9 ოქტომბერი… Crippled inside

9 ოქტომბერი… Crippled inside

1940 წლის 9 ოქტომბერს ჯონ ლენონი დაიბადა და ეს დღე ყოველი როკ-მენის ცხოვრებაში რაღაც იდუმალი სიხარულის მომასწავებელია, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად სევდისმომგვრელიცაა, რადგან ამავე დღეს ჯიმ მორისონი გარდაიცვალა. უბრალოდ, მინდა ბავშვობა გავიხსენო და კერძოდ კი 1980 წლის 12 დეკემბრის გაზეთი “პრავდა”, რომლის “კულტურულ” გვერდზეც იყო მოკლე სათაური - “Убили Дж. Леннона”. კომუნისტებმა მუსიკოსის სახელიც კი არ დაწერეს სრულად, იმდენად აღსავსე იყო ცინიზმით, როგორც ზოგადად – მიდგომა, ასევე – ინფორმაცია, რომელიც სულ რამდენიმე სტრიქონისგან შედგებოდა, უფრო იმის ხაზგასასმელად, რომ ამერიკაში კაცისკვლა ჩვეულებრივი მოვლენაა და რატომ გიკვირთ ეს ამბავიო. 

წლეულს ჯონ ლენონს 70 წელი შეუსრულდებოდა და გულისტკივილიც დიდია, რამდენი რამ არ დასცალდა მუსიკოსს... 

მახსოვს, როგორ მეკავა ხელში ცელოფნის ფაქტურის “წითელი” და “შავი” ბითლზის ფირფიტები და ვღვრიდი ბავშვურ ცრემლს. მაშინ ჩემს ოთახში დიდი ოთხეულის ფოტოსურათების კოლექცია ოდენ ამ უსახური ქაღალდის ყდებზე ვიღაცის დაჯღაბნილი ნახატებით შემოიფარგლებოდა, რომელზეც მუსიკოსები, განსაკუთრებით კი ლენონი, რატომღაც მაიმუნებს ჩამოჰგავდნენ. კიდევ არსებობდა ფირფიტა - Поет Дж. Леннон - “ქრიპლ ინსაიდითა” და “ჯელოუს გაით” (სტვენას რომ გვასწავლიდა) გარეკანზე გაკრეჭილი ლენონით. ვუყურებდი და ვადარებდი რამდენიმე ხნით ადრე ბატონი ევგენი მაჭავარიანის “ეს ესტრადააში” ნანახ ლენონს, რომელიც თურმე სულ სხვა კაცი იყო – კაცი ლეგენდა, რომელსაც შესანიშნავი ქართველი მუსიკოსის - ზურა ყარალაშვილის გადმოცემით, მღვდელმა იმ დღეებში პანაშვიდიც კი გადაუხადა ეკლესიაში... ანუ ერი და ბერი, შეგნებული მაინც, მაშინ ერთად იყო. გაიმართა არაერთი საღამო, დაიწერა ლექსები, როკ-მუსიკის მოყვარულთა სახლებში ჩატარდა დიდი მუსიკოსის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები მისი სულის ცხონების სადღეგრძელოთითურთ... მოკლედ, საბჭოთა საქართველოს მოაზროვნე ნაწილმა ღირსეულად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მომხდარისადმი და ამ შემაძრწუნებელი ფაქტის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა.

ვერ გეტყვით, რა იქნებოდა, ლენონი დღეს რომ მომკვდარიყო… თუმცა, ერთი კია, რომ მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების გამო მაინცადამაინც დიდი ვაება არ ყოფილა და ასობით ფანს ცეკვა არ დაუწყია რესპუბლიკის მოედანზე, რაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისაკენ წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ რონი ჯეიმს დიოს გარდაცვალება საერთოდ არც ერთ ტელევიზიას რომ არ უხსენებია, ამაზე რაღას ვიტყვით ?! უყურადღებობას მივაწეროთ ეს ამბავი, თუ აბსოლუტურ სიბეცესა და არაპროფესიონალიზმს? მაგრამ დაბადების დღის, მით უმეტეს ჯონ ლენონის 70 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნა, ინდეფერენტიზმის მიუხედავად, ოდნავ საზეიმოდ მაინც უნდა შეგვეძლოს. ყოველ შემთხვევაში, რატომ არ შეიძლება, რომ თანამედროვე ქართველმა საესტრადო მომღერლებმა თითო-თითო სიმღერა მაინც მიუძღვნან ჯონ ლენონს მის დაბადების დღეზე და ეს ყველაფერი რომელიმე ტელევიზიით გაშუქდეს?

ხომ შეიძლება, რომ რომელიმე შემსრულებელი მოგვეწონოს, ან ყურების დაცობაც მოგვიწიოს, თუნდაც სიცილით გასკდომაც ზოგიერთის შემყურე... მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სულ არაფერს, ხომ არ აჯობებდა გარეგნულად მაინც, საკუთარი ემოციების გამოხატვა. ერთი კია, რომ ზოგიერთ ჩვენს პოპ-მომღერალს ერთმანეთისგან ვერ განურჩევია ლენონისა და მაკარტნის, ჰარისონისა და რინგოს ხმები (გგონიათ, ასეთები არ შემხვედრია?!), რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს თანამემამულე როკ-მუსიკოსებზე, რომლებიც Uriah Heep-ის კონცერტზე მისვლას თაკილობენ - მოძველდაო, მუდამ უსახსრობას უჩივიან და დღეს შექმნილი როკ-მუსიკის თვალსაზრისით უმძიმესი ვითარება მზად არიან, რომ გადააბრალონ მხოლოდ სხვას, ვინც არ უნდა იყოს, ოღონდაც არა საკუთარ თავს... 

აქტიურობენ მხოლოდ ძველი გვარდიის როკმენები. ისინი მართლაც შეუცვლელნი არიან ჩვენს მუსიკალურ სცენაზე. ბრავო ზურა ყარალაშვილს, რომელიც დღეს ბითლზ–კლუბში ჯონ ლენონის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე თავის გუდ კომპანისთან ერთად რუსთავიდან გვესტუმრება და “ბითლზის” დაუვიწყარ რეპერტუარს კიდევ ერთხელ შემოგვთავაზებს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია “ბითლზის” გამო ეს მანძილი ფეხითაც კი დაფაროს. ასეთი რამ მას 90-იან წლებში არაერთხელ ჩაუდენია. ხვალინდელი საღამოს სულისჩამდგმელი კი ვინ იქნება, ამას ყველანი ისედაც მშვენივრად ვხვდებით...

ხომ არ ვფიქრობთ, რომ ეს მილიონნახევრიანი ქალაქისათვის ძალიან ცოტაა? მაგრამ მახსენდება შვიდიოდე წლის წინანდელი ერთი ეპიზოდი, როდესაც დილით შემთხვევით ტელევიზიით შევიტყე, რომ სამეფო უბნის თეატრში მიხეილ კალატოზიშვილის ფილმების უფასო ჩვენება შედგებოდა. იმ პერიოდში როკ-მუსიკის მოყვარულთა ფან-კლუბი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა და დაახლოებით 15-ოდე კაცი ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედების გარჩევის ნაცვლად, “ჯიმ შვანტეზე” აღმოვჩნდით. მახსოვს, დარბაზში სულ რაღაც 18-20 კაცი ვიმყოფებოდით. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც უამრავი ნიჭიერი დამწყები რეჟისორი თუ კინომსახიობი ჰყავს...

ნუთუ ყველაფერში ინტერნეტია დამნაშავე? ნურას უკაცრავად, მაშინ ცოდნაც მეტი იყო და ინტელექტიც. ყოველ შემთხვევაში Pink Floyd-ის მუსიკოსთა გვარებს ამ ჯგუფის თითქმის ყოველი მსმენელი ჩამოგითვლიდათ, ახლა კი ვეჭვობ, რომ დეივ გილმორს უმეტესობა გასცდეს... ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით კინოს სახლში “როლინგ სთოუნზის” ატლანტის კონცერტს, თუ Kiss-ის მიერ 2010 წლის ივნისში ჩატარებულ კონცერტს ნახევარმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, შეიძლება მხოლოდ ერთი თბილისელი გამოეხმაუროს და ჩვენება ჩავარდეს, როკ-მუსიკის ათვლის წერტილად ჯგუფი “ქუინი” შეირაცხოს და მსმენელთა მოთხოვნები იყოს ცოი და არა “დაირ სტრაიტსი”, ბორის გრებენშჩიკოვი და არა “ჯეთრო ტალი”. თუკი გერმოვნების მხრივ რაღაც ვერაა წესრიგში, თავმოყვარეობა სადღაა?! მახსოვს ერთ მსმენელს აგვისტოს ომის შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ ვუთხარი - მაინცდამაინც კერა უნდა დაგიბომბონ-მეთქი? - გაჩუმდა, რა ეთქვა. 

ამას წინათ ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა კლიმ მარიმ დაწერა და შემდეგ უფასოდ გაავრცელა წიგნი “მთელი ეს როკ-ნ-როლი”... 

როგორმე მოვიპოვოთ წიგნი, გავიცნოთ ეს კაცი, თუ აღარ არის ეს წიგნი, ხელახლა დავაბეჭდინოთ და ეგებ რაღაც გავიგოთ, შევიგრძნოთ და მოვიშოროთ თავიდან ეს საშინელი ინდეფერენტიზმი და მაგარი ტიპობის პოზა, რაც განსაკუთრებით როკ-მუსიკას არ უხდება, რადგან როკი მართალი კაცის მუსიკაა. ვინც მას უმტყუნა და უღალატა, ვეღარც მუსიკოსად ივარგა, თუკი თვალს გადავავლებთ განსაკუთრებით 80-იანი წლების კლასიკურ როკს. 

საბედნიეროდ, მერე ბევრი გონს მოეგო და უკვე 2000-იან წლებში აშკარა წინსვლა შეიმჩნევა ყბადაღებულ 80-თან შედარებით. ეგებ ჩვენც რამე გვეშველოს და მეტი სიმხნევით და სიალალით გავიხედოთ წინ და შევეჭიდოთ ჩვენს ეგოიზმს, რაც აუცილებლად აღგვიძრავს სინანულის გრძნობას. შედეგად კი მოგვიმრავლდება როგორც კარგი კონცერტები, ისე ახალი მეგობრები კევინ აიერსის სიტყვებისა არ იყოს - Lovers come and lovers go but friends are hard to find. 

მოკლედ ყველაფერი წინ გვაქვს...