პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს

თუკი იქნება შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ, რომ შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის პესკოვის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედაზე საუბრობდა.

როგორც ფხალაძემ განმარტა, საქართველოს სახელმწიფოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ასევე არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს მოლაპარაკება რეალურად ისახავს მიზნად იმ უმწვავესი საკითხების გადაჭრას, რომლებიც არსებობს რუსეთის ფედერაციასთან და, რომლებიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. დღეისთვის მსგავსი შეხვედრის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს და საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით. საქართველო მზად არის ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა დაგეგმილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"არ ვიცი, ამ შემთხვევაში რას ეყრდნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, მაგრამ ვიცი, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, თუკი იქნება შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ", - განაცხადა ფხალაძემ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის დიპლომატები და ოფიციალური პირები კვლავინდებურად არ გამორიცხავენ მსგავსი შეხვედრის გამართვას განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი თავის მეზობლებთან კარგი ურთიერთობის მომხრეა. "რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა ქართველებს მონათესავე და მეგობარ ხალხად ისტორიულად და ეს გრძნობები, ჩვენ გვჯერა, რომ ახლაც არსებობს და იქნება მომავალშიც. რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზაციით", - აღნიშნა პესკოვმა.