"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ იქნას ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც "ქართული ოცნებისგან" დავალებული არ იქნება.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა.
"მოგეხსენებათ, რომ 20 მაისს "სახალხო კრების" თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. იმავე საღამოს, "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო შეიკრიბა, ეს სიახლე პოზიტიურად მიიღო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ვფიქრობ, ამის შემდეგ აღარ იქნება კითხვები, ვიღებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილების მიღებისას უმთავრესი გახლდათ ის, რომ ქვეყანა თავისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება, როცა ქვეყნისთვის დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ხელისუფლებას, საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდმივი კონტროლი სჭირდება, რადგან საზოგადოება ვერ მოახერხებს ხელისუფლების კონტროლს იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლება მონოპოლიზებული იქნება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როგორი კარგიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, ჩვენ ყველას ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. ერთპარტიული სისტემის არსებობის პირობებში აუცილებლად იწყება ძალიან სერიოზული პრობლემები, შეცდომების დაშვება, რაც ჩვენ თავიდან უნდა აუცილებლად ავირიდოთ. "ქართული ოცნების" ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრა ნამდვილად საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ იქნას არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, არამედ ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც "ქართული ოცნებისგან" დავალებული არ იქნება. ასევე არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალისგან დანიშნული და სახალხო, საყოველთაო არჩევნებით იქნება არჩეული", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "აუცილებელია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის არსებობა, რაც დაპირისპირებას არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს".
"ეს ნიშნავს კონტროლს და რეგულირებას. ნებისმიერ ქვეყანაში კითხვაც კი არ ისმება, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს პოლიტიკური გამოცდილება, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% სხვა სახელმწიფს ჯარების მიერ არის დაკავებული, სადაც ორი გადაუწყვეტელი ეთნიკური კონფლიქტი გვაქვს და სადაც ძალიან ბევრი ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა. ამასთან, საჭიროა საერთაშორისო ენაზე ინფორმაციის სწორად მიწოდება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.