საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს დააყენებს.
"მე მექნება საშუალება, მივმართო მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს და წარვუდგინო ჩვენი პოზიცია უკანანსკნელ ხანს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმის იმ დარღვევებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში, მხედველობაში მაქვს მავთულხლართების განლაგება ოკუპირებული საზღვრის გასწვრივ. მე ძალიან მწვავედ დავსვამ ამ საკითხს, მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება და მკაცრად მოუწოდონ რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიცვას და ასევე, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-7 კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ანგარიში 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.