ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე მისი გუნდის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
არველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი და მისი გუნდის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აღნიშნულ ვიდეოებთან დაკავშირებით მისი გუნდის წევრებიდან რომელიმე მათგანი სამართალდამცველების მიერ დაიკითხა.
"როგორც ჩანს, ხელისუფლების დიდი პრობლემაა, რომ ამ ვიდეობის გავრცელების ყველა კვალი სწორედ მათკენ, ან იმ ადამიანებისკენ მიდის, რომელთა გამოააშკარავებაც ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი დიდი ხნის აპრობირებული ტაქტიკა გამოიყენონ. მინდა, გითხრათ, რომ ეს ტაქტიკა საკმაოდ შეზღუდული ფანტაზიისაა და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ჩვენი პრობლემა სააკაშვილს დააბრალონ. ხელისუფლების ფანტაზია, როგორც ჩანს, დღეს ამ ტაქტიკას ვერ ცდება, რომ ყველაფერი სააკაშვილს დაბრალდეს. ამ შემთხვევაშიც დაინახეს, რომ ეს მათი უშუალო პრობლემაა და ახლა გადაწყვიტეს, რომ ისრები სააკაშვილის მისამართით გადაყარონ. მოვითხოვ, კონკრეტული ინფორმაციის გამოქვეყნებას, თუ საიდან, როგორ მოხვდა საერთოდ ეს ვერსია, რატომ იქცა ეს ვერსია ხელისუფლების მთავარი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მიერ გასარჩევად მაშინ, როდესაც არანაირი გამოძიება არ განხორციელებულა", - განაცხადა არველძემ.
ამასთან, არაველაძეს არ ესმის რატომ ჭიანურდება გამოძიება, როდესაც ის შეიძლებოდა, რამდენიმე საათში დასრულებულიყო.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი "ვერსიის" ცნობით, "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად გიორგი არველაძის გუნდის წევრია.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, შს სამინისტრომ Hammad Zaman-ის ნამდვილი ვინაობა უკვე დაადგინა და youtube-ზე სკანდალური ვიდეოს გამავრცელებელს მალე დააკავებს.
კულუარული ვერსიითვე, Hammad Zaman მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ვიდეოს დამზადებისა და სოციალურ ქსელში გავრცელების დეტალები გაასაჯაროოს.