ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი – ნორმან უიზდომი, რომელმაც სახელი მისტერ პიტკინის როლის შესრულებით გაითქვა, მშობლიურ ქალაქ კოლჩესტერში ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. ნორმან უიზდომი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ასწავლიდა მის მიერვე დაარსებულ “კომიკოსთა კოლეჯში“ და რაც მთავარია, არასოდეს კარგავდა მისთვის მუდამ დამახასიათებელ იუმორის გრძნობას.
95 წლის ასაკში გარდაცვლილი ინგლისელი მსახიობის მეგობრები იხსენებენ, რომ მისტერ ნორმანი მათ ხშირად უწყობდა სასაცილო ოინებს და ამით თავადაც გვარიანად ხალისობდა.
მისმა ერთ–ერთმა მეგობარმა და კოლეგამ, მსახიობმა იან ჰენირეიმ ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა 5 წლის წინ მომხდარი ამბავი, როდესაც “მისტერ პიტკინმა“ რამდენიმე მეგობარი სანადიროდ წაიყვანა. თავად ფეხის ტკივილი მოიმიზეზა და ტყის პირას, ცეცხლთან დარჩა. ტყეში შესულ მონადირეებს კი ნორმანის მიერ დაქირავებული, ყაჩაღებად გარდასახული ახალგაზრდა ბიჭები დახვდნენ და ყველანი გაძარცვეს. საცვლებისამარა უიღბლო მონადირეებს თავზე ფოტოაპარატმომარჯვებული ნორმანი წამოადგათ, რომელმაც მთელი ეს იონი მხოლოდ ამ ფოტოების გადასაღებად ჩაიფიქრა.
ნორმან უიზდომი ბრიტანეთში ფრიად დაფასებული პერსონა იყო. იგი დედოფალმა რაინდის ტიტულითაც კი დააჯილოვა. ამას გარდა, უიზდომს ხშირად იწვევდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის თეატრალურ კათედრაზე ლექციების წასაკითხად.
მისტერ პიტკინი საქართველოშიც პოპულარული კინოგმირი იყო და საშუალო ასაკის ჩვენი თანამოქალაქეების დიდ ნაწილს, მისი მონაწილეობით თითქმის ყველა კომედიური ჟანრის ფილმი აქვთ ნანახი.