ნინო გვენეტაძე თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია

ნინო გვენეტაძე თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია

საქართველოს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია.

როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარმა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

"იყო საქმიანი და კონსტრუქციული შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი ბუნებრივია, შეეხებოდა მართლმსაჯულების რეფორმას, ყველა იმ ხედვას, რომელიც საკანოონმდებლო ორგანოში უკვე განხილვის პროცესშია და, რომელსაც ამზადებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ვისაუბრეთ სხვა უამრავ საკითხზეც - მოსალოდნელ ცვლილებებზე, რა კუთხითაც პირველი პრიორიტეტული თემა იყო არასრულწოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე სასამართლო კორპუსში სპეციალიზაციის საკითხები",- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ყურადღება გაამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმის მომდევნო ეტაპზეც, რა მიმართულებითაც კანონპროექტი მომზადებულია.

"აღნიშნულს სჭირდება სასამართლო კორპუსთან შეჯერება-შეთანხმება და, კანონის სახით მიღების შემთხვევაში, მზადყოფნა, მისი სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებით",- განმარტა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ნინო გვენეტაძის განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ელექტრონული საქმის წარმოების საკითხსაც.

"ამ საკითხით თანამდებობაზე ჩემი მოსვლის დღიდან დავინტერესდი. აღნიშნული მიმართულებით მივიღე სრული მხარდაჭერა, თანამშრომლობის და კოორდინაციის სურვილი. მოგეხსენებათ, ელექტრონული წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ საერთო სასამართლოების ერთ სისტემაში მოქცევას, ეს გულისხმობს სხვადასხვა უწყებასთან კოორდინირებულ მუშაობას, რათა გამჭვირვალე და ეფექტური გახდეს ჩვენი მართლმსაჯუილების პროცესი', - აღნიშნა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.