საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 26 მაისის აქციის დაშლამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იმყოფებოდა. როგორც შაშკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან უშუალოდ მოისმინა მინისტრისგან, თუ რა ბრძანება გასცა და მზად არის დაადასტუროს, რომ 25 მაისს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იმყოფებოდა.
"რაც შეეხება 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მე მაშინ ვიყავი განათლების მინისტრი და 25 მაისს, 23 საათზე ვიყავი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, აბსოლუტურად სხვა საქმეზე. ამ დროს გია ლორთქიფანიძემ, რომელიც იყო მისი მოადგილე, მოახსენა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სპეცრაზმის გამოჩენისთანავე მომიტინგეებმა დაიწყეს ჯაჭვების გაბმა ბარიერების ირგვლივ. უფრო მარტივად რომ ვთქვა, სპეცრაზმი გამოჩნდა ფილარმონიის მხრიდან და მთლიანად ეს ტერიტორია, სადაც იმყოფებოდნენ მომიტინგეები, გარშემორტყმული იყო ბარიერებით. მომიტინგეებმა, როგორც მოადგილემ ვანო მერაბიშვილს მოახსენა, 11 საათზე დაიწყეს მსხვილი ჯაჭვებით გამაგრება ბარიერების. ეს ჯაჭვები ასე რომ დარჩენილიყო, სპეცოპერაციის დაწყებისთანავე მოხდებოდა ჭყლეტვა და 9 აპრილის მოგონება იქნებოდა. ჩემს თვალწინ შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე მომხდარიყო გადაჭრა ამ ჯაჭვების. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი რუსთაველის კინოთეატრთან მიიპარა ამ ბარიერებთან და გადაჭრა ეს ჯაჭვები. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სპეცოპერაციის დაწყებისთანავე ხალხს ჰქონოდა შესაძლებლობა ტერიტორიიდან გასულიყო", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მომიტინგეებს საშუალება არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების, ვანო მერაბიშვილის ბრძანებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა.
ამასთან, როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს, ის ვანო მერაბიშვილთან ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა და ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია.
"ვანო მერაბიშვილი არის კარგი მენეჯერი და ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ვანო მერაბიშვილის დაკავება ან წინასწარი პატიმრობა არაფერ კარგს არ მოგვიტანს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყანა გახდა მძევალი რევანშისტულად განწყობილი პატარა ჯგუფების, რომელთაც შურისძიება და ვენდეტა სურთ. არავითარი კარგი რევანშისტულ ისტერიას ქვეყნისთვის არ მოაქვს, ეს ისტერია უნდა დამთავრდეს და ამისთვის ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს. ხშირად მესმის ასევე მთავრობისგან რომ ასრულებენ საზოგადოებრივ დაკვეთას, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან საზოგადოებრივი დაკვეთა არის რეალურად ის, რომ ხალხმა იცხოვროს კარგად და ჰქონდეთ შემოსავალი", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.