პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა ლიბერალური ხდება. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული პროექტის გათვალისწინებით , რომლის ინიცირების საკითხიც პარლამენტის დღის წესრიგში დგას, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონიდან ამოდის შეზღუდვები, რომელიც კანონში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვისას მიიღო.
პარტიების დაფინანსების სადღეისოდ აკრძალული უფლება უბრუნდებათ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებს. პროექტის თანახმად, თითოეულ იურიდიულ პირს პოლიტიკური გაერთიანების წელიწადში არაუმეტეს 120 ლარით დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, პარტიას ვერ დააფინანსებს ისეთი იურიდიული პირი, რომლის სააწესდებო კაპიტალის 10%-ზე მეტი სახელმწიფოს ეკუთვის.
ინტერფრაქციულ ჯგუფში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიებს კრედიტის, სესხის აღების უფლებაც ეძლევა, რასაც დღეს კანონი ცალსახად კრძალავს. პროექტის მიხედვით, პარტიის მიერ აღებული სესხის საერთო რაოდენობა წელიწადში ერთ მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
დაგეგმილია კანონიდან პარტიათა დაფინანსების მიმართულებით იმ შემზღუდველი ნორმის ამოღებაც, რომელიც ამბობს, რომ თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.
კანონიდან ასევე ამოდის შემდეგი შინაარსის ჩანაწერები: "მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება", "კანონისთვის სხვაგვარად გვედრის ავლა", რაც პარტიათა დაფინანსების კონტექტშია გამოყენებული.
ამასთან, პარტიათა საქმიანობის, მათ შორის ფინანსური ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით კანონში გამოყენებული სიტყვა "წელი" 1 ნოემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდით აღარ იქნება განსაზღვრული, რადგან "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონიდან შესაბამისი ნორმის ამოღებაც იგეგმება.