მუსიკალური გემოვნება (ნაწილი II)

მუსიკალური გემოვნება (ნაწილი II)

The Beatles-მა კი უამრავი რამ შეცვალა, თუმცა არამარტო ჩვენთან, არამედ უპირველეს ყოვლისა, მთელს მსოფლიოში და თანაც არამარტო The Beatles-მა... მოდი ვთქვათ, რომ 60-იანი წლებიდან დაწყებული, მთლიანად იცვლება მსოფლიო მუსიკალური მსოფლმხედველობა, რადგან თუკი იქამდე ადამიანის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თავად მუსიკა ასრულებდა, პირველი მაგნიტოფონების გამოჩენამ, ზოგჯერ არანაკლებ როლში სწორედ რომ ეს ახლადდანერგილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა მოავლინა. 

ბევრი ადამიანი, რომელსაც აქამდე შეხება არ ჰქონია მუსიკასთან, ყიდულობს ტიპ-2 მაგნიტური ლენტებს და მაგალითად მაგნიტოფონ “კომეტაზე” ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებული ტიპის რეპერტუარს იწერს, რაც ერთგვარ აზარტშიც კი აგდებს მას. ღრმა ბავშვობაში მახსოვს, რომ ერთ ბაბინაზე ფირფიტებიდან მქონდა გადაწერილი ინდური ზღაპრები და რომელიღაც ჩეხური როკ-ანსამბლი... ანუ რკინის ფარდის მიუხედავად, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ჩვენამდეც აღწევს და ჩნდებიან პირველი ქართველი მელომანები, რომელთა ნაწილიც შეიძლება იმდენად ღრმად არ იყოს ჩახედული მუსიკაში, თუმცა საკმაოდ მდიდარი კოლექცია გააჩნია, რადგან მასთან ჩამოაქვთ დისკები, ან ხელი მიუწვდება დისკების თხოვნაზე, თუ გაცვლაზე. ფაქტია, რომ ხშირად მოსმენის დრო არც კი რჩება, სამაგიეროდ კოლექცია ივსება და ძალაუნებურად გემოვნებაც ყალიბდება. 

ჩვენ შეუმჩნევლად უკვე 70-იან წლებშიც შემოვიჭერით, როდესაც სპეკულიანტების მიერ ჩამოტანილი დისკების ასორტიმენტი სულ უფრო მრავაფალფეროვანი ხდება. მაგრამ ვინც არ არის მელომანიით დაავადებული, მათ საბჭოთა კავშირი კვლავ ამარაგებს მდარე რუსულ-ქართული რომანსებით და ახალი ხილითაც, რასაც “ბლატნოი” სიმღერა ეწოდება. 

ძალიან უხეში გამოგვივა შედარება, თუ პირველ მათგანს The Beatles -ს, ხოლო მეორეს კი The Rolling Stones-ის ფუნქციას დავაკისრებთ, თუმცა გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ასე იყო საბჭოთა კავშირში და ბუნებრივია, რომ საბჭოთა საქართველოშიც. პირველი კასეტებისა და მანქანის მაგნიტოფონის გამოჩენასთან ერთად, განსაკუთრებით პოპულარული “The Rolling Stones” შეიქმნა. “მელომანებმა” ზეპირად იცოდნენ როზენბაუმი, შუფუტინსკი და სხვანი და სხვანი. “ვარავსკოი” ტექსტები იმდენად პოპულარული იყო, რომ ამ უმდარესი სიმღერებით ხალხი ძალაუნებურად რუსულ ენასაც კი ეუფლებოდა, იჭედავდა ყურებს და რაც მთავარია ცხოვრების განუშორებელ ნაწილადაც ექცეოდა, იქნებოდა ეს სუფრა, თუ ავტომანქანა. ამ ჩანაწერების შოვნა ძალიან ადვილად შეიძლებოდა ავტოვაგზლებზე გახსნილ ხმის ჩამწერ სტუდიებში.

თბილისის ცენტრალურ რაიონებში კი რეპერტუარი ამ მხრივ შედარებით მწირი იყო, რადგან აქ გახსნილ ხმის ჩამწერ სტუდიებში უფრო დიდი მოთხოვნა იყო ფლოიდებზე, ბონი ემზე, აბბაზე, ბენსონზე, ფარფლებზე, ბობ მარლიზე, ზეპელინზე, ბარი ვაითზე, სლეიდსა თუ კიდევ ბევრ სხვა რამეზე. უბრალოდ ამ სტუდიებში ერთი საშინელი ჩვევა ჰქონდათ. არ უნდა გაგკვირვებოდათ, თუ გრანდ ფანკს “დაპისკაში” ერაფშენს ან დუეტ ლიპსს მიაწერდნენ. ეს ალბათ კლიენტის მუსიკალური გემოვნების თვალსაწიერის გაზრდის მიზნით ხდებოდა, მერე რომ ათასგვარ სისულელეში ფული გადაეყარა...


მაგრამ მაინც კარგი იყო. მუსიკის მსმენელს ეძლეოდა შესაძლებლობა, თავადაც ჩართულიყო შემოქმედებით პროცესში, თავისი ხელით გაესწორებინა ჩამწერი, თუ წამშლელი თავაკი, გაეწმინდა სპირტით, დაერეგულირებინა ჩაწერის ხმის სიმაღლე (სტანდარტი, ოდნავ მეტი ან ნაკლები), სხვადასხვა ლენტის მიხედვით და შემდეგ მოესმინა ერთი და იგივე ათჯერ, პირველად ჩანაწერთან შესადარებლად. ზოგჯერ შეიძლება ოთახიდან გასულიყავი და ამ დროს დისკი გადამხტარიყო. ამ დროს დაღლილი ხარ, ჩანაწერს მოუსმინე მხოლოდ ორი დღის შემდეგ, დისკი კი უკვე წაღებულია... მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება, აბა ეძიე ვისი იყო ეს დისკი, თავიდან რომ იშოვო... 

მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი ყირაზე დადგა, რადგან თურმე ქართველი მსმენელის მუსიკალურ ყურს წინ უდიდესი განსაცდელი ელოდა. ეს იყო იტალიური ესტრადა. 

ცთუნებას ალბათ მხოლოდ მან გაუძლო, ვინც იცოდა იტალიური მუსიკის ყადრი და გარკვეულწილად მაინც ერკვეოდა იტალიურ საოპერო ხელოვნებაში. ცთუნებას იმიტომ ვამბობ, რომ ამ დროისათვის საბჭოთა მოქალაქისათვის შემოიყარა თვალისმომჭრელი სილამაზით შეფუთული კასეტები, ზოგჯერ ოქროსფერი, ზოგჯერ ვერცხლისფერი წარწერით, რომელთა ღირებულებაც 7-დან 9 მანეთამდე მერყეობდა, ხოლო მაგალითად “ზალატოი მაქსელი” კი დახლქვეშ 25 მანეთად! იყიდებოდა. ხელფასზე მაცხოვრებელი “გაჭირვებული” ქართველი კასეტებს ბლოკებად ყიდულობდა უნივერმაღში, საკონდიტროსა, თუ თევზის მაღაზიაში. ამ კასეტების შევსება კი საოცარი სისწრაფით ხდებოდა ჩელეტანოთი, ალბანო და პაუერით, პუპოთი, თუ რაფაელა კარათი. 

ცხრამანეთიან კასეტებს საბჭოთა შოუბიზნესმა საოცარი სისწრაფით ულევი იტალიური რეპერტუარიც მოაყოლა, ეს კასეტები რომ შევსებულიყო. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდებოდა, რომ საჭირო შეიქმნა გადახვევით ჩაწერა. აბა ვის ჰქონდა დრო, რომ 45 წუთი დალოდებოდა კასეტის ერთი გვერდის ჩაწერას. საუკეთესო მეგობარი “შარფის” მაგნიტოფონი - განსაკუთრებით “ტრი სემიორკი” შეიქმნა, რომელიც ამ ფუნქციას, თუ არ ვცდები 12 წუთში ასრულებდა. 

მოსმენა უკვე აღარც იყო საჭირო. ერთი და იგივე რეპერტუარი ისმოდა სახლების ფანჯრებიდან, მანქანებიდან, ავტოვაგზლებიდან, ხმის ჩამწერი სტუდიებიდან, მაღაზიებიდან, თუ ბენზოგასამართი სადგურებიდან... ბიზნესმა იმ დონეზე გაამართლა, რომ მალე მოდიდან გადავარდნენ ბონი ემი, აბბა და კიდევ სხვა ცნობილი პოპ-შემსრულებლები, რომელთა მელოდიებითაც საზოგადოებას იქამდე ჰქონდა გამოჭედილი ყურები. გემოვნებიანი მუსიკის პოპ-ფლაგმანს ამ დროს ქუინი და ელექტრიკ ლაით ორკესტრი წარმოადგენდნენ, თუმც ხშირი იყო კასეტები, რომლის ერთ გვერდზე რაფაელა კარა იყო ჩაწერილი, მეორეზე კი მაგალითად ელო-ს “თაიმი”, ან პინკ ფლოიდის “ენიმალსი”. 

უცნაურია, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რომ “ცხრამანეთიანი კასეტებისა” და ცელოფნის ფაქტურაზე დამზადებული დრეკადი ფირფიტების (“ნა ვსეხ შიროტახ” რომ ეწერათ) პერიოდი, ყველაზე საინტერესო, შემოქმედებითი და რაც მთავარია უშფოთველი აღმოჩნდა ქართველი მელომანისათვის. ან, უბრალოდ, ეს იყო საუკეთესო პერიოდი ქართველი კაცის ეროვნული თვითშემეცნებისა, თუ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებისათვის. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი კონცერტი იმართებოდა, თანაც არამარტო დედაქალაქში. ხომ არ დაგვვიწყნია “ბერმუხას” გასტროლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასეთი რამ, სამწუხაროდ სანატრელი გაგვიხდა. 
(გაგრძელება იქნება)