შეიძლება, ვრცელი რიტორიკული შესავლითაც დამეწყო, მაგრამ, ვფიქრობ, საჭირო არაა. დღევანდელ საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, მოკლედ, შეიძლება ასე დავახასიათოთ - ჩიხი, თანაც, არა უბრალოდ ჩიხი, არამედ დ ი დ ი ჩ ი ხ ი.
ჩიხურიაო, როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ გამოუვალს, ანუ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხსნა და საშველი არ ჩანს. ან, შესაძლოა, ჩანს კიდეც, მაგრამ უგუნურებისა და უუნარობის გამო ვერ ვხედავთ. შედეგის თვალსაზრისით, ამ ორ გაგებას შორის დიდი სხვაობა არაა. ფრთიანი ქართული გამოთქმისა არ იყოს, ომში დაღუპული და შინმოუსვლელი – ორივე ერთიაო!
სანამ წინამდებარე ბლოგის დასაწერად დავჯდებოდი, თაროდან სულხან-საბასა და ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონები ჩამოვიღე. მაინტერესებდა, არსებობდა თუ არა და თუ არსებობდა, როგორ განმარტავდნენ დიდი ქართველი ლექსიკოგრაფები სიტყვა “ჩიხს”. რა დაგიკარგავს, რას ეძებ? მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. სამაგიეროდ, დეტალურადაა განმარტებული “გზა”. თურმე, რელიეფისა და გრუნტის საფარის გათვალისწინებით, ჩვენს წინაპრებს ამ ცნების რამდენიმე შესატყვისი გააჩნდათ. მაგალითად, ვრცელ სავალ ნაწილს შარა ერქვა, ვიწროს – ბილიკი, კლდეში ნადირთა სამოძრაოს – წავარნა. იყო კიდევ ერთი სიტყვა – ქაშანი. ასე ერქვა “თოვლთა გატკეცილთა, გინა შამბთა უგზოთა ადგილთა”. ძველ ქართულში გზის სინონიმებად შუკა და ფოლორციც გამოიყენებოდა, თუმცა ლექსიკონებში მათი განმარტება არ მოგვეძევება.
მოდით, შევწყვიტოთ ლექსიკოლოგიური ჩხირკედელაობა. აზრი ისედაც ნათელია. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი წინაპრებისთვის გამოუვალი გზა, ანუ ჩიხი, არ არსებობდა. მათ ყველგან და ყოველთვის ჰქონდათ, სულ მცირე, ერთი გამოსავალი მაინც და კრიტიკულ სიტუაციაში მუდამ ახერხებდნენ მის მიგნებას. ფაქტი სახეზეა – ქართველები დღემდე ვარსებობთ, გვაქვს სახელმწიფო (გაეროს წევრი), კონსტიტუცია (ასგრამიან ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი), არმია და პოლიცია (მტერს გამორიდებული და საკუთარ ხალხზე დაგეშილი), ციხე-საპყრობილენი (ხუანხეს ველივით მჭიდროდ დასახლებული), საგადასახადო კოდექსი (მეწარმეთა გაყვლეფაზე ორიენტირებული), სასამართლო (უფრიადესად ავისუფალი, “თ” შეგნებულად გამოვტოვე, კორექტურული შეცდომა არ გეგონოთ), ელექტრონული მედია (მფლობელგაოფშორებული) და პრესა (ჩვეულებრივ ჯიხურებში – გაუყიდავი და გიგის ჯიხურებში – გაყიდული).
კიდევ რა გვაქვს? მადა, დიდი მადა! ამიტომაცაა საქართველოში რესტორნების ბუმი.
ამბობენ, პერსპექტივაც გვაქვსო, რაც მე, პირადად, ძალიან მახარებს, უფრო მეტად, ვიდრე მეეჭვება. მეეჭვება, თუნდაც იმიტომ, რომ წინაპრებმა ჩიხის მნიშვნელობა არ იცოდნენ, ჩვენ კი ვიცით.
არც ფსიქიატრი ვარ, არც ფსიქოლოგი. შესაბამისად, მზა დიაგნოზი არ მომეძევება იმის დასადგენად, რა ჭირს თანამედროვე ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს. ამას, ალბათ, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თვალი სჭირდება, რომელსაც შეუძლია მილიონჯერ დიდი ზომით წარმოაჩინოს მიკროსკოპული მასშტაბის სხეულები. სამაგიეროდ, ვხედავ იმას, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ანუ – უზარმაზარ ჩიხს, რომელშიც ყველანი ერთად შევედით და გამოსავლის ძებნაში აქეთ-იქით ვაწყდებით. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ვეჯახებით და ხელს ვუშლით, ყველანი დარწმუნებული ვართ ჩვენს მიერ არჩეული, უკან გამოსასვლელი გზის ერთადერთობაში.
ფრთხილი ვარაუდით, ამგვარი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს ქართულ ხასიათში ღრმად გაფესვილი პატერნალისტური ცნობიერება. ჩვენი წინაპრები ათასწლეულთა განმავლობაში მიეჩვივნენ იმას, რომ საქვეყნო საქმისთვის აზროვნება მათი საქმე არ იყო და ეს ყოველთვის სხვებს, ერის მამებს მოეთხოვებოდათ. თავიდან იყვნენ უმარტივესი აგნატური ჯგუფების ლიდერებად გამორჩეული მამასახლისები, შემდეგ მეფეები, გნებავთ –ფარნავაზიანები, გნებავთ – ბაგრატიონები. მე-19 საუკუნეში მათ სკვითური მენტალობის “გოსუდარ-იმპერატორები” ჩაენაცვლნენ, რომლებმაც თან მოიყოლეს პატერნალისტური საზოგადოების კლასიკური სლოგანი – “ბოჟე, ცარია ხრანი!” მამა-პაპას ცნობიერებაში მყარად გაუჯდა რწმენა – თუ ესენი კარგად იქნებიან, ქვეყანასაც მოუვლიან, მე კი ჩემს ყანას მივხედავ, სხვა რამეზე ფიქრით თავი რატომ უნდა შევიწუხოო. აზროვნებას და სააზროვნოდ თავის შეწუხებას გადავეჩვიეთ.
ამ ქრონიკულ დაავადებას ვერც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მოვერიეთ. ჯერ ნოეს დავავალეთ ჩვენს ნაცვლად ფიქრი, მერე ფილიპეს, მერე ლავრენტის და მის უდღეურ მემკვიდრეებს. კომუნიზმის დაისზე, ამ მხრივ, ედუარდი დავტვირთეთ...
ლოგიკურად, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ მაინც უნდა გვეგრძნო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ ვერ ვიგრძენით. მთავრობის სახლის წინ შეკრებილები ტაშს ვუკრავდით, დროშებს ვაფრიალებდით, ვლოცულობდით, ლოცვებს შორის ერთმანეთს თავ-პირს ვამტვრევდით და ჯიუტად მოვითხოვდით, რომ ჩვენს ნაცვლად სხვას ეფიქრა. რა მნიშვნელობა აქვს, ვის – ზვიადი იქნებოდა ეს თუ მიშა. მთავარი ისაა, რომ ეს “ვინმე” არასოდეს ყოფილა “ჩვენ”, მაგრამ ყოველთვის იყო “სხვა”, მემკვიდრეობით, ან გარემოებათა დამთხვევით აღზევებული მესია, ვისაც საკუთარი თავის ნაცვლად ფიქრიც დავაკისრეთ და პასუხისმგებლობაც.
იქნებ, ყოველივე ამის მიზეზი ისაა, რომ უპასუხისმგებლო ერი ვართ?! თავის შეწუხება არ გვიყვარს და გაფუჭებული საქმის გამო სხვაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე იოლი ხელობაა დედამიწის ზურგზე არსებულ ხელობათა შორის.
ეს ფსიქოლოგიური და ეთნოლოგიური წიაღსვლები შორს წაგვიყვანს. ამიტომ, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ – “პირველსავე სიტყუასა ზედა აღვიდეთ”.
ჩიხური სიტუაცია, რომელშიც დღევანდელი საქართველო იმყოფება, რამდენიმე წყაროთი იკვებება. დაფიქრების და პუბლიცისტური მარიფათის ამბავია – მავანს შეუძლია ეს “რამდენიმე” 10, გნებავთ, 15 პოსტულატად ჩამოაყალიბოს, მაგრამ, ვფიქრობ, ზედმეტი დეტალიზაცია გამოვა. თუ მსგავს და განმაზოგადებელ ნიშნებს შევკრებთ, მიზეზთა მრავალრიცხოვანი ჩამონათვალი ორ-სამ გარემოებაზე შეიძლება დავიყვანოთ.
ვეცდები, მოკლედ და თავის შეწყენის გარეშე ვისაუბრო მათ შესახებ.
პირველი, რეალურად არსებული და ჩვენგან დამოუკიდებელი წყარო თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკიდან მომდინარეობს (იგი, თავისთავად, საუკუნეთა წიაღში ჩასხული პოლიტიკის განგრძობაა). ისევე, როგორც რომაელების, ირანელების, არაბების, ბიზანტიელების, სელჩუკებისა და ოსმალების ეპოქაში, დღესაც კავკასია და, კერძოდ, საქართველო რადიკალურად დაპირისპირებულ იმპერიათა ცილობის საგანია. ხატოვნად რომ ვთქვათ, მაშრიყი და მაღრიბი (პერსონიფიცირებულად – აშშ და რუსეთი), ლამის, იმისთვის იკლავენ თავს, საქართველოთი იყონ ერთმანეთზე აღმატებული. ჩვენი ქვეყანა რეალურად წარმოადგენს ამ დაპირისპირების ფრონტის ხაზს როგორც პირდაპირი, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით (შარშანწინდელი აგვისტო ამისი ნათელი მაგალითია). კნინი მასშტაბიდან, ადამიანური და მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, საქართველო მოკლებულია მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას და სათამაშო ტიკინადაა გადაქცეული საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელ ტენდენციათა შორის. ეს ობიექტურად არსებული ფაქტორები კიდევ უფრო საგრძნობია ისეთი სუბიექტური ასპექტების ფონზე, როგორიცაა ავტორიტარული და პერმანენტულად უგუნური კურსის გამტარებელი ხელისუფლება, საზოგადოების ყველა ფენაში ფესვგადგმული შიში და ტოტალური ნიჰილიზმი, ობიექტური გამაღიზიანებლების მიმართ რეფლექსიების უქონლობა და ა.შ.
ორი დაპირისპირებული მხარე, ვის მორიგება-გარიგებაზეცაა დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი, კიდევ უფრო ჯიუტია, ვიდრე ჩემი თაობის ადამიანებისთვის “დედა ენიდან” ცნობილი ორი თხა, ვიწრო ბოგირზე რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გზის დათმობა პრინციპებთან შეუთავსებად ქმედებად ჩათვალეს. არცერთი მათგანი აპირებს, აღიაროს დაშვებული შეცდომა (უფრო – დანაშაული), რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მანამდე ცალსახად მიღებული საზღვრების გადაუსინჯაობის პრინციპის დარღვევამ გამოიწვია. დასავლეთმა გადადგა საბედისწერო ნაბიჯი კოსოვოში, რუსეთმა – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ნაბიჯებს მოჰყვა ჩადენილი სისულელის გამამართლებელი, თითიდან გამოწოვილი არგუმენტებისა და თეორიების შეთხზვა, რასაც ყოველთვის არაჩვეულებრივად ახერხებენ გამარჯვებული მხარის იურისტები. დრო გადის, თაობები იცვლება, უცვლელია მხოლოდ დემაგოგიური რიტორიკა, რომლითაც ესა თუ ის მხარე ცდილობს, გაამართლოს თავისი ჯილა ფალავანი და დაამტკიცოს ოპონენტის დანაშაული. ამ საერთაშორისო ჩიხიდან გამოსავალი (ჯერჯერობით) არ ჩანს!
ვგრძნობ, რომ ნერვებადქცეული მკითხველი სადაცაა შემომძახებს – ნუთუ ისტორია არ იცნობს მსგავსი ჩიხებიდან თავდახსნის პრეცედენტებს? ნუთუ ძველი გამოცდილების გამოყენება არ შეიძლება, რომ დაპირისპირებული მხარეები მორიგდნენ და შეწყვიტონ ცილობა “საქართუელოსა ზედა”?
რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
საქართველოს ისტორიაში ქრესტომათიულ დონეზე ჩახედულ ადამიანებს უეჭველად ექნებათ გაგონილი ნიზიბინის, ამასიისა და ზოჰაბის სახელები. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამაქცეველი მორიგება-გარიგების ისტორიული პრეცედენტები, რასაც გარეგნულად ზავი და მშვიდობა მოჰყვა, თუმცა… გააჩნია, რის ხარჯზე.
დეტალიზაცია საჭირო არაა. ზოგადად კი ვიტყვი, რომ 298, 1555 და 1639 წლებში ზემოთ დასახელებულ გეოგრაფიულ პუნქტებში დაიდო საზავო ხელშეკრულებანი, რომლითაც დაპირისპირებულმა მხარეებმა (რომი-სპარსეთი; ირანი-ოსმალეთი) ან ტერიტორიულად შუაზე გაყვეს საქართველო (ლიხსიქით და ლიხსაქეთ), ან სხვაგვარად გადაინაწილეს გავლენის სფეროები. ერთი ამგვარი, შავბნელი თარიღია 532 წელიც, როდესაც ჩვენდა სამტროდ აღერღილმა სხვა წყვილმა (ირანი-ბიზანტია) ე.წ. “საუკუნო” (სინამდვილეში –ათწლიანი) ზავი გააფორმა და სადემარკაციო ხაზი გაავლო ლიხის ქედზე.
ეს მაგალითები მხოლოდ შორეული წარსულიდან გამოვიხმე, თორემ ყველა მათგანის ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. ამ მხრივ, ჩვენი უახლესი ისტორიაც იცნობს სხვათა ხელით ნაკეთები “ქართული” დიპლომატიის მბრწყინავ მარგალიტებს და ყარსის ავადსახსენები ხელშეკრულება ამის ნათელი დასტურია. დავფიქრდეთ, გვინდა კი ამასია-ზოჰაბის ფასად ნაყიდი “მშვიდობა”?
რა მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ახლანდელი “სტრატეგიული პარტნიორი” (აშშ) და “დაუძინებელი მტერი” (რუსეთი) მათი წინამორბედების მსგავსად რომ შეთანხმდნენ და საქართველოსთან დაკავშირებული ახალი კემპ-დევიდი შემოგვთავაზონ?
ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური კურსის დივერსიფიცირებაზე არ ფიქრობს და მხოლოდ ერთი ვექტორის ქმედუნარიანობაზე ამყარებს სამომავლო პერსპექტივას, არის ბეცი და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წაიმტვრევს ფეხს. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიიდან თეიმურაზ პირველი და ვახტანგ მეექვსე არიან. მათ ცალსახად რუსეთუმე პოლიტიკას არა მხოლოდ სამეფოს გაუქმება და ტახტის დაკარგვა მოჰყვა შედეგად (რაც, თავისთავად, დიდი ტრაგედია იყო), არამედ ქვეყნიდან ინტელექტუალური ელიტის გადინებაც, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.
საერთაშორისო ურთიერთობებით გამოწვეული ჩიხის ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, ოღონდ ამისათვის საჭიროა საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის მაღალი დონე ქვეყნის შიგნით.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყველა ცნებამ, რაც დაკავშირებულია პოლიტიკასთან, (პარტია, პოლიტიკოსი, პროგრამა, პლატფორმა, არჩევნები და საარჩევნო კოდექსი)... სრული დისკრედიტაცია განიცადა. აღიარებულ ლიდერებზე ორიენტირებული მოსახლეობა გაორებულ მდგომარეობაში იმყოფება. ერთი მხრივ, მასში კვლავ არსებობს საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოსავლის მოძებნას და რეალიზაციას ითხოვს, მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპექტრში, პრაქტიკულად, აღარ დარჩა პერსონა, ვის სახელთანაც დაკავშირებული არ იყოს იმედის გაცრუება (სხვათა შორის, პრესა.გე-ს ფორუმი, ამ მხრივ, ძალზე ობიექტური სოციოლოგიური კვლევის ნიმუშია). ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით იგრძნობა ქართული სააზროვნო სიზარმაცის შედეგი, რის შესახებაც ზემოთ ვწერდი. ჩვენმა თანამემამულეებმა არ იციან, რა უნდათ. უფრო სწორად, იციან ის, რომ არ უნდათ მიშა, მაგრამ არ იციან, როგორ უნდა განსხეულდეს ეს სურვილი რეალურ შედეგში. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მათ არაერთგზის მიმართეს პოლიტიკოსებს, მაგრამ ვერც პასუხი მიიღეს და ვერც კონკრეტული შედეგი. სამაგიეროდ, პოსტ-ფაქტუმ გაიგეს, რომ მათი ჯილა პოლიტიკოსებიდან ხან ერთი დაძვრებოდა შავნაბადას რეზიდენციაში, ხან – მეორე და პრეზიდენტს ცალ-ცალკე აძლევდნენ ინაუგურაციის ჩატარებამდე მასის თავშექცევის გარანტიებს... მოკლედ, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ფაქტი ისაა, რომ ორი წლის წინანდელი შემართება წარმოუდგენელმა აპათიამ შეცვალა და ღრმადაა შემცდარი ის, ვინც ფიქრობს, საზოგადოების ასეთი უცნაური ფერიცვალების მიზეზი მხოლოდ ხელისუფლების მიერ დანერგილი ტოტალური შიშის ატმოსფეროა...
ამ ბოლო ხანებში ბევრი ვინმე საუბრობს პროცესებში პოლიტიკური პარტიების ნაცვლად საზოგადოებრივი თვითინიციატივის წინ წამოწევაზე. ზოგადად, მართებული მიდგომაა. თუ აქტივებსა და პასივებს აფთიაქის სასწორზე ავწონით, დავინახავთ, რომ ხალხის მიერ სადავეების ხელში აღებას უამრავი პლუსი გააჩნია. ჯერ ერთი, ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ (კინაღამ წამომცდა, გააქტიურებისკენ-თქო) მიმავალი უმოკლესი გზაა. მეორეც, ჩნდება იმის შანსი, რომ ათას სარზე გადამხტარი, ცხრაპარტიაგამონაცვალი და უნუგეშოდ გაბახებული პოლიტპერსონების ნაცვლად ამოქმედდეს ბუნებით პასიური, მაგრამ გაცილებით მდიდარი და შინაარსიანი საზოგადოებრივი რესურსი (აკადემიური წრეები, განათლების მუშაკები, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური სფეროს ინტელიგენცია (მაინც ვერ ავცდი ამ ბოლშევიკურ ტერმინს), უჩინო, მაგრამ ნიჭიერი (არა–ტელე) მწერლები, სპორტული სამყარო, აქამდე ინტელექტუალურ ნაჭუჭში შეყუჟული მოაზროვნე ინდივიდები...). ესაა ქართული საზოგადოების ნამდვილი განძი, მაგრამ დღემდე უქმად შენახული და პრაქტიკაში არარეალიზებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც. ხელისუფლება, რომელიც ძალზე დახელოვნებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დამსახურებული თუ დაუმსახურებელი იარლიყების მიტყეპებაში (ახლა განსაკუთრებით მოდაშია “პუტინის კარზე წაკუზულები”-ს ძახილი, თუმცა ასეთივე “პოლიტწაკუზვის” მაგალითი თვითონ პრეზიდენტმაც გვიჩვენა ასტანაში), ამასვე ვერ იტყვის მთლიანად ხალხზე. ვერ იტყვის, თუნდაც იმიტომ, რომ მისივე შეკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს მთავრობის საქმიანობას...
ჰო, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების თვითორგანიზება? არსებობს თუ არა საამისოდ აუცილებელი ადამიანური რესურსები და ტექნიკური საშუალებანი? რა მიმართებაში უნდა იყოს საზოგადოებრივი მოძრაობა პარალელურად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? რა თემები უნდა წამოიწიოს წინა პლანზე – სოციალური თუ პოლიტიკური? როგორი უნდა იყოს ბრძოლის ფორმები და მეთოდები? რა გზას უნდა დავადგეთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აზრის ისეთივე იგნორირებას მიმართა, როგორც აქამდე აკეთებდა პარტიებთან ურთიერთობაში?
ყველა ეს კითხვა პასუხს მოითხოვს და პასუხები ამ კითხვებზე ნამდვილად არაა იოლი. თანამედროვე ქართული ჩიხის საშინაო ასპექტი სწორედ ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული... მეხსიერების მსუბუქი დაძაბვაა საჭირო, რომ გავიხსენოთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან ცნობილი სახალხო თვითორგანიზების რამდენიმე კაშკაშა მაგალითი.
აბა, ხელი ასწიეთ, ვის ახსოვს რეზო ამაშუკელის თამადობით გამართული თბილისელთა შეკრება 1992 წელს ფილარმონიაში? რა შედეგი მოჰყვა ქვეყნისთვის ამ ინიციატივას? რა და – იდეოლოგიური საძირკველი ჩაეყარა “მოქალაქეთა კავშირის” შექმნას.
აბა, ისიც გაიხსენეთ, როგორ დაირაზმნენ 1993 წელს ახალი დროის კდემამოსილი ხვაშაქ ცოქალები და კრავაი ჯაყელები (ლანა ღოღობერიძე, ქეთი დოლიძე, გურანდა გაბუნია, იზა ორჯონიკიძე, მანანა გიგინეიშვილი და დანი მათნი), თეთრი მანდილი ააფრიალეს და სამეგრელოში ჩაუხტნენ ასევე ახალი დროის მაცი ხვიტიებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ინგირის სადგურზე, როგორ გამოსტაცეს ხელიდან ქობალიას გვარდიელებმა გაალმასებულ შაოსან დედებს მდედრობითი მოქბანდის წევრები და ამით საქართველოს გადაურჩინეს ნათელი მომავალი.
რა მიზანი ამოძრავებდათ ერის დედიკოებს?
გაბუნიამ, მაგალითად, ქმრისთვის მარჯანიშვილის თეატრის დირექტორობა გააიმასქნა, სადაც ბ-ნი მეღვინეთუხუცესი თუთაშხიასებური ენთუზიაზმით ეკვეთა დასის სარჩიმელიებს, ყვალთავებს და ნაკაშიებს. ორჯონიკიძემ და გიგინეიშვილმა პარლამენტარობას გამოჰკრეს ხელი, ღოღობერიძემ – ელჩობას, დოლიძემ კი – ფესტივალ “საჩუქარი”-ს ყოველწლიური დაფინანსების გარანტიას. ბოროტი ენები ამბობენ, ამ საქმიდან სერიოზულ მაყუთს ღუნავდაო. რა ვიცი, რა ვიცი… ძალიან ეჭვიანი კაცი ვარ და არ მიყვარს ჭორების აყოლა. არც სხვა მჭადიჯვრელი გმირი დიაცები დარჩენილან უქაფოდ და უხელისჭუჭყოდ.
ნაშვიდნოემბრევს და ნარვააგვისტოევს კიდევ ერთხელ აღიძრა ერის მთვლემარე ინიციატივა და ახალი თაობის ამაშუკელებმა (ზაალ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე, დავით-დეფი გოგიბედაშვილი, სიმონ მასხარაშვილი და ძმანი მათნი) მოუწოდეს თანამოძმეთ სამოქალაქო აქტიურობისკენ. შედეგიც თვალსაჩინო აღმოჩნდა. მასებმა იაქტიურეს, ზემოთხსენებულმა პერსონებმა კი უზენაესი ინსტანციისგან სათანადო წყალობა დაიმსახურეს. ზოგს სულთნის გამონაცვალი ხალათი ხვდა წილად, ზოგს – მიწის ნაკვეთი ვაკის პარკში მუსიკალური ფანჩატურის ჩასადგმელად, ზოგსაც – რა და ზოგსაც კიდევ – რა.
ჰოდა, ყოველივე ამის მომსწრე და თვითმხილველ საზოგადოებას აქვს თუ არა სრული საფუძველი, უნდობლად იყოს განწყობილი სოციუმის წიაღში ჩასახული ინიციატივების მიმართ, რომელიც მავანთა მიერ მკერდზე მჯიღის ბრაგუნით იწყება და, როგორც წესი, დუქნის უკანა ოთახში გაქონილი ასიგნაციების თვლით მთავრდება.
შიში შეიქს სიყვარულსო, ნათქვამია. მე დავამატებდი, რომ ეჭვი შობს უნდობლობას და ამ უნდობლობის შედეგი ნათლად ვიხილეთ 25 ნოემბრის სახალხო კრებაზე, რომელზეც მთელი ქვეყნისთვის ავტორიტეტად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილის თაოსნობამაც კი ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა დიდი რაოდენობის შეკრება.
სამწუხაროდ, ღრმა ჩიხში ვიმყოფებით. გარედან საშველი არ ჩანს, შიგნით ფიქრი და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის აღება არ გვინდა... და ყოველივე ეს განსაკუთრებით საგრძნობია ტოტალური შიშის, ინდიფერენტიზმისა და უნდობლობის ფონზე.
როგორ მოვიქცეთ, რა გზას დავადგეთ?
მე, პირადად, თქვენს მონამორჩილს, არანაირი მზა რეცეპტი არ გამაჩნია და თუ ამ თემაზე ვსაუბრობ, მხოლოდ საკითხის დასმის წესით. ერთადერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ გაბახებული პოლიტსპექტრის პირობებში ისევ ჩვენ უნდა ვქნათ საქნელი. ნებისმიერი ტიპის საჯარო მოძრაობის სტარტი მაინც საზოგადოებისათვის ცნობილი პერსონების ინიციატივასთან ასოცირდება. ამიტომ, წინამდებარე სტატია, ერთგვარად, დამაინტრიგებელი ნოტით მინდა დავასრულო. ვინც თავს შეიწუხებთ და ამ ნაცოდვილარს ბოლომდე წაიკითხავთ, თან კომენტარის დაწერის სურვილი გაგიჩნდებათ, იქნებ, ერთი ან ორი პიროვნება მაინც დაასახელოთ, ვისაც ენდობით და დაუფიქრებლად გაყვებით დაზვერვაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული ასეთი პერსონის შესახებ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოითქმება (იმედია, დედის გინებამდე არ მივა საქმე). ეს ერთგვარი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, რამდენად ვართ ჩვენ მზად საზოგადოებრივი თვითორგანიზებისთვის და გაგვაჩნია თუ არა საამისოდ აუცილებელი ადამიანური რესურსი.