არლეკინი, ორი ბატონის მსახური

არლეკინი, ორი ბატონის მსახური

თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 20 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, მილანის პიკოლოს, იგივე ევროპის თეატრი ითამაშებს ევროპაში ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს – “არლეკინი, ორი ბატონის მსახური“. (კარლო გოლდონის პიესის მიხედვით).

 

მილანის პიკოლოს თეატრი, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თეატრია იტალიაში, რომელიც 1947 წელს ჯორჯიო სტრელერისა და პაოლო გრასის თაოსნობით დაარსდა. 1950 წლიდან მოყოლებული თეატრმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გასტროლი გამართა და უამრავი მაყურებლის კეთილგანწყობა მოიპოვა, რაც, ჯორჯიო სტრელერის პროფესიონალიზმის დამსახურებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ტურნე, რომლის შემდგაც პიკოლოს თეატრმა ძალიან მოკლე დროში მოიპოვა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი თეატრის სტატუსი.

 

არლეკინი ოპერისა და თეატრის ლეგენდარულმა რეჟისორმა ჯორჯო სტელერმა 1947 წელს დადგა. სპექტაკლი სხვადასხვაგვარად აღიქვა მაყურებელმა. ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო მე-20 საუკუნის "კომედიის” ერთგვარი ინტერპრეტაცია, მეორე ნაწილს კი მიაჩნდა, რომ სპექტაკლი მსოფლიოში იტალიური კულტურის ელჩის ფუნქციას ასრულებდა.

 

მე-18 საუკუნის დრამატურგი კარლო გოლდონი მოგვითხრობს ვერაგ მსახურზე, რომელიც სამი ქორწილის, სასიყვარულო სცენების, ორი დუელის და დევნის შედეგად "კომედია დელ’არტეს” უნიკალურ პერსონაჟად ყალიბდება.