პრეზიდენტმა კიდევ 84 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა კიდევ 84 მსჯავრდებული შეიწყალა

მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგ აქტს პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 63 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აქედან ერთი ქალია, ერთი კი არასრულწლოვანი.

ამასთან, 21 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. მათგან 1 ქალბატონია, 4 კი არასრულწლოვანი.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, 22-24 დეკემბერს კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და 493 საქმე განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტს გადაუგზავნეს სია.

რაც შეეხება დანაშაულის ტიპს, ძირითადად საუბარია თაღლითობაზე, ასევე ქურდობა, სხეულის დაზიანება და ნარკოტიკული ტიპის დანაშაული.

ცნობისთვის, შეწყალება მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ მსჯავრდებულებს არ შეხებიათ.