ცოტა ხნის წინ, ქართულმა ტელევიზიებმა დიდი სიხარულით გვამცნეს, რომ თბილისში 21–22 ოქტომბერს ნიუ-იორკის ფილარმონიის ცნობილი ორკესტრი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ამერიკელებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს და ამის მიზეზად უპირველსად, ქართული მხარის მიერ ფინანსური საკითხების მოუგვარებლობა დაასახელეს.
ამერიკელებს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ – დავით ცხადაძემ წერილი მისწერა, სადაც წერია, რომ ქართულ მხარეს ფინანსური სირთულეები გაუჩნდა და ამის გამო, ამერიკელების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება.
აღნიშნულმა წერილმა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო, რადგან ასეთი სახელგანთქმული ორკესტრები წლის განრიგებს წინასწარ ადგენენ და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან, ასე ხელაღებით კონტრაქტის დარღვევამ ამერიკელი მუსიკოსები ბუნებრივია ძალიან გაანაწყენა.
კულტურის სამინისტროში ამ საკითხზე ჟურნალისტებს არ ესაუბრებიან და აღნიშნულ მათთვის საჩოთირო თემაზე კომენტარს არათუ კულტურის მინისტრი, სამინისტროს რიგითი თანამშრომლებიც კი არ აკეთებენ.
ხოლო, ამერიკელების თბილისში ჩამომყვანი კომპანიის – “ისტერნ პრომოუშენის“ დირექტორი, მიხეილ გიორგაძე კი ამბობს, რომ ეს პროექტი საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ამერიკიდან 150 კაცამდე ადამიანი უნდა ჩამოგვეყვანა და პროექტის სწორედ ამ სიძვირის გამო, კულტურის სამინისტრომ, ფულის გამოყოფაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადაო.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელები ხშირად აპელირებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაცვაზე და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტი კი, ხელისუფლების მხრიდან, მათივე განცხადებების ძირეულად საწინააღმდეგოს დამოკიდებულებას ამტკიცებს..