ზურაბ ჯაფარიძე:  ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია

ზურაბ ჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ისტერიკაშია".

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ლარის კრიზისზე პასუხისმგებლობა არა ეროვნულ ბანკს, არამედ პირადად ივანიშვილს ეკისრება.

"ოლიგარქი არის ისტერიკაში. მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში, ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადათ მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ იმალება ურეკში, სადღაც ჩირგვებში. "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან, მაგრამ ხალხს უკვე ეს აღარ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა უკვე თვეებია", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა.

როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი "ექსპერტები".