ზაქარია ქუცნაშვილი ალექსი პატრიაშვილის გუშინდელ განცხადებას ე.წ. კაბელემის საქმესთან დაკავშირებით ეხმაურება და აღიშნავს, რომ სიმართლე სასამართლოს გზით უნდა გაირკვეს. უმრავლესობის წარმომადგნელი ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მასაც არაერთი კითხვა აქვს.
„გამიხარდება, თუ მოქალაქეები, რომლებიც ბრალდებული არიან დანაშაულში, გამართლდებიან, თუ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საქმე ისეთ მძიმე დანაშაულთან, რომლის თაობაზეც საზოგადოება წინასწარ არის ინფორმირებული და დარწმუნებული. 7 ნოემბერს რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, რომ გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, ქართველი ხალხის ფულს იტაცებდნენ - ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, არის შეკითხვები და მე მოუთმენლად ველი სასამართლოს დასრულებას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
გუშინ „თავისუფალმა დემოკრატებმა" კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმ ხელშეკრულების გასაჯაროება, რომლითაც „დელტაკომი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-მომსახურებას უზრუნველყოფს. ალექსი პეტრიაშვილის მტკიცებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიას ძალოვანი უწყებიდან დიდი რაოდენობის თანხა გადაერიცხა.
თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სწორედ ინტერნეტ-მომსახურების შესყიდვების კანონდარღვევით განხორციელებაში და თანხების გაფლანგვაშია ბრალდებული.