაც გაიგებდა, მეზობელ სოფელში მანამდე ყაძახად მიჩნეულმა იქსმა ახლადაღმოჩენილი საბუთით დაკარგული აზნაურობა დაიბრუნაო, ეჭვიანი კლიენტი ჩოხაში გამოეწყობოდა, ცხენზე ამხედრდებოდა და ქუთაისისკენ გასწევდა ყოვლისშემძლე აშორდიასთან მიმყვანი კაცის მოსაძებნად. შუამავლობაც ფული ღირდა და საჭირო საბუთის მოპოვებაც, მაგრამ საღერღელაშლილი “იჩუჩები” უკანასკნელ კაპიკებს არ ზოგავდნენ ნანატრი “ზაბუთის” ხელში ჩასაგდებად. ქუთაისში, ბულვარის სიახლოვეს მდებარე აშორდიას სახლის წინ დღენიადაგ ირეოდნენ სამეგრელოს სოფლებიდან ჩამოსული მთხოვნელები. იყო მიკითხვ-მოკითხვა, გვაძა აშორდიასთან განუყრელი მეგობრობის, სოლომონის ბავშვობისა და მის კვერცხებში ხელის ამოსმის გახსენება, ძღვნობა, ნიკოლოზის თუმნიანების ტრიალი და მომავალი პატივისცემის დაპირება. დიდი კომბინატორიც უარს არავის ეუბნებოდა, ყველას აიმედებდა, მიწის გახეთქვას და არქივში მიკარგული დოკუმენტის მოძებნას ჰპირდებოდა და უმეტეს შემთხვევაში, ახერხებდა კიდეც.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, მაზანდა მერყეობდა. თავიდან აშორდია ისეთ უმნიშვნელო საქმეებზეც არ ამბობდა უარს, როგორიცაა, მაგალითად, მეტრიკული ჩანაწერების წიგნიდან ამონაწერის გაყალბება და ასეთ საქმეებში ძვირსაც არ ითხოვდა. ყოფილა შემთხვევები, როცა თუმნიანი საქმითაც დაკმაყოფილებულა, მაგრამ აზნაურობის მაძიებელთა რიცხვის მატებამ მის წინაშე ახალი პერსპექტივა დასახა. ეს უბრალო საქმე არააო – დაასკვნა გვაძას ბიჭმა და დიდი აფერების გასაჩარხად საჭირო ნაცნობობა გააბა, ცალკე – თბილისში, ცალკე – პეტერბურგში.
მეფეებისა და მთავრების დროინდელი დოკუმენტების გაყალბება მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. ხელწერისა და ბეჭდის მიმსგავსების გარდა, “იჩუჩებისთვის” დამზადებულ გუჯრებს ძველი და არქივში წლების განმავლობაში ნამყოფი საბუთის იერი უნდა ჰქონოდა. სოლომონი თბილისში საჭირო კაცს დაუკავშირდა, რომელიც ეგზარქოსის კანცელარიიდან თაბახობით უგზავნიდა სპეციალურ სქელ ქაღალდს. ვიდრე ასეთ ფურცლებზე იმერეთის მეფის ან ოდიშის მთავრის წყალობის სიგელი დაიწერებოდა (მასში, უეჭველად, კონკრეტული “იჩუჩის” კონკრეტული წინაპარი უნდა ყოფილიყო მოხსენიებული), აშორდია თაბახებს რიონისპირას მდებარე ერთი სახლის ნესტიან სარდაფში ინახავდა, აობებდა და კონდიციამდე დაჰყავდა. სასამართლო საქმის მასალებში რამდენიმე ათეული ასეთი დოკუმენტია ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი. თქვენი მონა-მორჩილი მეტ-ნაკლებად ვიცნობ ქუთაისის მუზეუმის ფონდებში დაცულ გვიანი შუა საუკუნეების საბუთებს და თავის დროზე შესაძლებლობა მქონდა, აშორდიას ნახელავი ავთენტურ გუჯრებთან შემედარებინა. მსგავსება განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. მე, პირადად, მათ შორის სხვაობა ვერ დავინახე, თუმცა, ჩემი დაბნევა რა მოსატანია, როცა სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოძახებულ ექსპერტებსაც კი აერიათ რამსები და ვეღარ გაარკვიეს დედალ-მამალი.
+ + +
ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო – ნათქვამია. აზნაურობის მაძიებლებსაც ასე დაემართათ. პირველ ცნობებს იღბლიანთა მიერ არქივში დაკარგული და კეთილშობილი წარმოშობის დამადასტურებელი სიგელების აღმოჩენის შესახებ ბევრი უნდობლად და ქილიკით შეხვდა. მერე და მერე, როცა ასეთი შემთხვევები გახშირდა და აზნაურობამოპოვებულებმა ზემოდან დაუწყეს მზერა ყაძახ მეზობლებს, სურათი შეიცვალა. ქრონოლოგიურად ეს ამბავი 1896-1897 წლებს დაემთხვა. აქედან მოყოლებული აშორდიას “ცეხი” სრული დატვირთვით ამუშავდა და 1900 წლის იანვრამდე რამდენიმე ათეული გვარი აზიარა სისხლის გაკეთილშობილებით გამოწვეულ ნეტარებას.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ სასამართლო მასალები შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ჯერ სამეგრელოში, შემდეგ კი, ქუთაისის მაზრაში გლეხთა გააზნაურების მზარდ დინამიკას და პერსონალიას. მაგ. 1897 წელს აშორდიამ ხუთ ეკელ (ეკი სოფელია ახლანდელი სენაკის რაიონში, ხშირი ტყე აკრავს და, ბექარ ჯეირანაშვილის არ იყოს, გადასარევი ადგილია სააბრაგოდ) წულეისკირს გამოუძებნა ლევან დადიანის 1833 წლის 5 ოქტომბრის ყალბი სიგელი, რაც საკმარისი აღმოჩნდა ნანატრი წოდების მისაღებად. დაახლოებით იმავე ხანებში ოთხი ხორშელი (სოფელი ზუგდიდის მაზრაში) ნორაკიძე ეზიარა ამგვარივე ბედნიერებას, ოღონდ მათი გაკეთილშობილებისთვის იმავე ლევან დადიანის 1833 წლის 9 ნოემბრის წყალობის სიგელი გახდა საჭირო.
აქვე შეიძლება დავასახელოთ იმ ხანებში აშორდიას წყალობით გააზნაურებული ჭალადიდელი წულაია, საელიავოელი გვილავა, შხეფელი შაფათავები, ონტოფოელი ნადარეიშვილი და ლიას მკვიდრი პინიები (ერთბაშად რვა კაცი). იმავე 1897 წელს თეკლათელი სოლომონ გრიგოლიაც აღზევდა სოციალური იერარქიის კიბეზე.
ბახვა ფულავას თეკლათზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ, რადგან მისი სახელი ყველაზე ხშირად იხსენიება სასამართლოს მასალებში. ეტყობა, იქაურები განსაკუთრებული ინტერესის მქონე და ჯიბრიანი ადამიანები იყვნენ. სოლომონ გრიგოლიას ამბავი მეხივით გავარდა მთელ სოფელში. რაო, გაბრიელა მათხოვრის ბოში გააზნაურდაო?! ჩვენ რით ვართ მაგაზე ნაკლები?! – ყალყზე დადგნენ დანარჩენი გრიგოლიები და ერთიმეორის მიყოლებით დაიძრნენ აშორდიას სახლისაკენ. სოლომონმაც, ენაცვალა მამა, ივარგა – ყველას რაღაც უსაშველა და 1898 წელს ერთის ნაცვლად უკვე 16 გრიგოლია დადიოდა ცხვირაწეული სოფლის ორღობეში. მალე მათ რიცხვს მამისთვალ სალაყაიაც შეემატა და თეკლათელი აზნაურების რიცხვმა ჩვიდმეტს მიაღწია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ კვადრატულ კილომეტრზე კეთილშობილი წოდების წარმომადგენელთა კონცენტრაციის თვალსაზრისით სენაკის მაზრის ეს სოფელი უკონკურენტო ლიდერი იყო იმდროინდელ მსოფლიოში.
სამეგრელოში ზუგდიდელები და სენაკელები დაახლოებით ისეთივე “ურთიერთქიშპით” გამოირჩევიან, როგორც იმერეთში ვანელები და ხონელები, კახეთში კი – თელაველები და გურჯაანელები. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თეკლათელთა ასეთი მიღწევების შემდეგ ზუგდიდელებმაც გამოიფხიკეს ყურები. ვითომ, რატომაც არა?! ჯერ ერთი, ოდიშის სამთავროს ცენტრი სწორედ ჩხოუშის პირას მდებარე ქალაქი იყო. მეორე და მნიშვნელოვანი – აშორდია ზუგდიდელი გახლდათ და მშობლიურ კუთხეს ნამდვილად არ დაჩაგრავდა. თუ მამამისს, გვაძა სკვამის ძე აშორდიას უბოძა აზნაურობა, სხვებს გულს ხომ არ დაწყვეტდა? ჰოდა, 1898 წელს ზუგდიდელებიც ჩატრიალდნენ. მართალია, სენაკელებს ვერ აჯობეს, მაგრამ ბევრიც აღარ დაკლებიათ. განსაკუთრებული გულმოდგინება კახათლებმა გამოიჩინეს, სადაც ცხაკაიას გვარის ერთბაშად რვა წარმომადგენელი გააზნაურდა. ცოტა ხანში მათ ორი ჩემინავაც მიემატა. უშუალოდ სამაზრო ცენტრში სხვაზე მარჯვე ოთხი გაბუნია აღმოჩნდა. ოთხიო, ვამბობ, თორემ გაკეთილშობილებულთა ოჯახის წევრების საერთო რაოდენობასა და ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ზუგდიდის მაზრაში მალე გლეხი სანთლით იქნებოდა საძებნი.
აშორდიას წყალობით გააზნაურებული ყველა გლეხის შესახებ ორი-სამი სიტყვაც რომ ვთქვა, ბლოგის ფორმატი ამდენის შესაძლებლობას არ იძლევა. ამიტომ მოკლედ ჩამოვთვლი გვარებს სოფლების მითითებით: რატიანები ცაიშიდან, ბარკალაიები ბეთლემიდან, ხოშტარიები და ნოდია სუჯუნადან, მამარდაშვილები უსახელოდან,ლაკერბაიები ოჩხომურიდან, ფარცვანიები ეკიდან, ჩაჩავები ნაესაკოვოდან, ხუბუები უშაფათიდან, ცომაია და თოფურია ჯაპანადან, ნიჟარაძეები ოფშკვითიდან (ამათ თავადობა გაიკრეს), ბოკერიები გეზათიდან, ყიფიანი ტოლადან, კობახიძეები ხეთადან, კობეშავიძე ციხესულორიდან, მარჯანიშვილი მაღლაკიდან, გრიგოლაშვილი გეგუთიდან, გაბელია საყულიადან, გრიგოლიები უფლისკარიდან (თეკლათელებში არ აგერიოთ, ეს ცალკე შტოა), გუნიები, კარკალაიები, ადამიები და წულეისკირი ეკიდან, კიტიები და ქარცხია ხიბულადან, ოდიშარიები, ჟვანიები, ბოკუჩავები და ჯაკობია ნოსირიდან, ქავთარაძე, შელიები და ჭანტურიები ჯვარიდან, პერტენავა, თოფურიები და ნოდიები აბაშიდან, ჟორდანიები, ქაშიბაძეები და ლიფონავები ხორგადან, გუგუშვილები ეწრიდან, კალანდიები წალენჯიხიდან, თოდუა ლოშათიდან (?), გეგეჭკორები ინჩხურიდან, კარტოზიები მახაშიდან, გაბუნია გულუხეთიდან, შავდია ლეძაძამედან, ოქუმელი და ოჩამჩირელი ლაკერბაიები, დემურიები დიხაზურგიდან, ხუბულავა ჭაქვინჯიდან, ჯანელიძეები საჭილაოდან, ცაგურია გურძემიდან, ივარდავები კორცხელიდან, ნოჯიხეველი ცხომარია, ზუბელი ლომაიები, ქავთარაძეები და ჯინორიძე ძველი სენაკიდან, სურგულაძეები საჭილაოდან, წულეისკირები საწულეისკიროდან, ფიფიები ობუჯიდან, დემურიები მუხურიდან, ქაჩიბაია დარჩელიდან, მიქაბერიძეები ყუმისთავიდან (ამათ მაინც რაღა სჭირდათ გასაყალბებელი, მიქაბერიძეები ხომ თავის დროზე სოლომონ პირველის ფიცისკაცებში შედიოდნენ!), საბახტარაშვილები ფოთიდან, ქვარცხავები და პაპასკირები ნოჯიხევიდან, ავალიანი საჯავახოდან, შონია ბიადან, ზედანიები ლეჯიხედან, შენგელიები ჩოგოდან. დარასელია ჯუმადან, სამუშიები ლიადან. წინა წლებში გაკეთილშობილებულ შხეფელებსა და უშაფათელებს 1899 წელს კიდევ მიემატა რამდენიმე კომლი შაფათავა, ჩიქობავა და გოგინავა. ორი-სამი კაცი მეზობელ ზანასა და გეჯეთშიც გააზნაურდა.
ვინც საქართველოს გეოგრაფიაში ოდნავ მაინცაა ჩახედული, ზემოთ მოყვანილი ნუსხიდან დაინახავს, რომ თავადაზნაურთა საკრებულოში საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვამდე (1900 წლის დეკემბერი) აშორდიას ჯგუფმა შესამჩნევად გააფართოვა სამოღვაწეო არეალი. 1899-1900 წლებში ნანატრი ტიტულები ზუგდიდისა და სენაკის გარდა ქუთაისის მაზრასა და სოხუმის ოლქში მცხოვრებმა “იჩუჩებმაც” მიიღეს და სიხარულით ქუდი ჭერს ჰკრეს...
+ + +
აშორდიას მიერ საქართველოში ჩადენილი საქმენი საგმირონის ნუსხა ზემოთ ჩამოთვლილით როდი ამოიწურება. თავადაზნაურთა ტიტულების გარდა გვაძას ბოშს სხვათა უძრავი ქონების გაყიდვაც ეხერხებოდა. ერთი ასეთი ისტორია იმდენად დაუჯერებლად გამოიყურება, რომ ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, აშორდიას მითის დაბადების შემდეგ აგორებული ჭორ-ლეგენდა მგონია. თუმცა, ჩემს პირად აზრს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თანამედროვეთა შორის მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის შეუტანია. აქედან გამომდინარე, საკითხის სისრულისთვის, ვალდებული ვარ მის შესახებაც გიამბოთ, თუნდაც – ორიოდე სიტყვით...
ფაქტი პირველი: აშორდიამ ყალბი საბუთებით ერთ თბილისელ სომეხ ვაჭარს 100 000 მანეთად ქალაქის ცენტრში, ქაშუეთის უკან მდებარე ალექსანდრეს ბაღი მიჰყიდა. დეტალებს ნუ მკითხავთ. ბლოგის მოცულობა მზღუდავს, თანაც, ვიცი, დაჯერება გაგიჭირდებათ. ის საცოდავი სომეხი კაი ხანი დადიოდა ქალაქის საბჭოში და ყასაბ მიხაკასავით გაიძახოდა –“ხალხი არა ხართ, ბაღი მიყიდია, ფული გადამიხდია, შამამიღობამს, ფანჩატურები და პავილიონები ჩამიდგამს, ახლა მეუბნებით, შენი არ არისო?! ჰამეე, მაშ ვისია?” დასტურ ასე იყო... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!
ფაქტი მეორე: აშორდიამ და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილმა დავით მინგრელსკიმ შეიტყვეს, რომ გერმანელ კომერსანტ პროტცერს ძალიან სურდა კურორტ აბასთუმნის ყიდვა. აფერის გეგმაც წუთში დაიბადა. დეტალები არც ახლა მომკითხოთ, მხოლოდ შედეგს გეტყვით. პროტცერს აშორდიას მიერ გაიმასქნებული საბუთებით სოლიდურ თანხად მიჰყიდეს აბასთუმანი, ოღონდ ის კი არა, თქვენ რომ ფიქრობთ და მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზეა შეფენილი... მიამიტმა გერმანელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის მიერ შეძენილი სოფელი ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. რაღას იზამდა - ბედს დამორჩილდა, სამშობლოდან 50 გერმანელი კოლონისტი ჩამოიყვანა, სპირტის ქარხანა გამართა და სანიმუშო მეურნეობა მოაწყო.
დღეს აქ შევჩერდეთ და მომდევნო კვირაში საქართველოდან გადახვეწილი დიდი კომბინატორის საქმიანობას ჯერ ბაქოში, შემდეგ კი შორეულ აღმოსავლეთში მივადევნოთ თვალი..