სიხარულის ქუჩის სინანული

სიხარულის ქუჩის სინანული


2012 წლის 28 თებერვალი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში საეტაპო დღედ შევა, რამდენადაც ამ დღეს ბევრი რამ გაირკვა, ბევრ რამეს პასუხი გაეცა – ან პირდაპირ, ან ირიბად. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ პასუხის არგაცემა გახდა საკმაოდ ცხადი პასუხი იმ კითხვებზე, რასაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ბოლო 5 თვის განმავლობაში სულ უფრო მზარდი ინტერესით და მოუთმენლად სვამდა.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა სწორედ 28 თებერვალს საბოლოოდ შევიდა იმავე ფაზაში, რომელშიც ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ იმყოფებოდა 2002-2003 წლებში, როდესაც მზარდი ეკონომიური რეცესიისა და პოლიტიკური ეროზიის ფონზე მმართველი პარტია სწრაფად კარგავდა პოპულარობას ხალხში, სულ უფრო ჩანდა მისი პროგრესირებადი დისტანცირება დასავლელი მოკავშირეებისგან (პირველ რიგში – აშშ-ის ადმინისტრაციისაგან), დემოკრატიული ღირებულებების უკვე არაფარულად იგნორირება და ავტოკრატიულ-დიქტატორული მეთოდებისადმი მზარდი ნოსტალგია.

რა გვიჩვენა 28 თებერვლის დებატებმა:
მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში ნებით არ აირჩევს ვაშინგტონის გზას. მას არასოდეს არაფერი საერთო არ ჰქონდა ჯორჯ ვაშინგტონთან და ეს, უბრალოდ, იყო ამერიკის ადმინისტრაციის ილუზია, რომ ადამიანი, რომელსაც სერიოზული კრიმინალური ცოდვები დააგროვა და მომხვეჭელობის და ძალაუფლებრივი მანიით არის შეპყრობილი, როდესმე წამით მაინც დაუშვებს ამ პერსპექტივას – „ჯორჯ ვაშინგტონის გზით ხომ არ წავსულიყავი, ჰააა?“ მისთვის ჯორჯ ვაშინგტონობის ერთადერთი მისაღები ვარიანტი არის ჯორჯ ვაშინგტონის რაიმე ძვირადღირებული ნიღბის შეძენა – მაგალითად კიდევ 5-10 დასავლური პიარ-ჯგუფის დაქირავება და მათთვის ათეულ მილიონობით დოლარის გადახდა სპეციალური კამპანიისათვის – „მიხეილ სააკაშვილი – ჯორჯ ვაშინგტონზეც კი უფრო მაგარი ვაშინგტონი!“

მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ მისი ყველაზე უფრო ფანტასტიური უნარიც კი – დაბოლების და დემაგოგიის უნარი უკვე სერიოზულად შელანძღულია. ეს გამოსვლა იყო ყველაზე სუსტი, რაც კი მას პარლამენტში ჰქონია – არავითარი სიახლე, თუ არ ჩავთვლით რუსეთთან უვიზო რეჟიმის წინადადებას, მას არ წამოუყენებია (მაგალითად, მესამე ახალშობობილზე 1000 ლარის ვაუჩერი – ხალხისთვის მივიწყებული ძველი დაპირება იყო – ადრე იგი ამას სოციალურად დაუცველებს ჰპირდებოდა და მათაც არ აუსრულა და აბა ყველას შეუსრულებს?), 5-6-ჯერ სერიოზულად დაება ენა, გამოსვლის დასაწყისში იყო დაახლოებით 10-15 წუთი, როდესაც ტექსტს ძალიან უნიათოდ კითხულობდა და ეკრანს თვალს ვერ აცილებდა, შემდგომშიც ხშირად ხდებოდა, რომ ვერ კითხულობდა, ერთი დაფიდან მეორეზე გაურბოდა თვალი და ბოლოს იძულებული ხდებოდა, კათედრაზე დამაგრებულ მესამე „შპარგალკას“ მიბრუნებოდა. ამაში თითქოს არაფერია გასაკვირი, მიშა კოლინ ფერტის გმირს ჯერ კიდევ ბევრად სჯობდა, მაგრამ ლაპარაკი ხომ სააკაშვილის ნიჭის კვინტესენცია იყო ყოველთვის! ახლა კი ეს კვინტესენცია უბრალო ძმრის ესენციაზეც ვერ ქაჩავდა, წყალგარეული იყო… ამის ადექვატური იყო ბაქრაძის მხრიდან წამოსული (ტელეკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იწყებდა #1-ის მხარდასაჭერ ტაშის „ტალღას“ #2!) და დარბაზიდან უნიათოდ მხარდაჭერილი ტაშიც, რომელიც ქარიზმატული ლიდერის ცეცხლით მოხიბლულთა „იაჰუუ“-ს აღარ ჰგავდა, უფრო – მოვალეობის მოსახდელად გაღებულ მოწყალებას.

მიხეილ სააკაშვილის სერიოზული ნაკლი ყოველთვის იყო დებატები. კრიტიკაზე სრულფასოვანი პასუხების მოსაფიქრებლად მას ყოველთვის გარკვეულ დრო სჭირდებოდა. ამიტომ იყო მხოლოდ ჩაწყობილი თოქ შოუების უგვირგვინო მეფე. 28 თებერვალმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის ლუსტრაცია, ვისი კითხვები და პათეტიკა იყო სააკაშვილისთვის წინასწარ ცნობილი, და ვისმა სიტყვებმა დააკარგვინა მას მოთმინება. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ 28 თებერვალი მხოლოდ სააკაშვილის ლუსტრაცია არ ყოფილა.

სააკაშვილის პარლამენტის დარბაზიდან გაქცევა ისტორიული იყო. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ მისი წინამორბედი ამ დარბაზიდან ერთმა კაცმა კი არა, მთელმა ჯგრომაც ვერ გააქცია და აშკარად დაცვამ გაათრია. მაგრამ თუ ადრე გასაგები იყო, რატომ გაექცა მიშა 2008 წ. იანვარში მოპარული ინაგურაციის დღეს ტრიბუნიდან მისკენ მიმავალ ხალხის მასას, რატომ იმალებოდა 2009 წლის განმავლობაში, თუ ნაწილობრივ მაინც შეიძლებოდა თვითმფრინავის ხმაზე მისი პანიკური let’s move away „პლეტი“, ნამდვილად ძნელი ასახსნელი იყო პარლამენტის დარბაზიდან მისი გაქცევა ჯონდი ბაღათურიას გამსოვლაზე! და არ ვიცი, რამდენად დარჩება ისტორიაში ჯონდი, როგორც კაცი, რომელმაც პრეზიდენტი გააქცია, მაგრამ უდავოა, რომ სააკაშვილის დანახვაზე ნამდვილად ყველას გაუჩნდება ასოციაცია – „პრეზიდენტი, რომელიც ჯონდიმ გააქცია…“ არც კი ვიცი, ამის მერე როგორ უნდა რომ ლიდერად დარჩეს – თუნდაც, თავისი ბანდის ლიდერად… სადაც ჯონდის ვერ გაუძლო, ხომ წარმოგიდგენიათ, თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილის, ლევან და დავით ბერძენიშვილების, თეა წულუკიანის, და სხვა უფრო გამოცდილი პოლიტიკოსების კრიტიკაზე რა მოუვა?!

თუმცა სააკაშვილი იმდენად ჯონდი ბაღათურიამ ან გია ცაგარეიშვილმა კი არ გააქციეს. ეს უფრო საკუთარი თავისგან გაქცევა იყო, საკუთარი ცოდვებისგან, საკუთარი მამაძაღლობებისგან გაქცევა (რასაც რა თქმა უნდა, სერიოზულად შერყეული ფსიქო-ემოციური სტატუსიც ემატება). სააკაშვილმა ჯიგრით იგრძნო, რომ იმ დღეს იგი ზუსტად იგივე როლში აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე შევარდნაძე. შევარდნაძის უსამართლობა მიშას უსამართლობამ გადახურა, შევარდნაძის კლანის სასახლეები – მიშას კლანის სასახლეების ფონზე გაფერმკრთალდა, შევარდნაძის აუსრულებელი დაპირებები მიზერია მიშას აუსრულებელი დაპირებების ფონზე, და ის ჩამონათვალი, თუ რამდენი რამ გადასცა საჩუქრად თავისი განკარგულებებით სააკაშვილმა დედამისს, მამამისს, თავის ძმებს, თავის და ბიძამისის მეგობრებს, თავის მინისტრებს და მათ საძმაკაცოებს – ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება დასავლელი პარტნიორებისათვის და სამართალდამცველი ორგანოებისათვის. ამ მასალების შესწავლის შემდეგ ალბათ 2003-2012 წლის პერიოდიც სერიოზულად გადაიხედება და ისიც გამოაშკარავდება, როგორ “აღმოფხვრა“ კორუფცია ახალგაზრდა «western-minded» პრეზიდენტმა… უფრო სწორედ, სხვებისთვის როგორ აღმოფხვრა და თავად როგორ გაუკეთა „პრივატიზაცია“ კორუფციას მიშამ…

პრეზიდენტის ლექსიკამ, რომელიც აქამდეც საოცრად არაადექვატური იყო, იმ დღეს საერთოდ აუტანელ დონეს მიაღწია! ყველასთვის აშკარა უნდა გამხდარიყო, რა მასშტაბის და რა ჩამოსხმის „დემოკრატია“ მიხეილ სააკაშვილი – „ფარჩაკი“, „ტალახში ამოსვრილი“, „სულელი“, „ბრიყვი“, – აი, მისი ეპითეტები ოპონენტების მიმართ. მაგრამ ამას კიდე გაუძლებდა დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ როგორ უნდა აიხსნას უდანაშაულობის პრეზუმფციის უკვე მერამდენე დარღევა და 15 წლის მოზარდისათვის „კრიმინალის“ და „ხულიგნის“ იარლიყების უაპელაციოდ მიკერება? ან ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერ დეპუტატს პირდაპირ დაემუქრა მამამისის კლინიკაში მანდატურების თანხლებით გაგზავნით, ხარისხიან ტალახის აბაზანაში მოთავსებით და კარგი დაზელვით!? არც შევარდნაძეს უნდა მოფონოდა გულზე მისი მინისტრების სასახლეების ფოტოების აფრიალება, მაგრამ საპარლამენტო ეტიკეტზე ხელი არ აუღია და ძველი ბიჭის „ბაზარი“ და ტერმინოლოგია საბრძოლო ფარად არ აურჩევია… რა თქმა უნდა, მომავალი საფრთხის წინაშე შეფიქრიანებულმა უმრავლესობამ ექს-მაგარი მიშას მხრიდან ამ ოპონენტების დამამცირებელი სლენგის გამოყენებით შემფრთხალი გული მოიოხა, იკაიფა და ხუმრობაში გაატარა, მაგრამ არცერთი დემოკრატიული სტანდარტით ეს „ხუმრობად“ ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, როცა ჩვენ გვახსოვს დეპუტატ გელაშვილზე ნიღბიანი პირების თავდასხმის და საზარელი ცემის დღემდე გამოუძიებელი ფაქტი, და ის უამრავი ძალადობა, რასაც მიხეილ სააკაშვილის ზონდერბრიგადები ოპოზიციის წინააღმდეგ გამუდმებით მიმართავენ. ამას ემატება 26 მაისის არნახული მასშტაბის და სისასტიკის სადამსჯელო ოპერაცია და ბოლო შემაზრზენი ფაქტი – ხაშურის პოლიციის შენობაში დილით მოწმედ მიყვანილი, ხოლო ნაშუადღევს სასტიკად ნაცემი და მოკლული სოსო ქიმერიძე, რომელიც მხოლოდ იმით „გამოირჩევა“ პოლიციის შენობებში ბოლო წლებში ნაწამებ ადამიანთა საეჭვო გარდაცვალებებისაგან, რომ მასზე პოლიციის დასკვნაში ჩაიწერა აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ – „გარდაიცვალა პოლიციის შენობაში მეორე სართულიდან გადმოვარდნის გამო (სავარაუდო – თვითმკვლელობა)“! ამით დასრულდა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი გატყუპისცალება შევარდნაძის რეჟიმთან: როგორც კახა თარგამაძის პოლიციის მრავალსართულიანი შენობებიდან „ხტებოდნენ“ ადრე დაკავებულები, ახლა ასევე „ხტებიან“ მერაბიშვილის საამაყოდ გამჭვირვალე შენობებიდან! ისტორია სრულად გამეორდა, და თუ თავიდან მას მომხვეჭელობის, ნუვორიშული და კლანური ჰედონიზმის ფარსის ელემენტები „ამშვენებდა“, მერე ქუჩაში ჩახოცილების ტრაგიზმს ახლა უკვე – შენობებიდან მფრინავი გვამების ტრაგიზმიც დაემატა! და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არც კი ცდილობდა, რომ რომელიმე ბრალდებაზე პასუხის იმიტაცია მაინც გაეცა, ჯიუტად თვალს არ უსწორებს ისტორიის სარკეს, სადაც მისთვის შევარდნაძის ბედი სულ მალე სანატრელი შეიძლება გახდეს.

მაგრამ ყველაზე საინტერესო პრეზიდენტის გაქცევა კი არა, მისი დაბრუნება იყო. უფრო სწორედ ის, თუ ვინ ურჩია მას უკან დაბრუნება. ფაქტია, რომ სააკაშვილის ნება რომ ყოფილიყო, იგი უკან არ დაბრუნდებოდა. მას უფრო აწყობდა „ცილისწამებით შეურაცხყოფილი“ არ დაბრუნებულიყო ამ „ტალახში მოგორავე“ „ფარჩაკებთან“, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მანდატურები და მამამისი (მაინც როგორ უცებ გაიქცა მამიკოსთან, დედიკოს ბიჭი?) ამ „ბრიყვებს“ ტალახში გვერდებს არ დაუზელდნენ და „ფანტაზიებს არ გამოურეცხავდნენ! მაგრამ, ეტყობა, ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ ჰყავს ისეთ(ებ)იც, ვინც ცხადად დაინახა ასეთი move away-ს კატასტროფულობა და სააკაშვილი საკმაოდ მალე მოაბრუნა აქ, სადაც უნდა იდგეს კიდეც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ერთგული ლიდერი… თუ, რა თქმა უნდა, იგი ფასადურად დემოკრატიული, ხოლო შინაგანად, – აზიურ-ნეობოლშევიკური ტიპის დესპოტი არ არის. და სწორედ ეს, მიშას და ნაცმოძრაობის სხვა აქტიურ ფიგურებს შორის შიდაპარტიული გარჩევები იქცა იმად, რაც 28 თებერვლის, როგორც სერიოზული რუბიკონის განცდას აძლიერებს.

ყველას კარგად გვახსოვს, ბეიკერთან და ბუშთან გაციებული ურთიერთობის ფონზე, როგორ მოუხშირა ედუარდ შევარდნაძემ ბათუმში ასლან აბაშიძესთან ვიზიტებს, რომელთა საერთო რაოდენობამ ბოლოს 22-ს მიაღწია. გვახსოვს „ორი ბაბუს“ აღლუმები და თვითჰიპნოზის სეანსები, რომელთაც იგივე დანიშნულება ჰქონდათ ედუარდისათვის, რაც ყვითელ აბტობუსებს და საზეიმო გახსნებს – მიშასთვის. რაც ყველას გვახსოვს, როგორ აშკარა ხდებოდა დასავლეთისაგან დისტანცირების და ავტოკრატიულ-დიქტატორული სიმპათიების პარალელური გაჩენა, უკვე ღიად ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ, რომ ამერიკელები ზედმეტად ნერვიულობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა… გადახედეთ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ბოკერიას და პრეზიდენტის ტექსტებს, პარლამენტში ნაცმოძრაობის გამოსვლებს და ზუსტად იგივე ნოტებს უკვე სააკაშვილის და მისი წრის რიტორიკაშიც აღმოაჩენთ – „ვერავითარი ბიძიები და დეიდები მე ვერ წამიყვანენ“, „რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღოთ“, „საქართველო სუვერენული ქვეყანაა“. ამას დაემატა პოსტლუჟკოვურ მოსკოვში შევიწროებული ზურაბ წერეთლის საზეიმოდ გვერდში ამოყენება, რუსი ტურისტებისადმი მოჭარბებული ნოსტალგია, ძალოვანი მინისტრების ხშირ-ხშირი ვიზიტები მინსკში, ერევანში, ბაქოში … ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფსევდოდემოკრატიული პლუტოკრატები ღიად მოახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის სწორედ ლუკაშენკო, სარგსიანი, ალიევი… და იქნებ – აჰმადინეჯადიც… არიან ყველაზე მისაბაძი ლიდერები, და ძალიან ეცდებიან იმის დემონსტრირებას, რომ ბიძია ვალოდიასაც აქვს ამ საპატიო სიაში მოხვედრის შანსი… ეს ძალიან ლოგიკურია – მას მერე, რაც სააკაშვილმა ღიად უარი თქვა ვაშინგტონის გზაზე და პუტინის (“სუვერენული დემოკრატიის”) გზა აირჩია, სავასებით ლოგოკიკურია, რომ მიშაც ისევე გაიქცევა ვალოდიასთან, როგორც ედუარდი დარბოდა ასლანთან – ავტოკრატიული ძალისა და დიდების ეიფორიის შესასუნთქად, მიშაც ისევე აპატიებს ვალოდიას საქართველოს სუვერენიტეტის ჩაწიხვლას, როგორც ედუარდი ხუჭავდა თავს ასლანის მხრიდან აშკარა სეპარატიზმზე და იზოლაციონიზმზე, მიშას და პუტინს ხომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან – დამოკიდებულება მედიასთან, სასამართლოსთან, პარლამენტთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან, საპატიმროებთან… სად მიშა და სად ჯორჯ ვაშინგტონი… აი, პუტინი, ან სულაც – ლეონიდ ბრეჟნევი კი ძალიანაც გამოდგება მისაბაძ პიროვნებად, განსაკუთრებით, როცა მიშაც ლიონიასავით ასაკში შევა და ქალების სიყვარულს მედლების სიყვარული ჩაანაცვლებს…

ერთადერთი განსხვავება 2012-სა და 2003 შორის ისაა, რომ 2001-დან მოქალაქეთა კავშირს გამოეყო ენერგიულ ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელთაგან ერთმა სიმთვრალეში მაინც გაბედა და ედუარდზე რაღაცეები ილაპარაკა ამერიკელების გასაგონად… ამას მერე სერიოზული განხეთქილებაც მოჰყვა… ახალგაზრდებმა ამერიკელებთან საერთო ენა გამოახეს, “კმარა” შექმნეს და გუშინდელ გვარდიას ადგილის დათმობა მოთხოვეს… მაშინ, ყველაფერი ასეც მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად უკვე სტაგნაციის ფაზაში მყოფ, კორუფციის და უსამართლობის ჭაობში ჩაფლულ “მოქალაქეთა კავშირს” დროზე გამოეყო შორსმჭვრტელ, სუპერამბიციურ, ენერგიულ ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წარმავალ პარტიაზე ენერგიული შეტევა მიიტანა და ხალხში პოპულარობა მოიპოვა… დღეს სააკაშვილის ახალგაზრდა ასაკი და მიშას უკვე მოფამფალებული ქარიზმის აჩრდილი არის ის ფაქტორები, რაც არ აძლევს საშუალებას ნაცმოძრაობის იმ ლიდერებს, რომლებმაც მიშა დარბაზში შეაბრუნეს, რომ დროზე და საბოლოოდ გაემიჯნონ იმ ლიდერს, რომელიც „ყოველთვის მართალი“ კი არაა, არამედ უკვე მათ ყელზე მობმულ ლოდად ქცეულა და მალე ისე საბოლოოდ ჩაიყოლებს პოლიტიკურ სასაფლაოზე, როგორც ეს ადრეც მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ახლო წარსულში, სადაც ლიდერები და პარტიები ერთ მოკლე წრეზე ტრიალებენ – ნაციონალური გმირობიდან და >90%-იანი მხარდაჭერიდან – ავტორიტეტის და ფასეულობების სრულ კარგვამდე და ისტორიულ ანიჰილაციამდე…

არადა, ისიც ხომ აშკარაა, რომ თუ დააგვიანებ დისტანცირებას, ან პირიქით, უდროო დროს შეახტები ისტორიულ წარსულში თავშეუკავებლად მიგრიალე შემადგენლობას, მერე გვინაღა იქნება თავში ხელის ცემა?! და სწორედ ეს დროზე გასაკეთებელი, თუმცა ძალიან მძიმე არჩევანი არის იმის ობიექტური მიზეზი, რომ უკვე გუგლის რუკაზე დატანილ, სააკაშვილის მინისტრების იმ ბედნიერ ნავსაყუდელში, რომელსაც ასეთი ოპტიმისტური სახელი აქვს – „სიხარულის ქუჩა“, სულ უფრო მზარდი გაურკვევლობა, შეშფოთება და სინანული სუფევს… როგორც ძველები ამბობდნენ: მარჯვნივ წახვალ – ინანებ… მარცხნივ წახვალ – ინანებ… და თუ ერთ ადგილზე დარჩები, სინანული მაშინაც შეიძლება არ აგცდეს… ხოლო სწორ პროგნოზს ვერც ლელა კაკულია და არც amindi.ge არ იძლევა… მაჭკატ!..

P.S. ამ წერილზე მუშაობის დროს, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მიხეილ სააკაშვილს 2005 წელს მიღებული აქვს „ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის“ პრიზი „კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის“.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ის, რომ სააკაშვილი დღესაც ამ პრიზის მფლობელია, არის დემოკრატიის, კანონიერების და მართლწესრიგის სერიოზული თავსლაფის დასხმა და როგორც ქართულმა, ასე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დასაბუთებული წერილი უნდა მოამზადონ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, სადაც სათანადო ინფორმაციას მიაწოდებენ ამერიკელ კოლეგებს იმ წარმოუდგენელი რეგრესის შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2005-2012 წლებში გაიარა.