Interpressnews.ge
საქართველო-რუსეთის ომის შესახებ რენე ჰარლინის ფილმის მოკლე ნაწყვეტი ინტერნეტში გავრცელდა. ფილმს "აგვისტოს 5 დღე" ერქმევა.
კინოს შესახებ ინტერნეტბაზის (IMDB) მიხედვით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის თარიღად 2011 წლის მარტი სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ფილმის მსოფლიო პრემიერა შესაძლოა, "ბერლინალეს" ფარგლებში გაიმართოს, რომელიც გერმანიის დედაქალაქში თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ტარდება.
ამასთან, ქართული მხარის ინფორმაციით, რენე ჰარლინის ფილმის პრემიერის დრო ჯერ განსაზღვრული არ არის.
როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს შესახებ გადაღებული რენე ჰარლინის ფილმი კარგი გამოვიდა. მათივე თქმით, ჯერ გამოვლენილი არ არის ფილმის სადიტრიბუციო კომპანია, მისი შერჩევა უკვე მიმდინარეობს. სადისტრიბუციო კომპანია დაადგენს, როდის შედგება ფილმის პრემიერა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე ნახა, თუმცა ფილმში ენდი გარსიას როლის სიმცირით უკმაყოფილო დარჩა. ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის როლს ასრულებს.
პაპუნა დავითაიას პრესსამსახურში კი, ამასთან დაკავშირებით განაცხადეს - "შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტს ფილმი არ უნახავს".
რენე ჰარლინის ფილმი საქართველო-რუსეთის ომს ეძღვნება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი, ენდი გარსია, დინ კეინი და სხვები.