მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი

პირველადი მონაცემები, თუ რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა, 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქსტატის" დირექტორმა, მერი დაუშვილმა განაცხადა, არაუგვიანეს აპრილის ბოლომდე გამოქვეყნდება საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ეხება.

მისივე თქმით, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება ყველა ინდიკატორის მიხედვით მონაცემები.

"პირველადი მონაცემები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილის ბოლომდე. ეს არის მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ინდიკატორის მიხედვით კი, მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად დადგინდება, რამდენი კაცი და ქალი ცხოვრობს ქვეყანში, როგორია ასაკობრივი ჭრილი, განათლების დონე, შშმ პირთა შესახებ მონაცემები, საცხოვრებელი პირობები, აღმსარებლობა, სოფლის მეურნეობის მონაცემები და ემიგრანტების რაოდენობა", - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, ცხელ ხაზსა და სოციალურ ქსელებში აღმწერების მიმართ იყო პრობლემები.

"ცხელ ხაზსა და სოციალურ ქსელებში გამოითქვა უკმაყოფილებები, რომ აღმწერები კითხვის გარეშე წერდნენ აღმსარებლობას. როცა დაფიქსირდა ასეთი პრობლემა, ჩვენ ხელახლა გავგზავნეთ სხვა ინტერვიუერი. თუმცა, ძირეულად როდესაც ვიკვლევდით, განსხვავებული სურათი გვხვდებოდა. გენდერული ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე იყო პრობლემები, რომ აღმწერები კითხულობდნენ ოჯახის უფროსს, რაც ზოგიერთი ოჯახის წევრების გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენი მითითება იყო, რომ ეკითხათ არა ოჯახის უფროსი, არამედ ზრდასრული ადამიანი", - აღნიშნა დაუშვილმა.

მისივე თქმით, მთლიანობაში, საყოველთაო აღწერამ წარმატებით ჩაიარა. დაუშვილის ინფორმაციით, მომდევნო აღწერა 2020 წლიდან 2025-წლამდე პერიოდში ჩატარდება.