შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერი ჩაიშალა და 27 000 თანამშრომელი და მათი ოჯახები დაზღვევის გარეშე დარჩნენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ და შმაგი ჩოხელმა განაცხადეს.
როგორც მათ აღნიშნეს, შსს-ში სამედიცინო დაზღვევაზე ტენდერი ნოემბრის თვეში გამოცხადდა, ხოლო დეკემბერში, წინასაახლწლოდ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ტენდერი ჩაიშალა. მათივე განცხადებით, ეს იყო 35 მილიონიანი ტენდერი, რომელიც მომსახურებას გაუწევდა 27 000 თანამშრომელს და მათ ოჯახებს. აღნიშნული ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მოტივად კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციტიავის" წევრები "ე.წ. კახური კლანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უკავშირებენ".
როგორც შმაგი ჩოხელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ყველაფრის უკან შესაძლოა იდგეს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი. ამასთან, შმაგი ჩოხელის თქმით, ხელისუფლება ცდილობს არაერთ უწყებაში ტენდერების ჩაშლით ხელი შეუწყოს მავნე პრაქტიკის გაგრძელებას, რომლის დროსაც ჩაშლილი ტენდერების შემდეგ ხდებოდა პირდაპირი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება რომელიმე კომპანიასთან.
"გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, პრემიერის ინიციატივით შესყიდვის წესით რომელიმე კომპანიას მიეცემა ტკბილი ლუკმა", - განაცხადა შმაგი ჩოხელმა.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წევრების განცხადებით, საქმე გვაქვს საშიშ ტენდეციასთან, რადგან შსს-ს ყველა თანამშრომელი აღჭურვილი უნდა იყოს აუცილებელი პირობებით, პირველ რიგში კი ჯანმრთელობის დაზღვევით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა.