პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურებამდე შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს, რომლითაც იმ პირებს, ვისაც უკანონო არქივი ხელთ აქვთ, მიეცემათ გამოძიებისთვის წარდგენის საშუალება, რითაც პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამნისტიას მიეცემა სამართლებრივი მხარე, რათა მას ჰქონდეს იურიდიული ფორმა და ხალხი დარწმუნდეს პირადი არქივის სრულად განადგურებაში. "საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა და იმედი, რომ ეს არქივი ისევ არ დარჩება. თუკი იგი აღმოჩნდება ვინმეს ხელში ან არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც უკვე აქვს რაღაც დოკუმენტაცია ამ უკანონო ჩანაწერების, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება ამნისტიციის გამოცხადება. ეს იქნება მოკლევადიანი, რომლის განმავლობაშიც, მიეცემათ საშუალება, რომ გამოძიებას წარუდგინონ. ისინი ამით გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან. საუბარია იმ პირებზე, ვისაც შეიძლება ეს აღმოაჩნდეს ნებით თუ უნებლიედ და იმათზე, ვინც უკანონოდ ახორციელებდა მის მოპოვებას. ამ ამნისტიციის სამართლებრივ მხარეზე შეიძლება ვიფიქროთ და მივცეთ ამ ყველაფერს ფორმა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ განცხადება და მას ჰქონდეს რაღაც იურიდიული ფორმა. ამაზე ჩვენ ამ დღეებში დავილაპარაკებთ და ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყბადაღებული არქივის განადგურება არის კანონის მოთხოვნა და ის სახალხო დამცველის ოფისთან და უფლებადამცველებთან ერთად განადგურდება. მისივე განცხადებით, სასურველია პროცედურები წინასწარ იყოს გაცხადებული.