როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში ნიუ–იორკის სიმფონიური ორკესტრის ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზად, ქართული მხარის მხრიდან ფინანსური პრობლემების არსებობა დასახელდა, რასაც ამერიკელთა მხრიდან საკმაოდ მძაფრი კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.
როგორც ჩანს, საქართველოს კულტურის სამინისტრო და მისი პარტნიორი კომპანიები უცხელი შემსრულებლების თბილისში ჩამოყვანის პროექტების შეჩერებას კვლავ აგრძელებენ. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, სტინგის კონცერტი თბილისში აღარ გაიმართება. ეს ინფორმაცია პირველად, კომპანია "ისტერპრომოუშენის“" (სწორედ ამ კომპანიას უნდა ჩამოეყვანა აღნიშნული ვარსკვლავი) წარმომადგენელმა – კახა კანდელაკმა გააავრცელა და ამის მიზეზად კვლავ ფინანსური პრობლემები დასახელდა.
"პროდიუსერები ძალიან დიდ ჰონორარს ითხოვდნენ, ვითარებას ისიც ართულებდა, რომ სტინგის 150 მუსიკოსით დაკომპლექტებული ორკესტრის განთავსება ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა. ჩვენ, კონცერტის ორგანიზატორები იძულებული ვიქნებოდით, კონცერტზე დასასწრებ ბილეთზე მაღალი ფასი დაგვედო. ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სტინგი თბილისში არ მოგვეწვია", – განაცხადა კახა კანდელაკმა.
აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში, ბრიტანელ მომღერალს საქართველოში კონცერტი 13 ნოემბერს უნდა გაემართა. საქართველოში სტინგი განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული. თუმცა, საყოველთაო მოსაზრებით, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაში სახელმწიფო სახსრების ფლანგვა ერთადერთ მიზანს – ხელისუფლების პიარს ემსახურება. სწორედ ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტინგის თბილისში ჩამოუსვლელობამ ქართველ მსმენელში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვიოს.