მოდით განვლილ თემებს დავუბრუნდეთ, ცოტაც დავამატოთ და გარკვეული აზრი ჩამოვაყალიბოთ, თუ რატომაა დღესდღეობით სავალალო მდგომარეობა მელომანიის თვალსაზრისით, რის საფუძველსაც ალბათ თუნდაც კომპაქტ-დისკების გაუთავებელი შეგროვებით განპირობებული გემოვნება წარმოადგენს.
უმთავრესი მიზეზი დღევანდელი მუსიკალური შიმშილისა, სწორედ რომ კომპაქტ-დისკების არარსებობაა. თბილისში არ არსებობს არცერთი მაღაზია, სადაც ადამიანი მივა და დისკს შეიძენს. მაღაზიის არარსებობის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ინტერნეტია და ეს არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო პრობლემაცაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიზეზი არა მხოლოდ ინტერნეტში, არამედ ჩვენი თანამედროვე საზოგადოების ძალიან დაბალ მუსიკალურ გემოვნებაშია, რაც სულ უფრო და უფრო უკან მიდის და საშველი რომ არ უჩანს, რადგანაც მოზარდის გემოვნების დახვეწის მიმართულებით არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არც ტელე, თუ რადიო მაუწყებლობები მუშაობენ.
შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენოს, მაგრამ თურმე 80-იან წლებში, საბჭოთა უშიშროების მიერ დახშული სულ რამდენიმე დასავლური რადიოსადგურიდან მუსიკალურ გურმანს უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეეძლო, ვიდრე დღევანდელ დღეს - ამდენი ადგილობრივი FM რადიოსადგურების მაუწყებლობის პირობებში, რომელთა არსებობის აზრიც თქვენი ერთგული მონა-მორჩილის ამ სისტემაში 15 წლიანი მუშაობის მიუხედავად, დღემდე მისთვის ამოუცნობი რჩება. რა არის მუსიკალური რადიოსადგურის ფუნქცია? ჰყავდეს მუსიკაში ღრმად ჩახედული მუსიკალური რედაქტორი, ასეთივე წამყვანები და მასალა, რომელიც შთააგონებს მსმენელს და რაღაც ახალს შეატყობინებს. ამის შემდეგ მუსიკის მოყვარულს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში აღზრდილი ადამიანის თვალსაზრისით, დღესდღეობით უკიდეგანო შესაძლებლობები ექმნება ინტერნეტის სახით. ადამიანი ინფორმაციის მიღების შემდეგ, უკვე თავად იკვლევს გზას ინტერნეტში და მისთვის საინტერესო შემსრულებლის ჩანაწერების შეგროვებას იწყებს.
მაგრამ სქემა თავიდანვე არ მუშაობს, რადგან ჩვენი რადიოსადგურები თუთიყუშებივით ერთსა და იმავე არაფრისმომცემ ბულვარულ ინფორმაციას კაკანებენ, რეპერტუარიც ძირითადად ერთნაირი, აზრს მოკლებული და ხშირად რუსულენოვანია. ხოლო აზრს მოკლებული რეპერტუარი მელომანს ვერასოდეს გააჩენს, რადგანაც ცნება - ანტიმელომანი არ არსებობს.
რადიოებში მიღებულია აზრი, რომ “ნიუსები” აუცილებელია, ხოლო მუსიკა კი უნდა იყოს “კომერციული”. საბოლოოდ ყველა ერთსადაიმავეს ატრიალებს, მუსიკალური ბაზარი კი ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.
კენ ჰენსლი ერთ-ერთ წიგნში იხსენებს Uriah Heep–ის 1976 წლის ალბომ High And Mighty-ის. ძალიან კარგად ახასიათებს მას და ალბომის ჩავარდნას პროდიუსერების მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებს - მხოლოდ 3000 დოლარი გაიმეტეს რადიოში მისი რეკლამირებისთვისო. ეს არის პატარა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს აწყობილი ალბომი, მაღაზია, კონცერტი, რადიო - სქემატური ოთხკუთხედის ერთი ნაწილი, რის საათის მექანიზმივით მუშაობაზედაცაა აწყობილი მთელი სამყაროს მუსიკალური შოუ-ბიზნესი.
რადგანაც ტელე და რადიო მაუწყებლობა არ არის ორიენტირებული მაღალი ხარისხის მუსიკის გავრცელებაზე, ბუნებრივია, რომ ჩვენთან კონცერტებიც აღარ ტარდება, რადგან მუსიკაში ჩახედულმა ადამიანმა იცის ცოცხალი შესრულების ყადრი და ამა თუ იმ FM-ის “გაპიარებულ” ფონოგრამაზე “ნამღერ” სისულელეზე არც წავა. მაგრამ ამ ფონოგრამის მსურველიც რომ კლებულობს?
აეროსმიტის სტივენ ტაილერმა ერთხელ თქვა - მადლობა ღმერთს, რომ მძლავრი აკორდებისთვის დატოვა ადგილი დედამიწის ზურგზეო. შესანიშნავი ნათქვამია, რადგან “მძლავრი აკორდების” ქვეშ ჩვენ შემთხვევაში გემოვნებიანი როკ-მუსიკა მოიაზრება, სამწუხაროდ რისი ადგილიც საერთოდ აღარ არის საქართველოში. მაგრამ ვერც იქნება, რადგანაც მისი თანმდევი და აუცილებელი მასობრივი პოპ-მუსიკაც ჩვენში თითქმის აღარ არსებობს, რომლის ბაზარზე არარსებობის შემთხვევაში დამწყები მსმენელისთვის ერთიმეორესთან შესადარებელიც არაფერი რჩება და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში Uriah Heep-ზე ცარიელ დარბაზს ვღებულობთ. მართალია, დღესდღეობით ასეთი რამ პინკ ფლოიდზე არ მოხდებოდა, რადგან ცოტა არ იყოს სნობები ვართ, (და ფლოიდიც აღარ არსებობს) მაგრამ რამდენიმე წელიწადში ფლოიდზედაც ნახევრად შევსებულ დარბაზს ვიხილავდით, რადგან სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ, Uriah Heep -ზე დარბაზი აუცილებლად შეივსებოდა... მაღაზიის არარსებობისა არ იყოს, ცოცხალ კონცერტზე არმისვლასაც ინტერნეტს ხომ ვერ დავაბრალებთ?
მელომანისთვის ძალიან მომაბეზრებელია MP3 ფორმატი. არ ჯობია, რომ გქონდეს კომპაქტ-დისკი სქელი ბუკლეტით, ყოველ კომპოზიციაში მონაწილე მუსიკოსების გვარებითა, თუ მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტების ნუსხით? მაგალითად Jethro Tull-ის Stand Up-ის ალბომის გარეკანს თუ დახედავთ, ამოიკითხავთ ინსტრუმენტების სრულ ჩამონათვალს, რასაც იყენებს საკუთარ მუსიკალურ რეპერტუარში სულ რაღაც 21 წლის იან ანდერსონი და ამ ამბავს არამარტო ვინილის დისკის, არამედ ორიგინალი კომპაქტ-დისკის ყდაც გვატყობინებს. ანალოგიურ ინფორმაციას რიგ შემთხვევებში ინტერნეტითაც მიაკვლევს კაცი, მაგრამ როგორც წიგნს ვერასოდეს შეცვლის კომპიუტერიდან ამოკითხული ლიტერატურული ნაწარმოები, ასევე შეუძლებელია დისკის შეცვლა კომპიუტერში უწესრიგოდ (ძირითად შემთხვევაში) ჩაყრილი მასალით ან MP3 “ბალვანკით”.
მახსოვს როგორი მოწიწებით და სიფრთხილით ვეკიდებოდით ხოლმე ბავშვობაში სხვადასხვა ტიპის “სბორნიკების” ჩაწერას. რამხელა უნდა (თუ სულ არ უნდა ყოფილიყო) პაუზა სიმღერებს შორის. მერე ამ კასეტებს ვჩუქნიდით ხოლმე ჩვენს მეგობრებს, ისინი გადადიოდა ხელიდან ხელში და საბოლოოდ იკარგებოდა ან ბევრი სმენისგან “იბრიდებოდა”. იქ ყოველ სიმღერას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. სწორედ აქ ყალიბდებოდა გემოვნება. მაშინ პინკ ფლოიდის დარქ საიდიდან “Money”-ის შემდეგ მაგ. ზეპელინის რეინ სონგი რომ მოგესმინა, იტყოდნენ - მუსიკა არ ესმისო. ასეთ დამოკიდებულებას ერთგვარ სნობიზმამდე და ზოგჯერ დოგმებამდეც მივყავდით, რადგან “გემოვნებაზე არ დაობენ”, მაგრამ მუსიკალურად აზროვნებას ვეჩვეოდით და იტალიური ესტრადის მოყვარული სახლში ბლექ საბათს არ გაიჩერებდა. გემოვნებაც მიმდინარეობების მიხედვით ყალიბდებოდა და, რაც მთავარია, მუსიკასთან მიდგომა გაცილებით სიღრმისეული იყო.
ბევრად მწირი არჩევანის მიუხედავად, ზემოთქმული ფაქტორები ადამიანს მელომანობისა და კოლექციონერობისაკენ უბიძგებდა, რაც პრაქტიკულად მომსპარია დღესდღეობით ჩვენში, რადგან შაკირას ფანი მელომანად ვერასოდეს ჩამოყალიბდება და მის გვერდში აუცილებელია მცირე დოზით მაინც ბითლზისა და ჯენესისის, რადიოჰედისა და მერილიონის და სხვათა და სხვათა დამწყები მსმენელისათვის მიწოდება, თორემ მალე საქართველოში მუსიკალური გემოვნება აღარავის ექნება და FM რადიოსადგურებთან ერთად, საკონცერტო დარბაზებიც მაღალი ხარისხის მუსიკისთვის საბოლოოდ დაიხურებიან.