სამხედრო ჟურნალისტის კობა ლიკლიკაძის განცხადებით, "ალბათ, მეტი ფიქრი იმაზე უნდა იყოს, თუ რამდენად საჭიროა ჰელმანდის პროვინციაში ამხელა ქვედანაყოფის არსებობა".
"პირWელის" კითხვაზე, რამდენად შეიძლება, საფუძვლიანი იყოს გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ყოფნის კადრები, სადაც ის ქართველ ჯარისკაცებს ეკითხება, თუ ვინ რამდენი ტერორისტი მოკლა და ასევე ის, რომ "თალიბანის" სახელით ინტერნეტში მუქარის შემცველი ვიდოების გავრცელებაში შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, კერძოდ კი, გიორგი არველაძის გუნდის ხელი ერიოს და ეს ყველაფერი ნატო-ს სააწინააღმდეგო კამპანიის აგორებას ემსახურებოდეს, სამხედრო ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ "ასეთ დროს, ასეთი ურთიერთბრალდებები ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს".
"აღნიშნული სტატია არ წამიკითხავს და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, თუ რამდენად საფუძვლიან არგუმენტებს ემყარება ასეთი მძიმე დასკვნა. საერთოდ, ახლა გლოვის დღეა საქართველოში. 6 ივნისს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები მიწას არ მიუბარებიათ და ასეთ დროს, ასეთი ურთიერთბრალდებები ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ალბათ, მეტი ფიქრი იმაზე უნდა იყოს, თუ რამდენად არის საჭირო ჰელმანდის პროვინციაში ამხელა ქვედანაყოფის არსებობა ასეთი ფორმით და ფუნქციით? როგორ შეიძლება, შემდგომში ტრაგიკული ინცინდენტების თავიდან აცილება და არა კამათი იმ საეჭვო ვიდეო-ჩანაწერზე, რომლის შემქმნელებმა თავის მიზანს ნაწილობრივ უკვე მიაღწიეს - დათესეს შიში და ეჭვი და კიდევ უფრო გააღრმავეს უნდობლობა ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა საზოგადოებრივი აზრი საქართველოში და რამდენად არამოტივირებულები არიან პოლიტიკური ძალები იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელზეც თავად არიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა ლიკლიკაძემ.