მელომანია

მელომანია

როდესაც რაღაცას განსაკუთრებული ინტერესით აკეთებ, ბუნებრივია, რომ ამას დიდ დროსა და ყურადღებას უთმობ. არ გინდა რომ რაიმე გამოგრჩეს ან რაიმეს ჩამორჩე, მითუმეტეს რომ არც არჩევანია დიდი, არც ფინანსური შესაძლებლობები გიწყობს ხელს, რომ ბოლომდე დაიკმაყოფილო შენი სურვილები.


ეს ზოგადად კოლექციონერის სენია, იქნება მარკები, ნახატები, წიგნები, საღეჭი რეზინის ქაღალდები, თუ ლუდისა და ვისკის ეტიკეტები, მაგრამ აუდიოთეკის გაკეთება და მისი ჯეროვნად შენარჩუნება, ალბათ განსხვავებული სიამოვნებაა, რადგან დამეთანხმებით, რომ სხვადასხვაა დაზიანებულ ყდიანი წიგნისა და დაფხაჭნილი ვინილის დისკის ფლობა. ის კი არა და რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ ფირფიტა შესანიშნავ მდგომარეობაშია შენახული, მაგრამ ერთ ადგილას ნემსი ხტება, მერე იწყება ამ ხარვეზის ყველა შესაძლებელი ფორმით აღკვეთა, მაგრამ ის მაინც არ გამოდის, რაც საჭიროა და დისკიც დაბრაკულია... არადა The Doors-ის სადებიუტო ალბომია, ოქროსფერ “ელექტრაზე” გამოცემული, თავის დროზე სულ რამოდენიმე ასეული რომ იყო დაბეჭდილი, რა დასანანია...

რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა მელომანის ცხოვრებაში. წინააღმდეგობების გარეშე ადამიანი მელომანად ვერ ჩამოყალიბდება, ხოლო გემოვნების დახვეწის შემდეგ კი მელომანი შესაძლოა კოლექციონერადაც იქცეს, რაც უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა მელომანის ცხოვრებაში. აქ უკვე ძალიან დიდი სიფრთხლის გამოჩენაა საჭირო, რადგან ჩანაწერების შეგროვება თვითმიზნად არ უნდა იქცეს და დისკები ფირსაკრავს უფრო ხშირად უნდა ამშვენებდნენ, ვიდრე თაროებს. 

აქ შეხედულება ორგვარია და არ შეიძლება, რომ რომელიმე მათგანი უარვყოთ. უბრალოდ მოდით დავახასიათოთ ორივენი და ავკარგიანობა უკვე მკითხველს მივანდოთ.

შეხედულება 1 - მხოლოდ ანალოგური ჟღერადობა და არანაირი კომპაქტ-დისკი. 
სათაურიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ამგვარი დამოკიდებულების მიმდევრები კონსერვატორები არიან და რეალურად არც იჩერებენ სახლში 70-ების შემდგომ რეპერტუარს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ანალოგური - ვინილის ჟღერადობაა ბუნებრივი და სასიამოვნო. მათ ვერ წარმოუდგენიათ მაგ. ზემოთხსენებული The Doors-ის სადებიუტო ალბომის კომპაქტ-დისკიდან მოსმენა. მიდგომიდან გამომდინარე, მათთვის აღარ არსებობს არც 90-იანი წლები, არც დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დიდი სამუშაოები ტარდება ანალოგური ჟღერადობის აღდგენის გზით და ვინილზე ჩაწერილი ალბომების ტირაჟი 90-იან წლებთან შედარებით მატულობს. შეიძლება ვინილზე მოთხოვნილება MP3 ფორმატით ციფრული ჩანაწერის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუფასურებამაც განაპირობა, მაგრამ ძირძველ კოლექციონერებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ვინილების საუნდი ძველს ჩამოუვარდება და რომ არანაირი აზრი არ აქვს 2008 წელში გამოცემული ჯიმი ჰენდრიქსის Electric Lady land-ის შეძენას, რადგან მას თურმე კომპაქტ-დისკის ჟღერადობა ჰქონია. 

აქ უბრალოდ ერთს ვიტყვი - ჟღერადობა მართლაც განსხვავებულია, მაგრამ ციფრული რომ არ არის, ამის საუკეთესო პასუხს პირადი კოლექციიდან 1990 წელს გამოცემული Led Zeppelin-ის სამ-დისკიანი Remasters გვაძლევს, რომელიც ჯიმი პეიჯის მიერ ხელახლაა გადამუშავებული და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან თუნდაც მეოთხე ალბომის სიმღერები ამ ნაკრებიდან ბევრად უკეთ ისმინება. 

უბრალოდ, როგორც ჩანს, ხან ასეა და ხან ისე. ზოგჯერ უხარისხო ჩანაწერს ყურიც ეჩვევა და მელომანიც წინააღმდეგია მისი სხვაფრივ აღქმისა, არადა მუსიკოსები ამის შესახებ განსხვავებული აზრისა არიან, ჯიმი პეიჯისა არ იყოს. 

საერთოდ ბგერის ტექნოლოგიაზე და მის ბუნებრივობაზე საუბარი დაუსრულებელია, რადგან ბოლომდე დახვეწილი ტექნოლოგია არ არსებობს და ვერც ვერასოდეს იარსებებს. ამიტომ ძნელია, რომ არ დაეთანხმო ადამიანებს, ვინც ნათქვამში გაჯერებული იუმორით აცხადებენ, რომ სტუდიური ხმისჩამწერი ტექნიკა Pink Floyd-ის Dark Side Of The Moon-ის იქით აღარც დახვეწილა... თუკი 90-ების და უკვე 21-ე საუკუნის საკონცერტო შესრულებით ამ ალბომის სიმღერებს მოვუსმენთ, რამდენი გოჭიც არ უნდა დაფრინავდეს ცაზე და რამდენ ტონასაც არ უნდა იწონიდეს ლეგენდარული ჯგუფის აპარატურა, ჩანაწერის ხარისხი “მოგუდულობის” მიუხედავად, ალბათ ბევრის აზრით 1973 წლისა უკეთესი, ან ყოველ შემთხვევაში უფრო სასიამოვნოა... სად არის პასუხი ამ გამოცანაზე? პინკ ფლოიდს ხომ მსოფლიოს საუკეთესო ხმის ინჟინრები ემსახურებიან, ხოლო ჩანაწერის “საკონცერტოობა” 21-ე საუკუნეში ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს. ზოგიერთი მელომანი იტყვის, რომ უბრალოდ “ის დუხი აღარაა” და ალბათ ესეც ერთ-ერთ არგუმენტად გამოგვადგება კონსერვატორი მელომანების მუსიკასთან დამოკიდებულების მხარდასაჭერად.  

შეხედულება 2 - ნებისმიერი ჟღერადობა
მიდგომა მოიაზრებს როგორც ვინილის, ასევე კომპაქტ-დისკის კოლექციონირებას, რაც ეპოქალურ შეზღუდვას ხსნის და ადამიანს ფრთების გაშლისათვის უფრო დიდ სივრცეს ანიჭებს. უარყოფით მხარედ კი ამ სივრცის უკიდეგანობა გვევლინება. უკვე შევთანხმდით, რომ ჩანაწერის ფუნქცია თაროზე დება კი არა, არამედ მისი მაქსიმალურად ხშირი მოსმენაა. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც არსებობს ფრენკ ზაპას, გრეიტფულ დედის, დიპ ფარფლის, ჯიმი ჰენდრიქსის, პინკ ფლოიდის და სხვათა და სხვათა ასობით არაოფიციალური, თუ ოფიციალური ჩანაწერი ტრადიციული დისკოგრაფიის მიღმა? ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეს მელომანი? ხომ არ გაიხსენებს წარსულ დროს, როდესაც კოლექციისათვის საკმარისი იყო Led Zeppelin-ის 8 ან 9 (Coda “სავალდებულო არ არის”) სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომის შოვნა და დამთავრდა. ახლა რაღა ვქნათ, როდესაც Earls Court და How The West Was Won არის გამოქვეყნებული, ათი თავით რომ აღემატება ტრადიციულ საკონცერტო ალბომს? 

ეს არის კითხვები, რომელთა ირგვლივაც მსჯელობა გაუთავებლად შეიძლება გაგრძელდეს. უბრალოდ საჭიროა რაციონალური აზროვნება და უპირველეს ყოვლისა მუსიკის სიყვარული. პირველი მიდგომა უფრო ადვილია განსახორციელებლად MP3 ფორმატის დახმარებით, ხოლო მეორე კი მაქსიმალური გაფილტვრითა და ჯერ კომპიუტერში ოპტიმალური ბაზის შექმნისა და შემდეგ უკვე “ბალვანკებზე” სასურველი ალბომების გადატანით. ალბათ ესაა ერთადერთი გზა თანამედეროვე მელომანისათვის მილიონობით მისთვის სასურველ ჩანაწერში ფონს გასასვლელად. რა ვუყოთ, ყველაფრის მოსმენა შეუძლებელია, მაგრამ აკი ისიც არ გვსიამოვნებდა, რომ ოდესღაც რაღაც-რაღაცეებს ვერ ვშოულობდით.  
(გაგრძელება იქნება)