მუსიკალური გემოვნება (ნაწილი I)

მუსიკალური გემოვნება (ნაწილი I)

დღეს მკითხველის ყურადღება ერთს ფრიად საჭირბოროტო საკითხზედ გვინდა გავამახვილოთ, რასაც მუსიკალური გემოვნება, გნებავთ - ხედვა, მსოფლმხედველობა, თუ შემეცნება ეწოდება, რადგან ჩამოყალიბებისათვის მთელ თაობებს საჭიროებს, ერთი არასწორი ნაბიჯი და უკვე ამ მხრივ საზოგადოების დაჩლუნგების საშიშროება იქმნება. 

მამაზეციერმა კი ყოველივე ჰარმონიაში შექმნა და რომელიმე ერთი შემადგენელი ნაწილის ამოვარდნა თუ რას უქადის კაცობრიობას (და ჩვენს შემთხვევაში მის ერთ მცირეოდენ ნაწილს), ეს ჯერ კიდევ მე-6 საუკუნის უცნობი ავტორის ნაწარმოებიდან “მოქალაქობა და წამება წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა” შეგვიძლია შევიტყოთ წმიდა ასურელი მამის სიტყვებიდან: 

“განსწორებით არიან დაბადებულ ნოტია, ცივი, ხმელი და ცეცხლი, რომელ ერთიერთისა მპყრობელობა აქვს ღმერთსა სიმრგვლესა მას შინა. ესრეთ განსწორებით ნაწილთათა დგანან ესენი და უკეთუმცა ერთიერთისა აღემატა, გან-მცა-ქარდა მეორე იგი”. 

ქართველებს მეექვსე საუკუნეში გვცოდნია, რომ დედამიწა მრგვალია. მადლობა ღმერთს, დღესდღეობითაც ვიცით ეს ამბავი, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად ერუდიციას, ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელია, რადგან ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცაა, მაგალითად, ლიტერატურა, მხატვრობა, თეატრი თუ მუსიკა, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ადამიანის მიერ საჭიროა მათი შეძლებისდაგვარად თანაბარი აღქმა. ჩვენ, მოკრძალებით, მუსიკას შევეხებით, დანარჩენი საკითხების გარჩევას კი სხვებს დავუთმობთ. 

რადგანაც საქმე ქართველებს გვეხება, მოდით თავდაპირველად შევთანხმდეთ ქართული მუსიკის რაობაზე წარსულში - ელექტრიფიკაციის ეპოქაში და დავფიქრდეთ, რას წარმოადგენს იგი დღეს, კომპიუტერიზაციის ეპოქაში. როგორი ჰანგების აღქმა უწევდა საბჭოთა საქართველოს შვილს და როგორი – დღევანდელ, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს შვილს იმისათვის, რომ მუსიკალური თვალსაწიერით გაერთიანებული და ბედნიერი სამშობლო წარმოიდგინოს...  

რადგან წარსულით ვიწყებთ, თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისს მივაშუროთ, საბოლოოდ კი საქართველოს მუსიკალური თითქმის ასწლეულის განხილვა მოგვიწევს ისე, ძალიან მოკლედ, მაინცდამაინც რომ არ დავიღალოთ.

დასაწყისი საკმაოდ ოპტიმისტურია, რადგან რეაქციის წლების მიუხედავად, ქართულ მუსიკას ძალზედ მნიშვნელოვანი ამბები გადახდა თავს. უმთავრესი მონაპოვარი კი ალბათ პირველი ქართული ოპერებია, რომელთა იშვიათი გრამჩანაწერების ფრაგმენტები ხელიდან ხელში გადადიოდა, ხოლო ოპერის თეატრი კი მუდმივად სავსე იყო სხვადასხვა წრის მსმენელით, რომელიც ასეთი მაღალი დონის მუსიკით შეიგრძნობდა მაღალი ხელოვნების გემოს და სმენა რომც არ ჰქონოდა, თუკი ვერ გამოიმუშავებდა, ყოველ შემთხვევაში მუსიკალური გემოვნება მაინც დაეხვეწებოდა. ხოლო რომ ვერც გაეგო მის ირგვლივ რა ხდებოდა, იმას მაინც იტყოდა - “დაისი” ზაქარია ფალიაშვილის ოპერააო. 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი დაკავშირებულია გრამფირიფტების ინდუსტრიის გაჩაღებასთან. ქართველ მუსიკის მოყვარულს უკვე საშუალება ეძლევა გაეცნოს საბჭოთა კავშირის კლასიკური მუსიკის წარმომადგენელთა მთელ პლეადას, ამავე დროს ჩვენს კონსერვატორიაში აღზრდილი პიანისტები თუ მომღერლები უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობას აღწევენ და, რაც მთავარია, მათი მოსმენა ხელმისაწვდომია რადიოთი, თუ მოგვიანებით – ტელევიზიით. 

თანდათანობით ფეხს იკიდებს მასობრივი მუსიკაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქართული კინომუსიკის ჟანრის ჩამოყალიბება. ადამიანები განებივრებული არიან ისეთი ლაღი და უვნებელი მუსიკით, როგორიც მაგალითად ჟღერს კინოფილმებში “ჭრიჭინა” და “აბეზარა”. ამ დროისათვის საბჭოთა კავშირში იკრძალება ჯაზი, რადგანაც რკინის ფარდის აქეთ “ბურჟუაზიული მუსიკა” ყოვლად დაუშვებელია. იმავდროულად, ფეხმოკიდებული და განვითარებადი რუსულ-ქართული მდარე რომანსები კი, რომლებსაც მომღერალი აუცილებლად მოჭუტული თვალებით “სულგანაბული” ასრულებდა, ათწლეულების განმავლობაში ცენზურის მიუხედავად გემოვნებადახვეწილი მსმენელისთვის, სრულ გაუგებრობად იქცეოდა. 

მაგრამ მასობრივი პოპულარიზაცია მდარე საბჭოთა ხელოვნებისა, მაინც თავისას შვრებოდა და მოსახლეობის დიდ ნაწილს, უპირველეს ყოვლისა, უკურთხეველ სუფრებთან ათაყვანებდა, რადგან “მრავალჟამიერის”, რომელიმე იდიოტური რომანსისა და День Победы-ს შესრულება გვერდიგვერდ (დღესდღეობითაც!) ერთ ჩვეულებრივ ამბად იქცა. რა გასაკვირია, სტალინის დიდების სადღეგრძელოთი ფრთაშესხმული ქართული სუფრაც ხომ ძირითადად უზნეო ნაყროვანების ფეიერვერკად იქცეოდა ხოლმე, რასაც უკვე ბრეჟნევის პერიოდიდან მოყოლებული ხშირად ჩხუბი და ზოგჯერ კაცისკვლა მოჰყვებოდა კიდევაც. 

რომანსულ-ბაიათური საუნდი კი ამ ყოველივეს თანმხლები იყო. კლასიკური მუსიკა და მოგვიანებით – ჯაზი რესტორნულ სიტუაციას საუნდტრეკად ვერ გამოადგებოდა, მაგრამ მისი მსმენელიც დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, კლებულობდა. მეტიც – ოჯახები ოპერის თეატრში ხშირად იმიტომ დადიოდნენ, რომ ანტრაქტის დროს ბავშვები ბუფეტში გემრიელი კატლეტითა თუ სოსისით დაპურებულიყვნენ. ასე რომ, საოპერო თეატრიც გარკვეულწილად უკვე ცირკის, ზოოპარკისა, თუ დღევანდელი “მაკდონალდსის” ფუნქციას ტვირთულობდა. 

თუკი ღრმად ჩავუფიქრდებით, ადვილი მისახვედრია, რომ საბჭოთა “შოუ-ბიზნესი” საკმაოდ ალალი ქმედებით გამოირჩეოდა და ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებდა, ოღონდ რაღა თქმა უნდა, “ბურჟუაზიული ხელოვნებისადმი” ცენზურის პირობებში. თუმცა 60-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ბევრი რამ იცვლება და ქართველ მუსიკალურ გურმანს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა, თუ ბულგარული ხმისჩამწერი ფირმების მიერ დაბეჭდილი ფირფიტებით უცხოელ კლასიკოს ან ჯაზ-შემსრულებელთა შემოქმედებასთან გაცნობის საშუალება ეძლევა. შედარებით ფრთხილად და მოკრძალებით, მაგრამ იგივეს კეთებას საბჭოთა ფირმა “მელოდიაც” იწყებს. ასე რომ, გზა ხსნილია როგორც სპეკულიანტებისკენ, ასევე დახლქვეშ (და ზოგჯერ – არც კი) მდებარე პროდუქციისაკენ. უნდა ითქვას, რომ პროდუქცია საკმაოდ იაფია და ხშირად დღევანდელი დღისთვისაც მაღალი ხარისხის. 

მუსიკალური ჟანრების გამრავალფეროვნება, ბუნებრივია, რომ ზრდიდა მსმენელთა მადას და მისწრაფებას ახლის შეძენისადმი. ანუ ჩვენი მამების თაობას თუ დავეკითხებით, ერთსა და იმავე კარადაში თუ ფირსაკრავზე ხშირად იხილავდით ჯუზეპე ვერდის “აიდასა” და ჯაზ-საქსოფონისტ ლეო რაიტს, ზოგიერთ ოჯახში შემორჩენილ 78 სიჩქარეზე ჩაწერილი დები იშხნელების გრამფირფიტასა და უკვე 60-იანი წლების შუახანს მეზღვაურების მიერ ჩამოტანილ Help!-ს, თუმცა მოდით ჯერჯერობით აქ შევჩერდეთ და Beatles-დან მოყოლებული ქართველი მუსიკის მსმენელის გემოვნების განვითარების მომდევნო ეტაპზე საუბარი მომავლისათვის შემოვინახოთ.