1987 წლის 23 ივლისს, თბილისის საოპერო თეატრის წინ ხალხმრავლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისათვის არც ბილეთები გაყიდულა და არც რეკლამა გაკეთებულა, მრავალი ადგილობრივი მელომანი ისედაც გადაჭედილ დარბაზში შესვლას ცდილობდა. ვინ იყო ის მუსიკოსი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია? ამერიკელი მომღერალი ბილი ჯოელი ის მაგნიტური მიზიდულობის ძალა აღმოჩნდა, რომელმაც იმ ცხელ თბილისურ საღამოს მთელი ქალაქი ოპერის თეატრთან მიიყვანა.
დაუგეგმავი ჯემსეიშენი (კამერული მუსიკალური შეკრება, მუსიკოსთა “დიალოგი” და არა კონცერტი.) საათი და ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ეს ღონისძიება ჯოელის პროგრამით თავიდან გათვალისწინებული არც კი იყო. მუსიკოსი იმ დღეებში სსრკ-ში გასტროლებზე იმყოფებოდა და მოსკოვსა და ლენინგრადში (იმდროინდელი სანკტ-პეტერბურგი) სამ-სამი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. მას რამდენიმედღიანი “ფანჯარა” გამოუჩნდა და თბილისში გამოემგზავრა. “მე ბევრს მიამბობდნენ საქართველოზე, ეხლა კი ყველაფერს საკუთარი თვალით ვიხილავ. ძალიან მაინტერესებს ქართული ხუროთმოძღვრული და კულტურული ძეგლები”—განაცხადა მუსიკოსმა.
სანამ ბილი ჯოელის თბილისურ სტუმრობას გავიხსენებდეთ, მოკლედ შეგახსენებთ ამ მომღერლის ბიოგრაფიას. ის 1949 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ლონგ-აილენდში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში საფორტეპიანო მუსიკის კლასიკური განათლება აქვს მიღებული, მან თავისი შემოქმედებითი გზა მაინც სასკოლო როკ-ჯგუფებში დაიწყო. გამოდიოდა ნიუ-იორკის სხვადასხვა როკ-ანსამბლებთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ, ლოს-ანჟელესს მიაშურა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარში მუშაობდა პიანისტად.
პირველ წარმატებას 1977 წელს მიაღწია, როდესაც გამოსცა ალბომი „უცნობი“, საიდანაც რამდენიმე კომპოზიციამ იმ წლების ათეულებში პირველი ადგილები დაიკავა. ამ ხნიდან მოყოლებული, ბილი ჯოელის სახელი მსოფლიოს მუსიკის მოყვარულებს პირზე აკერიათ. 1983 წელს ცნობილ ჯაზ-როკ ჯგუფ „უეზერ რიპორტთან“ ერთად ბილი ჯოელი წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს. 1985 წელს მონაწილეობა მიიღო ცნობილ ჩანაწერში "ჩვენ ვართ მსოფლიო“. საკუთარი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჯოელი მოდას არასოდეს აყოლია და თავისი სტილისათვის არ უღალატია. ის მღერის მელოდიურ ბალადებს და აგრესიულ როკსაც. ჟურნალმა "როლინგ სთოუნზმა" მას შუალედური ადგილი მიაკუთვნა ბარი მანილოვსა და პოლ მაკარტნის შორის. ბილი ჯოელი თავის კერპად დღემდე რეი ჩარლზს აღიარებს. საქართველოში ძალიან პოპულარულია რეი ჩარლზთან ერთად შესრულებული მისი სიმღერა „ბეიბი გრანდ“.
თბილისში ჩამოსვლისთანავე, ამერიკელი მუსიკოსი მოიხიბლა ქართული სტუმართმოყვარეობით. მან მოინახულა მცხეთა და სვეტიცხოველი, სადაც სანთლებიც დაანთო. იყო ჯვარზე, სადაც ქართველ მომღერლებთან ერთად ღია ცის ქვეშ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ოჯახთან ერთად რამდენჯერმე გაისეირნა თბილისის ქუჩებში.
იმპროვიზებული კონცერტის იდეა 22 ივლისს, მცხეთაში ექსკურსიისას გაჩნდა. მანამდე გადაწყვეტილი იყო ერთგვარი ჯემ-სეიშნის მოწყობა ვიწრო წრისათვის, მაგრამ რაკი ამერიკელთა ტელეგადამღებმა ჯგუფმა ორი ნომრის გადაღება მოინდომა, ამერიკელ და ქართველ მუსიკოსთა მონაწილეობით, გადასაღებ მოედნად ოპერას თეატრის სცენა აირჩიეს.
კონცერტი თბილისელი მაყურებლისთვის რამდენადმე უჩვეულო გარემოში ჩატარდა: ოპერას სცენა გადასაღებ მოედნად ქცეულიყო. აქ იყვნენ ქართველი მომღერლები, თარჯიმნები, ჯოელის თანხმლებნი, საქართველოს ტელევიზიის წარმომადგენლები.
საღამოს შვიდ საათზე, ჯოელი როიალს მიუჯდა და სცენაზე გამეფებულ ქაოსში, პირველი აკორდებისთანავე სრული წესრიგი დამყარდა. მუსიკოსი დარბაზს მალევე გაუშინაურდა, შემდეგ თარჯიმანი მოიხმო და მაყურებელს მიმართა, რომ მისი ბენდის ნაწილი მოსკოვში იმყოფებოდა, ამიტომ ამ კონცერტში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბასისტი, თამაზ ყურაშვილი მიეხმარებოდა. მუსიკოსმა დარბაზს თბილისში მყოფი საკუთარი ბენდის წევრებიც გააცნო: მარკ რივიერა (საქსოფონი), ლიბერტო დევიტო (დასარტყმელი ინსტრუმენტები) და ორი ვოკალისტი, პეტერ ჰიულეტი და ჯორჯ სიმსი.
ჯოელის მიერ შესრულებული პირველი კომპოზიცია “ნიუ-იორკის განწყობილება” აღმოჩნდა. მუსიკოსი და მისი ბენდის წევრები ისე ძალდაუტანებლად, ისე უშუალოდ იქცეოდნენ მიკროფონებთან, თითქოს მართლა ქალაქურ სცენას უყურებდი, თითქოს ბროდვეიზე, გნებავთ რუსთაველის პროსპექტზე, ძველი მეგობრები დამდგარიყვნენ და ცდილობდნენ ლამაზი გოგონების ყურადღება მიექციათ.
მერე ბილი ჯოელმა სცენაზე მყოფი ქართველი მომღერლები წინ გამოიხმო. საქართველოს ტელევიზიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ჟურნალისტმა”, “ოდოია” იმღერა. შემდეგ, ანსამბლის წევრებმა—გოგი დილიძემ, თემურ ჭკუასელმა, დათო აბესაძემ, ზურაბ ლოლაძემ, გია ჭირაქაძემ, თამაზ ელიავამ, ნუგზარ გამგებელმა და სოსო ზვიადაურმა, ბილი ჯოელისა და მისი ბენდის წევრებს ხელი გადახვიეს და “მრავალჟამიერი” დააგუგუნეს. მათთვის ასეთი უჩვეულო სიმღერის შესრულებისთვის, თბილისელი მსმენელი დიდხანს რომ უკრავდა ტაშს.
ამის შემდეგ, ამერიკელებმა “სიმღერა ჯონ ბრაუნზე” წამოიწყეს, ახლა უკვე ქართველები აყვნენ. “მე თბილისში ბრწყინვალე მუსიკოსები და მომღერლები გავიცანი და ჩემი ბენდის წევრებთან ერთად მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა მათთან ერთად ვიმღერო” - განაცხადა ბილი ჯოელმა.ჯემ-სეიშნში თამაზ ყურაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ მისი ჯგუფის წევრები: ზურაბ რამიშვილი (ფორტეპიანო), დიმიტრი სალაძე (საყვირი) და დავით მასტერანოვი (გიტარა).
კონცერტის დასასრულს, ბილი ჯოელმა შეასრულა თავისი ერთ-ერთი პოპულარული კომპოზიცია - "ისეთი, როგორიც ხარ“. “ამ სიმღერას ვუძღვნი ყველას, ვინც მე ამ ორი დღის განმავლობაში გავიცანი საქართველოში, ვისაც დავუმეგობრდი, ყველას, ვინც ახლა ამ დარბაზშია...”
კონცერტი ზუსტად რვა საათზე დასრულდა. თუმცა ბილი ჯოელმა, რომელიც ყველა პირობისა თუ შეთანხმების ზუსტად დაცვას არის ჩვეული, ქართველ მაყურებელს ხათრი ვეღარ გაუტეხა და ერთი სიმღერაც შეასრულა. კონცერტის შემდეგ, ჯოელი და მისი მეგობრები თამაზ ყურაშვილის სტუმრები იყვნენ. საქართველოდან გამგზავრების წინ, ამერიკელმა მუსიკოსმა შემდეგი განაცხადა: "ქართველი ხალხის მდიდარ კულტურაზე ადრეც ბევრი გამეგო.. გაოცებული ვარ თქვენი ფოლკლორით და ამ წუთში რომ დავფიქრდები, თუ სად ვიმყოფებოდი, სიხარულის ჟრუანტელი მივლის“.