ორიოდე სიტყვა ირლანდიელი მშვიდობის დესპანის რუსული ვოიაჟის გამო

ორიოდე სიტყვა ირლანდიელი მშვიდობის დესპანის რუსული ვოიაჟის გამო

უცნაურია სამყარო, მით უფრო 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც პრესისა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების თუნდაც 20 წლის წინანდელთან შედარებით უაღრესად ოპერატიული მუშაობის მიუხედავად, შავზე თეთრის თქმა, საკუთარი აზრის შეცვლა ან სულაც უარყოფა, ჩვეულებრივ ამბად იქცა ნებისმიერი ყაიდის საზოგადოებისათვის, იქნება ეს ხელოვნებისა, სავაჭრო, პოლიტიკური, შოუბიზნესისა თუ კიდევ სხვა რამ... 

შოუბიზნესიო, ვახსენეთ და ერთი პატარა სფერო ამ უდიდესის განყოფილებისა დღევანდელი განვითარებული საზოგადოებისა უკვე 40 წელიწადზე მეტია, ზოგიერთის აზრით თითქო არსებობს და ვითარდება, ხოლო ზოგიერთნი კი ზემოთქმულ აზრს ეწინააღმდეგებიან და ჯიუტად აცხადებენ: რაღა დროის როკია, 1980 წელს ჯონ ლენონის მკვლელობით ყველაფერი დასრულდაო, ხოლო ზოგნი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ვუდსტოკის ფესტივალის შემდეგ საერთოდ აღარაფერი შექმნილა. 

ცხონებული ჯონ ლენონისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ძნელია არ დაეთანხმო როკის მომავლის პესიმისტურად მჭვრეტელთა აზრს იმ ბოლოდროინდელი მოვლენიდან გამომდინარე, რაზედაც ქვემოთ ორიოდე სიტყვას ვიტყვით. ხოლო სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდეთ, მოდით ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ როკ-მუსიკა, როგორც კულტურული ფენომენი, რომელზედაც არამარტო გასული საუკუნეების 60-ელთა თაობა აღიზარდა. როკზე დღესაც იზრდება მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი, აგროვებს მისთვის საყვარელი შემსრულებლების ალბომებს როგორც ციფრულ, ასევე თქვენ წარმოიდგინეთ ანალოგიურ ფორმატშიაც კი, რადგანაც სისადავე, უბრალოება და პირდაპირობა, რაც უცილობელი პირობაა ჭეშმარიტი იმპროვიზაციული როკისა, ზოგჯერ ციფრის მიერ აღუქმელი რჩება, ხოლო მგრძნობიარე მსმენელისათვის კი ცოტა არ იყოს უხერხულია “სერჯენტ ფეფერსის” გადასხვაფერებული - არაბუნებრივი ჟღერადობით მოსმენა. 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ზოგიერთი კონსერვატორისთვის როკის სტუდიური საუნდის განვითარება ამ ალბომით მთავრდება კიდევაც. ალბათ ასეთი მარტივი მსჯელობით ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება, რომ სულ რომ არაფერი, რა დონის დაბალი კულტურული ფენომენიც არ უნდა იყოს, როკ-მუსიკას ერთი დადებითი თვისება - გულწრფელობა მაინც გააჩნია და მასაც თუ მოვუსპობთ, მერე საქმეს აღარც ციფრული და აღარც ანალოგური “სერჯენტ ფეფერსი” უშველის. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა და ამ როლებს თუკი შესაბამისად ირლანდიელი როკ სუპერვარსკვლავი და რაც მთავარია, მშვიდობის დესპანი ბონო და რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევი იტვირთავენ, ბევრი ვერაფერი საქმე გამოვა ვერც როკის მოყვარულთათვის და ვერც ამ წლების მანძილზე გაპანკალტერნატივებული მრავალტანჯული მიმდინარეობის მომავლისათვის. 

ჯონ ლენონი ვახსენეთ... ლეგენდარული “ბითლზი” და კიდევ რამდენი აწგარდაცვლილი ლეგენდის ხსენება შეგვიძლია მასთან ერთად ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებით, უარყოფითი მხარეებით, მაგრამ არა - უპრინციპობით, მით უმეტეს რომ ისეთი ქვეყნის შვილი ხარ, როგორიც მრავალტანჯული ირლანდიაა, რომელსაც საკუთარ თავზე გამოუცდია რორი გალაჰერის გულის ამოძახილი ბლიუზით გამოხატული ომის ნაჭრილობევები...

ნუთუ აფრიკის პრობლემებით დაინტერესებული სამგზის ნობელის პრემიის ნომინანტს რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტში შესვლამდე ერთხელაც არ გახსენებია სახელოვანი თანამემამულე წინამორბედი, რომელიც ნამდვილად არ მოუწონებდა ამგვარ საქციელს? ბონომ ესეც არ აკმარა და მედვედევის შემდეგ მოსკოვის კონცერტის დაწყებამდე უკვე მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვსაც შეხვდა. ნეტავ, ეს რაღას ნიშნავდა? აი თურმე მშვიდობის დესპანი როგორი ნატიფი მუსიკალური გემოვნების მქონე გამგონეების ძიებაშია დღესდღეობით. 

საერთოდ, მეხოტბეობა როკ-შემსრულებლისათვის განსაკუთრებით არასასურველია, რადგან ნამდვილ მსმენელს აუცილებლად აკარგვინებს, აქედან გამომდინარე კი, ყოველივე აუცილებლად აისახება შემოქმედებაზედაც ცნობილი გამოთქმისა - კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდებისო არ იყოს. ბონოს კოლექტივს შესანიშნავი მუსიკოსები შეადგენენ, მაგრამ რომ იტყვიან ის “ჯიგარი”, რაც მსმენელს აგრერიგად უყვარს როკ-მუსიკაში და რაც სამწუხაროდ აკლია ამ ჯგუფს დაარსებიდან უკვე 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე. ალბათ რაღაცით უნდა შენიღბულიყო, დაფარულიყო, რომ თანამედროვე შოუ-ბიზნესს ახალი ფენომენი შეექმნა, რომელიც აუცილებლად მშვიდობის დესპანი უნდა გამხდარიყო, ემართა სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდები და კონცერტები, აუცილებლად ეზრუნა აფრიკელ ზრუნვამოკლებულ და ეპიდემიებით გატანჯულ საზოგადოებაზე, თორემ აბა, ვთქვათ, მოიხვეჭდა კი სხვაგვარად “ლეგენდარულის” სახელს ირლანდიული კოლექტივი მთელ მსოფლიოში? ამგვარი “ლეგენდის” სამშობლოც ხომ კარგად მოფიქრებულადაა შერჩეული, რეპერტუარი მსუბუქ-მელოდიური და ნებისმიერი ყაიდის მსმენელისათვის ადვილად აღსაქმელია, იმპროვიზაციას მოკლებული და, რაც მთავარია, ხშირად ზედმეტად ტკბილი, განსაკუთრებით სუსტი სქესის საზოგადოება მშვიდობის დესპანის “სისაყვარლით” რომ მოიხიბლოს.

ასეთია ბონოს რეალური ნაამაგარი იმ ადამიანის თვალით დანახული, რომელიც როკის მომავალს მაინც ოპტიმისტურად შეცქერის და არასოდეს აიგივებდა U2-ს როკის თანამედროვეობასთან არც 80-იანებში, არც 90-იანებში და არც დღევანდელ დღეს - ანუ მეხოტბეობამდე და მეხოტბეობის შემდეგ, რაც ესოდენ მიუღებელია როკმენისათვის. ათწლეულების მანძილზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და პროტესტს გამოხატავდნენ ბობ დილანი, არტურ ბრაუნი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, როჯერ უოტერსი. მათ უდიდეს მუსიკალურ ხელოვნებას შეუსისხლხორცეს ადამიანური პროტესტის გრძნობა შექმნილი პოლიტიკური რეალობის მიმართ, იქნებოდა ეს ვიეტნამის ომი, ნამგალი და ურო თუ სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის რეჟიმი. 

გამოხატვის ფორმა იცვლებოდა რუპორითა თუ სრული ბოიკოტის გამოცხადებით დაწყებული და სცენაზე დედიშობილა მდგომარეობაში გამოჩენით დამთავრებული. ხშირად პროტესტი გაუთვიცნობირებელი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არასოდეს წინასწარ დაგეგმილი. სპონტანურობა, რაც ალბათ ერთგვარი მახასიათებელია დიდი ხელოვნებისა, ყოველთვის თანმდევი იყო დიდი მუსიკოსებისა, რომლებიც ილაშქრებდნენ უპირველეს ყოვლისა, სნობიზმის წინააღმდეგ, რაც დამღუპველია როკ-მუსიკოსისათვის და რაც სულ მცირე შეიძლება მივაწეროთ თვისებად ირლანდიელი მშვიდობის დესპანს რუსეთის დღევანდელ და საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტთან შეხვედრებიდან გამომდინარე. 

ამ ამბის შემდეგ ჩვენი მსმენელიც ალბათ ყურებს უფრო მეტად გამოიფხეკს და თუნდაც ფრენკ ზაპას, “ქინგ კრიმსონისა” თუ “ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერის” შემოქმედებას გაცილებით გაბედულად ეზიარება და გაუგებს გემოს ჭეშმარიტ როკს, რომელიცU”იუ-2”-ს რეპერტუარისაგან განსხვავებით, აუცილებლად იმპროვიზაციულია. მათი მოსმენისას ხომ მთქმელი გამგონისათვის მუსიკალური ფანტაზიის უშრეტ წყაროდ იქცევა, რაც ამ უკანასკნელს აზროვნების უნარს უვითარებს, განსაკუთრებით რომ ესაჭიროება ნებსით თუ უნებლიედ მდარე მუსიკის მსმენელ ჩვენს დღევანდელ მოზარდ საზოგადოებას.