ჯანდაცვის სამინისტროს ახლად დანერგილი მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ამიერიდან საოჯახო ტექნიკას სარეიტინგო ქულად აღარ ჩაუთვლიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, სარეიტინგო ქულის მინიჭება მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრნობით მოხდება.
„ცვლილებები, რაც მთავრობაზე მივიღეთ.. იქ წერია, რომ საოჯახო ტექნიკა საერთოდ არ არის სარეიტინგო ქულასთან მიმართებაში რელევანტური, საერთოდ არ მოხდება მისი დათვლა. ამით, სოციალური აგენტის სუბიექტური ფაქტორები თითქმის ყველა ამოვარდა და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრნდობით მოხდება სარეიტინგო ქულების მინიჭება",-განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.
აღნიშნული მეთოდოლოგია ტესტირების რეჟიმშია და სრულყოფილად 3 თვეში ამოქმედდება.
„რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს, ახლა გვაქვს მეორე ეტაპი, რეგიონებზე გადავედით. შემდეგი მესამე ეტაპი იქნება ცენტრალური აპარატის დამატებითი რეორგანიზაცია და რაიონულ დონეებზე შემდეგ გადავალთ. ახალი შეფასების კრიტერიუმი 3 თვიანი ტესტირების რეჟიმში არის, ამ პერიოდში უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ადმინისტრირების ყველა საკითხის მოგვარებაც და 3 თვის შემდეგ რეალურ რეჟიმში გადავა მთლიანად",- აღნიშნა თალაკვაძემ.